გადაწყვეტილება №27290/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.06.2026
№ დოკუმენტი 27290/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27290/2/2026

01 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 4.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27290/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17718 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 თებერვლის №001-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7788 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 96 488.39 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 50 929

საშემოსავლო გადასახადი - 50 790

ქონების გადასახადი - 139

ჯარიმა - 27 461

საურავი - 18 098.39

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სურსათით (ხორცპროდუქტები, გამაგრილებელი სასმელები, პურპროდუქტები, ყავა და ა.შ.). შესყიდული ხორცისგან აწარმოებს ნახევარფაბრიკატებს (ხინკალი, ქაბაბი, აფხაზურა, პელმენი, გუფთა, კოტლეტი). გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ფიზიკური პირებისგან იჯარით აღებულ ფართებში (ქ. ---ი, ----ის ქ. №--, ----ის ქ. №-).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11609 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე, შესყიდულ საქონელზე რიგ შემთხვევაში გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. მომჩივნის განმარტებით, შეძენები აქვს ასევე ფიზიკური პირებისგან ფორმა №2-ებით, თუმცა ფორმა №2-ებს არ ინახავს და საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია. საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია საქონლის მოძრაობის (შეძენა, რეალიზაცია, ნაშთი) შესახებ ინფორმაცია, არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია. საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ იქნა ბანკის ამონაწერები, ახსნა-განმარტება საქონლის წარმოების კალკულაციის და ხორცის დამუშავების შესახებ. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 1 063 208 ლარის სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი (ინვენტარიზაციის თარიღამდე - 16.04.2024 წლამდე ს/ზ-ებით შეძენილი აქვს 1 137 596 ლარის სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი). ბანკის და საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 293 424 ლარს, მათ შორის, ბანკის შემოსავალი - 1 019 306 ლარი და სალარო აპარატის - 274 118 ლარი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი, არ არის აღრიცხული წარმოების მონაცემები, არ არის ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კომპანიას საწყისი ნაშთი არ გააჩნია, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საქონლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი. ასევე, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით განისაზღვრა წარმოებული ნახევარფაბრიკატების რაოდენობა და კალკულაციების მიხედვით განისაზღვრა ამ ჯგუფის ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი შესყიდული პროდუქციის რეალიზაციიდან შეადგენს 1 380 419 ლარს (მათ შორის, ადგილობრივი ხორცის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი - 1 312 089 ლარი, ხოლო გამაგრილებელი სასმელების, პურპროდუქტების და ა.შ. - 66 128 ლარი, გაციებული ხორცის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი - 2 202 ლარი). ასევე, გადამუშავებული ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია შეადგენს 71 088 ლარს. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში სულ რეალიზებულია 1 451 508 ლარის პროდუქცია. შემოწმებით შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. სალაროს ინვენტარიზაციის თარიღისთვის კომპანიას სალაროში ერიცხება ნაღდი ფულის ნაშთი 264 392 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სალაროში განკარგვადი თანხა 271 772 ლარის ოდენობით (339 715 ლარი აგროსილი) მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №15923 ბრძანება და №001-141 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 109 747.64 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 აგვისტოს №19621 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 18.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.11.2024 წლის №23957/2/2024 (რეგ. 27.11.2024 წელი; №-/---) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №19621 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 17.12.2024 წლის №26514 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (გავრცელებული ფასნამატი):

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (ნაღდი ფულის გაანგარიშებისას სხვადასხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობა):

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26514 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2025 წლის დასკვნა, 1.07.2025 წლის №14416 ბრძანება და №001-127 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 7 197 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 113 787.72 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 22 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 6.08.2025 წლის №17718 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26514 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილი დანაკარგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17718 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის დასკვნა, 10.02.2026 წლის №2869 ბრძანება და №001-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 19 750 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 96 488.39 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 12 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 3 აპრილის №7788 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--- ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნულის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე დასკვნაში მითითებული დანაკარგების ოდენობები, რის შესაბამისადაც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით/გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17718 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობა კვების პროდუქტებით, მათ შორის, ხორცეულით (საქონლისა და ღორის ხორცი), პურეულით, გამაგრილებელი სასმელებით და სხვა. ვინაიდან ხორცი წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტს, იყო/არის შემთხვევები, როდესაც შესყიდული ხორცის გარკვეული ოდენობა ფუჭდებოდა (საშუალოდ მთლიანი მოცულობის 1.5-2%), თუმცა არცოდნის/შესაბამისი კადრის (საგადასახადო კანონმდებლობის მცოდნე კადრი) არარსებობის გამო კომპანიის მიერ ხდებოდა გაფუჭებული საქონლის გადაყრა, ნაცვლად საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად ჩამოწერისა. აღნიშნული ფაქტის დადასტურება შესაძლებელია როგორც საექსპერტო დასკვნით და ობიექტზე არსებული ვიდეო-კამერების საშუალებით, ასევე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვით. აღნიშნული ინფორმაცია საწარმოს დირექტორის მიერ მიწოდებულ იქნა შემმოწმებელ აუდიტორებზე, თუმცა მათ მიერ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული გარემოება. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და გადასახადის გადამხდელის განმარტებებიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული გადასახადის და შესაბამისი სანქციების კორექტირებას/შემცირებას.

2. საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული რიგი გარემოებები, რამაც გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზე, კერძოდ:

- ტრანსპორტირების ხარჯები;

- კომპანიის მიერ შეძენილი ძირითადი საშუალებები, რომელთა შესახებაც წარადგინა შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტები;

- 2022-2024 წლებში კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ქონებას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, რაზეც გაიწია სხვადასხვა ოდენობის ხარჯები, რომლის ძირითადი ნაწილის დოკუმენტური დადასტურება ვერ ხდება. ამასთან, საწარმოს მიერ შეძენილია სხვადასხვა დასახელების და ღირებულების ძირითადი საშუალებები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნა (შესაბამისი ფოტო მტკიცებულებებით) შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ფართში განხორციელებული კაპიტალური რემონტის შესახებ, თუმცა არცერთი ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ იქნა გათვალისწინებული. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს:

- შემოწმებისთვის მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლას და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ იჯარით აღებულ ფართში ჩატარებული კაპიტალური რემონტის შესახებ დადებული დასკვნის გათვალისწინებას;

- დამფუძნებლის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი ძირითადი საშუალებების შესაბამისი თანხების დაკვალიფიცირებას კაპიტალის შემცირებად. ასევე, შესყიდვის აქტების გათვალისწინებას. შესაბამისად, დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26514 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (გავრცელებული ფასნამატი):

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (ნაღდი ფულის გაანგარიშებისას სხვადასხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობა):

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2025 წლის დასკვნის შესაბამისად:

- გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით ექსპერტიზა ჩატარებულია 2024 წლის 12 სექტემბერს, ქ. ---ში, ----ის ქ. №--ში მდებარე სავაჭრო ობიექტზე (აღნიშნულ მისამართზე კომპანია აღარ საქმიანობს, საკონტროლო-სალარო აპარატი და ტერმინალი აღნიშნულ მისამართზე გაუქმებულია 2024 წლის 24 მაისიდან. კომპანიას სასაქონლო ზედნადებებით შეძენები აღარ უფიქსირდება 2024 წლის 20 მაისიდან). ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზა ჩაუტარდა შპს „---გან“ შესყიდულ ახალ გაგრილებულ 68.900 კგ. საქონლის ხორცს და 30.700 კგ ღორის ხორცს. ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაყენებლად უვარგისი ნაწილები (დანაკარგები) შეადგენდა საქონლის ხორცის შემთხვევაში 17%-ს და ღორის ხორცის შემთხვევაში 7%-ს. შემოწმებით დადგენილია, რომ საექსპერტოდ განკუთვნილი საქონლის ხორცი შესყიდულია შპს „---გან“ შესყიდვის აქტით, ხოლო ღორის ხორცი შესყიდულია შესყიდვის აქტით --------საგან 2024 წლის 12 სექტემბერს. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, საქონლის და ღორის ხორცის შესყიდვების 85-90% ხდებოდა დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებით), ხოლო მთლიანი შესყიდვის 10-15% შეძენილი იყო შესყიდვების აქტებით და სწორედ შესყიდვის აქტით შეძენილ საქონელზე განხორციელდა საქონლის გამოსავლიანობის ექსპერტიზა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საქონლის შესყიდვის აქტები (შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავალები დათვლილია მხოლოდ მიღებული სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის მიხედვით). შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ ამ ნაწილში არ გამოვლენილა შესამცირებელი თანხები. სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

- საწარმო საქმიანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში მდებარე ქ. ---ში, ---ის ქ. №--ში. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო ორგანოსთვის არ ყოფილა ცნობილი კომპანიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა გაწეული ხარჯების რეალობის შესახებ. წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვადები (თუ როდის არის ჩატარებული სარემონტო სამუშაოები). ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესში საწარმოს საქმიანობა არ შეუწყვეტია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ვერ მოხერხდა შესყიდული ტექნიკის იდენტიფიცირება. სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო საგადასახადო ვალდებულების აღნიშნულ ნაწილში კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. ასევე, საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილი იქნა დამატებით წარდგენილი ხარჯების დოკუმენტები (ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერი), რომლის შესწავლის შედეგად განხორციელდა დასაბეგრი თანხების კორექტირება (საბანკო ამონაწერში წარდგენილი საკომისიოთი შემცირება).

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 7 197 ლარით.

შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17718 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26514 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილი დანაკარგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზა ჩატარებულია 2024 წლის 12 სექტემბერს, ქ. --ში, ---ის ქ. №--ში მდებარე სავაჭრო ობიექტზე (აღნიშნულ მისამართზე კომპანია აღარ საქმიანობს, სსა და ტერმინალი აღნიშნულ მისამართზე გაუქმებულია 2024 წლის 24 მაისიდან, ხოლო სასაქონლო ზედნადებით შეძენები აღარ უფიქსირდება 2024 წლის 20 მაისიდან). დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზა ჩაუტარდა შპს „---გან“ შესყიდულ ახალ გაგრილებულ 68.900კგ. საქონლის ხორცს და 30.700კგ ღორის ხორცს. ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაყენებლად უვარგისი ნაწილები (დანაკარგები) შეადგენდა საქონლის ხორცის შემთხვევაში 17%-ს და ღორის ხორცის შემთხვევაში 7%-ს. შემოწმებით დადგენილია, რომ საექსპერტოდ განკუთვნილი საქონლის ხორცი შესყიდულია შპს „---გან“ შესყიდვის აქტით, ხოლო ღორის ხორცი შესყიდულია შესყიდვის აქტით 2024 წლის 12 სექტემბერს -----სგან. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ზემოაღნიშნული დასკვნა და ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე მითითებული დანაკარგების გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 19 750 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 13 166 ლარი და ჯარიმა - 6 584 ლარი.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და არ წარმოადგენს ისეთ დოკუმენტაცია/მტკიცებულებებს, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17718 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17718 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 6.08.2025 წლის №17718 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11609 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15923 ბრძანება და №001-141 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 109 747.64 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №19621 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №23957/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №19621 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №26514 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი.შემოსავლების სამსახურის №26514 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №14416 ბრძანება და №001-127 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 7 197 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 113 787.72 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელის №17718 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №2869 ბრძანება და №001-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 19 750 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 96 488.39 ლარი.კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №7788 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №17718 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);