ბრძანება N 44502-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 44502
18/12/2019
შპს --------------------
(მის: -----------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- N46798/1/2019 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის N006-835 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 1 ნოემბრის (ოქმი N78) და 13 დეკემბრის (ოქმი N90) სხდომებზე.
წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, გადამხდელი ითხოვს N006-835 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას და გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არასწორად არის დადგენილი საბოლოო ზარალის ჯამი. ამასთან, აუდიტის მიერ მითითებული თანხობრივი შედეგებითაც სულ სხვა ოდენობის ზარალით ამთავრებს კომპანია 2016 წელს.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 თებერვლის N3129 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 სექტემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება N33208 და N006-835 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 318 690,25 ლარი, მათ შორის, გადასახადი 762 029 ლარი, ჯარიმა 398 644 ლარი, საურავი 158 017,25 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ:
საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 195 386 ლარს, ხოლო ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი - 2 835 982 ლარს, მათ შორის, შეძენილი საქონელი - 2 262 555 ლარი, ხელფასის სახით განაცემები - 83 398 ლარი, სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალება - 319 076 ლარი, გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯი - 170 953 ლარი. შესაბამისად, დეკლარირებულმა ზარალმა შეადგინა - 391 314 ლარი.
შემოწმებით, სსკ-ის მე-100, 105-ე, 111-ე, 136-ე და 142-ე მუხლების მიხედვით დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი, რამაც გამოიწვია ზარალის შემცირება 94 880 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
სსკ-ის 147-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამდ, აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის.
სსკ-ის 136-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოს 2019 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი №2-ის მიხედვით, საკითხი ზარალის გაანგარიშების ნაწილში დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად, რომელსაც საკითხის დამატებითი შესწავლისას პრეტენზია არ გამოუთქვამს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, საკითხი დამატებითაა შესწავლილი შემმოწმებლის მიერ, ხოლო გადამხდელს შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს ----- 2019 წლის 22 ოქტომბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2.ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის მიერ დადგენილ ზარალს და. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ: საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 195 386 ლარს, ხოლო ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი - 2 835 982 ლარს, დეკლარირებულმა ზარალმა შეადგინა - 391 314 ლარი.
შემოწმებით, სსკ-ის მე-100, 105-ე, 111-ე, 136-ე და 142-ე მუხლების მიხედვით დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი, რამაც გამოიწვია ზარალის შემცირება 94 880 ლარით. შედეგად გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, საკითხი დამატებითაა შესწავლილი შემმოწმებლის მიერ, ხოლო გადამხდელს შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 105; 111; 136; 142; 147(2)