გადაწყვეტილება №18972/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18972/2/2023
23.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------- ------------ე (ს/ნ ---------------------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ ---------ის 27.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18972/2/2023).
დავის საგანი:
დაუბეგრავი ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №001-107 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.02.2023 წლის №1707 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 90 913 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 89 087
საურავი - 1 826
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივნის 2022 წლის ოქტომბრის თვის საგადასახადო პერიოდი. გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო ოქტომბრის თვის დეკლარაცია (№-------------), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი თანხა შეადგენდა ნულს. გამოწერილი ყველა ანგარი-ფაქტურა იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“, დღგ-ის თანხით 62 331.24 ლარი.
შესწავლის პერიოდში გადამხდელის მხრიდან 8.12.2022 წელს მოხდა დამატებით ფაქტურების გამოწერა, დასაბეგრ ფაქტურებსა და დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ის თანხებს შორის სხვაობამ შეადგინა 89 087.15 ლარი. 6.12.2022 წელს გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა კომუნიკაცია, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ, მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება და ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების 2022 წლის ოქტომბრის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგვრა. მომჩივანმა არ დააზუსტა დეკლარაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №001769 ბრძანებით მომჩივანს დაერიცხა დღგ 89 087.15 ლარი, რაზეც გამოიცა №001-107 საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანს 26.12.2022 წელს №001-107 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც ელექტრონულად გაეცნო ამავე დღეს. გაცნობის შემდგომ აღნიშნულ დღესვე წარმოადგინა ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია.
გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს მიმართა 10.02.2023 წელს დეკლარაციიდან ფაქტურების ჩახსნის თაობაზე წერილობით, რაზეც ეცნობა, რომ ჩახსნა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩამთვლელი მხარის მიერ მოხდებოდა აღნიშნული ფაქტურების ჩათვლიდან ამოღება.
აღნიშნული დოკუმენტაცია 27.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.02.2023 წლის №1707 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 69-ე მუხლის პირველი პუქნტით, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე რომ მომჩივანს შესაბამისი დეკლარაცია ქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დასაბეგრი თანხა შეადგენდა 89 087,15 ლარს და მიუხედავად გადამხდელთან კომუნიკაციისა, მომჩივნის მხრიდან არ მომხდარა აღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა დაარიცხა დაუბეგრავი ანგარიშ ფაქტურების დღგ, ოქტომბრის საოპერაციო პერიოდით. მომჩივნის მხრიდან მოხდა აღნიშნული თვის დაზუსტება და აღნიშნული ფაქტურების დაბეგვრა. შედარების აქტით, ერიცხება აღიარებული ძირითადი გადასახადი, 62 021 ლარი და დამატებითი დარიცხული 93 675.14 ლარი, რომელიც არ არის აღიარებული. დეკლარაციაში გათვალისწინებულია მიღებული ჩათვლები. გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოხდა დარიცხვის გაუქმება. მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში გაიარა კონსულტაცია, რომლის შედეგადაც მითითებულ იქნა, რომ მომჩივანს დეკლარაციიდან უნდა ჩაეხსნა ფაქტურები და დაეზუსტებინა დეკლარაცია. ჩახსნაზე მიიღო უარი, ვინაიდან, ჩამთვლელ მხარესაც უნდა ამოეღო ჩათვლიდან ეს ფაქტურები. დამკვეთმა უარი განუცხადა ფაქტურების ჩათვლიდან ამოღებაზე.
მომჩივანი ითხოვს, დარიცხვის გაუქმებასა და ორჯერ დაბეგრილი ფაქტურების დეკლარაციიდან ჩახსნა, რათა მოახდინოს დასაბეგრი ბრუნვის შემცირება, რომ არ მოხდეს ორმაგი დაბეგვრა, ვინაიდან, შაბლონური გზით ვერ ახერხებს ერთი და იგივე ფაქტურების ორჯერ დაბეგვრის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, რომ 7.03.2023 წელს გადამხდელმა დააზუსტა 2022 წლის ოქტომბრის დეკლარაცია და შეიმცირა დასაბეგრი დღგ-ის თანხა 89 087,15 ლარის ოდენობით, ხოლო 15.03.2023 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება გაორმაგებული დარიცხვა.
ზემოთხსენებულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილებისა საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.