გადაწყვეტილება №20379/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20379/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 26.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20379/2/2023).
დავის საგანი:
1. სატრანსპორტო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების ოპერაციის ფორმის შინაასთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №056-57 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16841 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 325 979 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 165 665
დღგ - 12 778
მოგების გადასახადი - 62 803
საშემოსავლო გადასახადი - 88 337
ქონების გადასახადი - 1 747
ჯარიმა - 103 876 20
საურავი - 56 438
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 21.12.2022 წლის №32181 ბრძანება და №056-57 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16841 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: დავების განხილვის საბჭოში არსებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა არაპირდაპირი მეთოდის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
ბ) ზედნადებში შპს „------“-ის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცდომით მითითებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16841 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სატრანსპორტო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომობილები ფიქსირდება სხვადასხვა ზედნადებებში (არც გამყიდველი და არც შემსყიდველი პირი არ არის შპს „-----“), როგორც სატრანსპორტო საშუალება. გარდა აღნიშნულისა გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, ასევე, ფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვებშიც (საზღვრის კვეთებში). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სატრანსპორტო (ტვირთის გადაზიდვის) მომსახურებების გაწევიდან არასრულად აქვს დეკლარირებული მიღებული შემოსავლები (გარკვეულ ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც ასახულია დეკლარაციებში).
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განსაზღვრული იქნა დამატებით გაწეული სატრანსპორტო მომსახურებების (როგორც ადგილობრივი, რაც დაიბეგრა დღგ-ით, ასევე საერთაშორისო, რაც დაექვემდებარა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას) რაოდენობა, რაზეც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები. თითოეულ ასეთ რეისზე შემოსავლები გაანგარიშებული იქნა გადამხდელის მიერვე დეკლარირებული მონაცემებიდან (გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით) და ასევე გადამხდელის მოწოდებული ახსნა-განმარტების (გაწეული სატრანსპორტო, ტვირთის გადაზიდვის, მომსახურების ღირებულებების შესახებ) მიხედვით.
მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის (1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის) თანახმად დამატებით განესაზღვრა დღგ. ამასთანავე, დამატებით მიღებული თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1. სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების ფასის დადგენასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა გადამხდელის მიერვე დეკლარირებული მონაცემებიდან (გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით) და ასევე, გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტების (გაწეული სატრანსპორტო, ტვირთის გადაზიდვის, მომსახურების ღირებულებების შესახებ) მიხედვით.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების ფასის დადგენის მეთოდი შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. არაპირდაპირი მეთოდის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში მომსახურების მიმღები თავად ადასტურებს სატრანსპორტო მომსახურების ფასს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. სატრანსპორტო მომსახურებისას საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ორ სასაქონლო ზედნადებში მითითების საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გამოვლინდა, რომ საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომობილები ფიქსირდება სხვადასხვა ზედნადებებში და საწარმოს სატრანსპორტო (ტვირთის გადაზიდვის) მომსახურებების გაწევიდან არასრულად აქვს დეკლარირებული მიღებული შემოსავლები. შემოწმების შედეგად განსაზღვრული იქნა დამატებით გაწეული სატრანსპორტო მომსახურებების რაოდენობა, რის მიხედვითაც გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სასაქონლო ზედნადებში შპს „-----“-ის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცდომით მითითებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვით, ერთ-ერთ ზედნადებში საქონლის გამყიდველი კომპანიის მიერ შეცდომით არის მითითებული გადამხდელის ავტოსატრანსპორტო საშუალება და აღნიშნულ კომპანიასთან (გამყიდველთან) შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო მომსახურების გაწევაზე რაიმე სახის გარიგება არ არის გაფორმებული.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველი საკითხის ფარგლებში დაყენებული მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა ფაქტობრივად სრულად, თუმცა შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 №16841 გადაწყვეტილებით სავარაუდოდ არ დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა, რადგან აღნიშნული მითითებული არ არის:
1. საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით „კომპანიის“ შემოსავლების გაანგარიშებისას, ერთი ერთეული სატრანსპორტო მომსახურების საშუალო ფასი გამოიყვანა დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი მაქსიმალური სატრანსპორტო მომსახურების ფასისა (900 ლარი) და მინიმალური სატრანსპორტო ფასის (300 ლარი) საშუალო არითმეტიკულით (= [900 ლარი + 300 ლარი] / 2) და განსაზღვრა - 600 ლარით. საგადასახადო ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, თუ რა რაოდენობის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა მოხდა შესამოწმებელ პერიოდში მაქსიმალური მომსახურების ტარიფით და რა რაოდენობის მომსახურების - მინიმალური ტარიფით, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარა სატრანსპორტო მომსახურების საშუალო შეწონილი ფასის გაანგარიშება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს - 425,43 ლარს (= დოკუმენტური სატრანსპორტო მომსახურების თანხა [99 550,95 ლარი] / სატრანსპორტო მომსახურების რაოდენობა [234 ერთეული] ).
