ბრძანება N 13463
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13463
14.06.2023
ი/მ ---ს (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 28 აპრილის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) №80643/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის №188122 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმას და აღნიშნავს, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს ჩაბარდა 2022 წლის 16 დეკემბრის №21-14/114928 წერილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ინფორმაცია/დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ. განმარტავს, რომ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სრულად შეიცავს საბანკო ანგარიშები, რაც შემოწმების დასაწყისშივე იქნა წარდგენილი, შემმოწმებლის ელექტრონულ ფოსტაზე. ასევე, მის მიერ წარდგენილ იქნა შემდგომ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციაც, შესაბამისად, შემოწმებისთვის მიწოდებულია მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარის ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის № 31811 ბრძანებისა და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, დაინიშნა ი/მ ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. 2022 წლის 19 დეკემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2022 წლის 16 დეკემბრის №21-14/114928 წერილი, რომლის საფუძველზეც ი/მ ---ს (ს/ნ ---), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. 2022 წლის 29 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის ელექტრონულად გადაგზავნილ იქნა საბანკო ამონაწერები. გადამხდელთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მისი საქმიანობაა ლოჯისტიკური და სამშენებლო მომსახურების გაწევა, კერძოდ, სხვადასხვა იურიდიული პირებისთვის გაწეულია სამაცივრე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რაზეც ფორმდებობა ხელშეკრულება და მიღება - ჩაბარების აქტები, ასევე გაფორმებულია ხელშეკრულება ლოჯისტიკურ მომსახურებაზე. შემმოწმებლის არაერთჯერადი ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად წარდგენილი იქნა აღნიშნული დოკუმენტების ნაწილი, რის შემდეგაც 2023 წლის 9 მარტს გადამხდელს ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმეორებით გადაეგზავნა ზემოაღნიშნული შეტყობინება, ხოლო რაც შეეხება ლოჯისტიკურ მომსახურებას, გადამხდელმა არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერდ არ განმარტა კონკრეტულად რას გულისხმობდა აღნიშნულ მომსახურებაში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საჭირო და აუცილებელი იყო გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 400 ლარის ოდენობით (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188122).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).
კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ი/მ ---მ (ს/ნ --) ნაწილობრივ წარმოადგინა მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ი/მ --- (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის №188122 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი/მ --- (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის №188122 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმისგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის № 31811 ბრძანებისა და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, პირს დაევალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. შემმოწმებლის არაერთჯერადი ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად წარდგენილი იქნა აღნიშნული დოკუმენტების ნაწილი, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 400 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის №188122 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 70 (1, ა); 43 (1,4); 269 (1,7); 270 (1,2); 279 (1).