2. საგადასახადო ორგანომ „კომპანიის“ მიერ ქვეყნის შიგნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურების რაოდენობაში ჩართო ისეთი ზედნადებები, რომელშიც მართალია ფიქსირდება „კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუმცა გამოწერილ ზედნადებში მითითებულია რომ ტრანსპორტირებს ხარჯის გაწევა ხდება მყიდველის მიერ, რომლის (მყიდველის - შპს -----ს) მიერ გამოწერილი ზედნადებები ასევე ჩართული იქნა საანგარიშო პერიოდში გაწეული სატრანსპორტო მომსახურების რაოდენობაში, კერძოდ რეალიზაცია ხორციელდებოდა შემდეგი ფორმით:
შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“ შპს „------“, შპს „------“ და შპს „-------“ იძენდა ხორბალს, რომლის მიწოდებასაც შპს „-------“ ახორციელებდა -------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ------ში მდებარე წისქვილკომბინატისთვის. საქონლის მყიდველი - შპს „------“ თავად უზრუნველყოფდა შეძენილი ხორბლის ტრანსპორტირებას გამყიდველების ტერიტორიიდან წისქვილკომბინატამდე, რაც ეთითებოდა კიდეც გამყიდველების მიერ გამოწერილ პირველად დოკუმენტებში (ელ. სასაქონლო ზედნადებებში). გამყიდველები პირველად დოკუმენტებში უთითებდნენ, რომ ტრანსპორტირება ხორციელდებოდა მყიდველის - შპს „------ს“ ხარჯზე. თავის მხრივ, შპს „------“ მის მიერ წისქვილკომბინატისთვის გამოწერილ პირველად დოკუმენტებში სატრანსპორტო საშუალებად უთითებდა „კომპანიის“ საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. შესაბამისად, ერთი და იგივე სატრანსპორტო მომსახურებისას „კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება 2 სასაქონლო ზედნადებში ხვდებოდა, პირველად ავტოსატრანსპორტო საშუალება ხვდებოდა გამყიდველების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში მყიდველზე - შპს -----ზე ხორბლის რეალიზაციის მომენტში. შპს -------ს მიერ შეძენილი ხორბალი გამყიდველების ტერიტორიიდან პირდაპირ გადაიზიდებოდა წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე. ხორბლით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე ელოდებოდნენ თავის რიგს, რის შემდეგადაც წისქვილკომბინატის წარმომადგენლის მიერ ხდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული ხორბლიდან ნიმუშის აღება ტესტირების მიზნით და ტესტირების დადებითი პასუხის შემთხვევაში, ავტომობილში არსებული ხორბლის აწონვა. აწონვის შემდეგ შპს -------ს მიერ ხდებოდა წისქვილკომბინატისთვის სასაქონლო ზედნადების გამოწერა, რომელშიც გადამზიდავად ასევე ეთითებოდა „კომპანიის“ კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
იურიდიული დასაბუთება (მოთხოვნა):
„კომპანია“ მიიჩნევს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო მომსახურების (ქვეყნის შიგნით) გაწევიდან მისაღები „კომპანიის“ შემოსავლების გაზრდა მოხდა იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, შემდეგი გარემოებების გამო:
- არაპირდაპირი მეთოდით „კომპანიის“ სატრანსპორტო შემოსავლების განსაზღვრისას, ერთი ერთეული სატრანსპორტო მომსახურების ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა საშუალო არითმეტიკული ფასით (600 ლარი), არამედ საშუალო შეწონილი ფასით (425,43 ლარი).
- არაპირდაპირი მეთოდით „კომპანიის“ სატრანსპორტო შემოსავლების განსაზღვრისას, მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული ის ზედნადებები, რომელშიც გადამზიდავის ხარჯი წარმოადგენს დამკვეთის პასუხისმგებლობას (ე.ი. გადამზიდავის ხარჯს ანაზღაურებს დამკვეთი) და ამასთან დამკვეთი იგივე მიწოდებაზე თავის მხრივ გამოწერს ზედნადებს. რადგან ერთ მიწოდებაზე გამოწერილი ორი ზედნადების დასაბეგრ მომსახურებად განხილვა მოკლებულია იურიდიულ საფუძველს და დასაბუთებულობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის 27.102.2023 წლის №108731-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, ერთის მხრივ - რომ არ მომხდარიყო შემოსავლების გაორმაგება (გარკვეულ შემთხვევებში გადამხდელსაც ჰქონდა აღნიშნულ მომსახურებებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები), საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა მომსახურების საშუალო ღირებულებით (რომელიც აღებულია გადამხდელისვე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებიდან და ასევე მისივე ახსნა-განმარტებიდან), კერძოდ განისაზღვრა გადაზიდვების რაოდენობა, გაიმიჯნა ის გადაზიდვები, რომლებზეც გამოწერილი იყო ანგარიშფაქტურები, ხოლო დარჩენილ გადაზიდვებზე გავრცელდა საშუალო მომსახურების ღირებულება (ადგილობრივზე და საერთაშორისო გადაზიდვებზე გავრცელდა შესაბამისი ფასები). ამასთანავე, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებების ღირებულებები გადამოწმდა ანალოგიური ტიპის შემოწმებებში დაფიქსირებული მონაცემებთან. დადგინდა, რომ სადავო შემთხვევაში გავრცელებული ღირებულებები არ აღემატებოდა ანალოგიურ მონაცემებს. მეორეს მხრივ - გადამხდელის არგუმენტები უსაფუძვლოა იმ შემთხვევაშიც, რომლის დროსაც აღნიშნავს, რომ გადაზიდვებში სატრანსპორტო საშუალებად შეცდომით იყო მითითებული „კომპანიის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, რადგან თავის მხრივ მოხმარებულია/გახარჯულია საწვავი, რომელიც შესაბამისობაშია გადაზიდვების რაოდენობასთან.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით მომჩივნის შემოსავლების გაანგარიშებისას, ერთი ერთეული სატრანსპორტო მომსახურების საშუალო ფასი გამოიყვანა დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი მაქსიმალური სატრანსპორტო მომსახურების ფასისა (900 ლარი) და მინიმალური სატრანსპორტო ფასის (300 ლარი) საშუალო არითმეტიკულით და განსაზღვრა - 600 ლარით. მიაჩნია, რომ სატრანსპორტო მომსახურების ფასის განსაზღვრის აღნიშნული მეთოდი არამართებულია და ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა საშუალო არითმეტიკული ფასით, არამედ კილომეტრაჟის მიხედვით ან საშუალო შეწონილი ფასით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, დამატებით შესწავლას საჭიროებს სატრანსპორტო მომსახურების ფასის განსაზღვრის მეთოდი, ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების ოპერაციის ფორმის შინაასთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახდენს ხორბლის შეძენას სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიისგან. ------ის შემთხვევაში კომპანია ბუღალტრულად ნაღდი ფულის გატანას და გადახდას იწყებს 2021 წლის 16 ივლისიდან, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენები დაწყებული აქვს 2021 წლის 14 ოქტომბრიდან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეძენების დაწყებიდან ოპერაციები (შეძენილი საქონლის ღირებულება და გადახდილი თანხის ოდენობა) თანხობრივად შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო თავდაპირველი გატანილი თანხები მუდმივად აღრიცხული აქვს წინასწარ გადახდილად. შემოწმებისას საწარმომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადახდილი თანხები განხილული იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ სესხის ძირითად თანხაზე საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაანგარიშებული იქნა ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი არარეზიდენტი კომპანიის -------ისთვის ნაღდი ფულის გადახდას (ნაღდი ფულის გატანა ანგარიშებიდან) იწყებს 2021 წლის 16 ივლისიდან, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენები დაწყებული აქვს 2021 წლის 14 ოქტომბრიდან. შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, საიდანაც ირკვევა, რომ შეძენების დაწყების შემდეგ შეძენილი საქონლის ღირებულება და გადახდილი თანხის ოდენობა თანხობრივად შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო თავდაპირველი გატანილი თანხები გადამხდელს აღრიცხული აქვს წინასწარ გადახდილად და ამასთან, საწარმომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად განსახილველ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის ნაშთის გაცემა განხორციელდა მასთან დადებული გარიგების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მომწოდებელი „კომპანიის“ მიერ გადახდილი ავანსის თანხების საშუალებით ახდენს სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან ხორბლის მოსავლის შესყიდვას და მის მოწოდებას „კომპანიისთვის“. ვინაიდან მომწოდებლის მიერ თავის მხრივ ხორბლის შესყიდვა ხორციელდება „კომპანიის“ მიერ გადახდილი ავანსის თანხების მეშვეობით, მომწოდებელი „კომპანიას“ უმეტესწილად ხორბალს აწვდის საბითუმო საბაზრო შესყიდვის ფასზე 10%- მდე ნაკლები ფასით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ფასდაკლებას აღნიშნულ სექტორში.
- „კომპანიას“ გააჩნია უცხოელ მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტები, ასევე მისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია „კომპანიის“ ბუღალტრულ ჩანაწერებთან და რომლის შესაბამისადაც კომპანიას უცხოელ მომწოდებელთან უფიქსირდება ავანსად გადახდილი თანხა.
-------- -თან გაფორმებული შედარებისა და თანხის გადაცემის აქტები.
იურიდიული დასაბუთება:
„კომპანია“ მიიჩნევს, რომ საანგარიშო პერიოდის ბოლოს არარეზიდენტი მომწოდებლის მიმართ არსებული ავანსის თანხების უპროცენტო სესხად ჩათვლა მოხდა იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, შემდეგი გარემოებების გამო:
- შემოწმების პროცესში „კომპანიამ“ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა არარეზიდენტი მომწოდებლისთვის თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შედარების აქტები, რომელიც საგადასახადო ორგანომ შემოწმების პროცესში არ გაითვალისწინა;
- არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლისთვის საჭირო წინამძღვრები და „კომპანიისთვის“ დამატებით დარიცხული გადასახადები ექვემდებარება გაუქმებას/შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ. გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახდენს ხორბლის შეძენას სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიისგან. ------ის შემთხვევაში კომპანია ბუღალტრულად ნაღდი ფულის გატანას და გადახდას იწყებს 2021 წლის 16 ივლისიდან, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენები დაწყებული აქვს 2021 წლის 14 ოქტომბრიდან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეძენების დაწყებიდან ოპერაციები (შეძენილი საქონლის ღირებულება და გადახდილი თანხის ოდენობა) თანხობრივად შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო თავდაპირველი გატანილი თანხები მუდმივად აღრიცხული აქვს წინასწარ გადახდილად. შემოწმებისას საწარმომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადახდილი თანხები განხილული იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ სესხის ძირითად თანხაზე საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაანგარიშებული იქნა ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის ნაშთის გაცემა განხორციელდა მასთან დადებული გარიგების შესაბამისად, ვინაიდან მომწოდებლის მიერ თავის მხრივ ხორბლის შესყიდვა ხორციელდება „კომპანიის“ მიერ გადახდილი ავანსის თანხების მეშვეობით, მომწოდებელი „კომპანიას“ უმეტესწილად ხორბალს აწვდის საბითუმო საბაზრო შესყიდვის ფასზე 10%-მდე ნაკლები ფასით, სწორედ ამიტომ დაახლოებით 200 000 ლარი წინასწარ ჰქონდა დეპოზიტზე დადებული, აღნიშნული განპირობებული იყო ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, რაც დასტურდება უცხოელ მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტებით, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით.
აუდიტის დეპარტამენტის 27.102.2023 წლის №108731-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული ანალიზიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაცია 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხილული იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ უპროცენტო სესხად (ვერ დგინდებოდა ხელშეკრულებით ავანსების (წინასწარ 3 თვით ადრე) გადახდის ვალდებულება, სხვა შემთხვევებში (მათ შორის იმავე ფირმაზე) გადახდა და საქონლის მიწოდება შესაბამისობაშია თარიღებში და თანხებში. ამასთანავე აღნიშნული გადახდილი თანხების (ე.წ. ავანსის) განაშთვა არ ხდება თუნდაც დროის განმავლობაში. არ ფიქსირდება საზღვრის კვეთისას ასეთი თანხების დეკლარირება.
ამასთან სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მომჩივანს მაგალითისათვის შემოაქვს 40 000 ლარის საქონელი, ხოლო სადეპოზიტო ანგარიშზე მუდმივად აქვს ცვალებადი თანხა 200 ათასიდან 270 ათას ლარამდე, არ დასტურდება, რომ ამ გარიგების ფარგლებში იყო აღნიშნული თანხა არარეზიდენტისათვის გადახდილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არარეზიდენტისათვის გადახდილი თანხების დასახელებულ გარიგებასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რაც შემოწმებისას დადგენილი კვალიფიკაციის და შესაბამისად, ავანსის თანხის არარეზიდენტზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლის არამართებულობას დაადასტურებდა. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №056-57 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 103 876 ლარი და საურავი - 56 438 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია“ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში ახდენდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას;
- სადავო საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე „კომპანიას“ რაიმე სახის საგადასახადო სანქცია დაკისრებული არ აქვს;
- საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევები გამოწვეულია „კომპანიის“ ფინანსურ/საგადასახადო ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის შეცდომით/არ ცოდნით, და „კომპანიას“ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის წინასწარგანზრახული მოტივი არ ჰქონია.
- საგადასახადო ორგანოს მიერ „კომპანიისთვის“ დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლით, რასაც „კომპანია“ წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.
კომპანია“ მიიჩნევს, რომ დავის განმხილველმა ორგანომ უნდა ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მისთვის მინიჭებული უფლებით და დაავალოს საგადასახადო ორგანოს „კომპანიისთვის“ დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხების კორექტირება (შემცირება) შემდეგი გარემოებების გამო:
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.“
- მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „კომპანია“ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელმა საგადასახადო სამართალდარღვევა ჩაიდინა არა განზრახ არამედ არ ცოდნით, შესაბამისად - მოცემულია, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციისაგან გადამხდელის გათავისუფლების წინამძღვრები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16841 ბრძანება;
3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სატრანსპორტო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების ოპერაციის ფორმის შინაასთან შეუსაბამობის საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომობილები ფიქსირდება სხვადასხვა ზედნადებებში (არც გამყიდველი და არც შემსყიდველი პირი არ არის მომჩივანი), როგორც სატრანსპორტო საშუალება. გარდა აღნიშნულისა გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, ასევე, ფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვებშიც (საზღვრის კვეთებში). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სატრანსპორტო (ტვირთის გადაზიდვის) მომსახურებების გაწევიდან არასრულად აქვს დეკლარირებული მიღებული შემოსავლები. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განსაზღვრული იქნა დამატებით გაწეული სატრანსპორტო მომსახურებების (როგორც ადგილობრივი, რაც დაიბეგრა დღგ-ით, ასევე საერთაშორისო, რაც დაექვემდებარა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას) რაოდენობა, რაზეც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები. მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, საწარმოს დამატებით განესაზღვრა დღგ. ამასთანავე, დამატებით მიღებული თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახდენს ხორბლის შეძენას სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიისგან. ერთის შემთხვევაში კომპანია ბუღალტრულად ნაღდი ფულის გატანას და გადახდას იწყებს 2021 წლის 16 ივლისიდან, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენები დაწყებული აქვს 2021 წლის 14 ოქტომბრიდან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეძენების დაწყებიდან ოპერაციები (შეძენილი საქონლის ღირებულება და გადახდილი თანხის ოდენობა) თანხობრივად შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო თავდაპირველი გატანილი თანხები მუდმივად აღრიცხული აქვს წინასწარ გადახდილად. შემოწმებისას საწარმომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული გადახდილი თანხები განხილული იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით.
2. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №056-57 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 103 876 ლარი და საურავი - 56 438 ლარი.
გადაწყვეტილება
პირველ საკითხთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, დამატებით შესწავლას საჭიროებს სატრანსპორტო მომსახურების ფასის განსაზღვრის მეთოდი, ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 73(5"ა")(9"ბ"), 49(1"ე"), 61(3), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა"), 97(1"ბ""გ"), 982(3"ზ")(8), 983(1), 269(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").