გადაწყვეტილება №101625/1/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№101625/1/2026
14 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -----------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 6.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №101625/1/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.02.2026 წლის №26648/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2026 წლის №001-47 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 35 127,67 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 29 391,18
დღგ - 27 844,24
საშემოსავლო გადასახადი - 1 546,94
ჯარიმა - 0,01
საურავი - 5 736,48
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებითა და შინაური ცხოველების საკვებით. მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 2020 წლის 1 ოქტომბერს.
აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.01.2024 წლის №878 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 182 539,98 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი,გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში, რაზეც დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28991 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.02.2026 წლის №26648/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 26.02.2026 წლის №26648/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა 2025 წლის 13 ნოემბრის №001-246 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმის თანხა. სულ შემცირებას დაექვემდებარა 14 695 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 20.03.2026 წლის №001-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 9 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან და დაეკისრა ძირი თანხისა და საურავის 4 157,51 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე მომჩივანი გამოცხადდა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში და მოითხოვა მისი დავალების გრაფიკის შედგენა და თანხის გადახდა. თუმცა ადგილზე მისვლისას აღმოაჩინა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული საურავის ოდენობა არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობას, რაც გადაწყვეტილებაში იყო ასახული. მომჩივანი არის მარტოხელა დედა, რომელიც უკვე მრავალი წელია სრულიად მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილს. მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი არის შვილის უზრუნველყოფა და პატიოსანი შრომით არსებობა. მის ქმედებაში არ ყოფილა განზრახვა გადასახადის დამალვისა ან კანონის დარღვევის. მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ არაინფორმირებულობასა და ნდობას პროფესიონალის მიმართ, რომელმაც არ შეასრულა თავისი მოვალეობა სრულყოფილად. მისი სამეწარმეო საქმიანობა ემსახურებოდა მცირე ზოომაღაზიას, რომლის სავაჭრო ფართი შეადგენს მხოლოდ 4 კვადრატულ მეტრს. აღნიშნული ბიზნესი იყო მცირე, პრაქტიკულად თვითდასაქმების ფორმა, რომელიც არ გამოირჩეოდა მაღალი ბრუნვით, მაშტაბური ოპერაციებით ან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებით.
დანაკლისის წარმოშობა განპირობებული იყო ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში დაშვებული შეცდომით კერძოდ: ბუღალტრის მიერ საქონლის მოძრაობის არასწორად და არასრულად ასახვით. ბუღალტრის მიერ არ ხდებოდა პოსტერმინალის დადეკლარირება. სხვადასხვა პერიოდის მონაცემების დაგროვილი ხარვეზებით, რაც დროთა განმავლობაში გადაიზარდა მნიშნველოვან სხვაობაში. აღნიშნული დარღვევა მოხდა მისი მხრიდან ყოველგვარი განზრახვის გარეშე. როგორც მცირე ბიზნესის მფლობელი, მთლიანად ენდობოდა ბუღალტრულ მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს.
ჩატარებული ინვენტარიზაციის და პირველადი საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის მიერ მათთვის დარიცხული იყო მხოლოდ მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე 10%- იანი ჯარიმა, აღნიშნული საგადასახადო მოქმედებების დროს, გამოვლინდა, რომ იყო დღგ-ის გადამხდელი და ამ პროცესში მიენიჭა კვალიფიციური დღგ-ის სტატუსიც. გამომდინარე აქედან მან სრულად აღიქვა, როგორც აღნიშნული საკითხის ფარგლებში საბოლოო საგადასახადო შედეგი, რომელიც ბუღალტერმაც დაუდასტურა, რომ ამით მორჩებოდა მისი პრობლემა და დამატებით გადასახადის გადახდა მას არ მოუწევდა. მისთვის არ გადმოუციათ წერილობით და არც ზეპირად ინფორმაცია, რომ აღნიშნულ დანაკლისზე დამატებით წარმოიშვა დღგ-ის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება, არ მიუღია შესაბამისი გადასახდელის დარიცხვის აქტი, შეტყობინება ან მოთხოვნა დღგ-ის ნაწილში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებითაც არ ჰქონდა შესაძლებლობა დროულად დაედეკლარირებინა და გადაეხადა დღგ. კიდევ ერთხელ სრულად პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სცოდნოდა აუცილებლად გადაიხდიდა თავის დროზე. აღნიშნული არ ყოფილა მისი მხრიდან დაუდევრობით ან განზრახ გაკეთებული, ეს იყო იმ ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე რა მას ჰქონდა. დაკისრებულმა საგადასახადო დავალებამ, უმძიმესი გავლენა მოახდინა მასზე როგორც ფინანსურად, ასევე ფსიქოლოგიურად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით იძულებული გახდა შეეჩერებინა ბიზნეს საქმიანობა. ვინაიდან აღარ ჰქონდა მისი გაგრძელების არც ფინანსური არც მორალური შესაძლებლობა. საკითის განხილვისას გათვალისწინებული იქნას მისი საქმიანობის მცირე მასშტაბები და შეწყვეტილი ბიზნესი. დარღვევის არა გამიზნული განზრახვა, მან ეს ნამდვილად არ იცოდა, არ იცოდა, რომ ეს უნდა დაედეკლარირებინა და უნდა გადაეხადა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ განხილულ იქნას მისი შემთხვევა ინდივიდუალურად და მოხსნილ იქნას დამატებული საურავები. მიეცეს შესაძლებლობა გადაიხადოს აღნიშნული დავალიანება. რათა მიეცეს შანსი მომავალში დაუბრუნდეს სამეწარმეო საქმიანობას და სრულად შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები. გამოხატავს მზაობას გადაიხადოს ძირი თანხა ჯარიმების და საურავების მოხსნის შემთხვევაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.02.2026 წლის №26648/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის №001-246 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 26.02.2026 წლის №26648/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის დასკვნის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე განიხილა ი/მ ------ის (ს/ნ ----------) 2026 წლის 16 თებერვლის №26648/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ნოემბრის №001-246 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. ი/მ -------ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 ნოემბრის №001-246 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. სულ შემცირებას დაექვემდებარა 14 695 ლარი.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ განხილულ იქნას მისი შემთხვევა ინდივიდუალურად და მოხსნილ იქნას დამატებული საურავები. გამოხატავს მზაობას გადაიხადოს გადასახადის თანხა ჯარიმების და საურავების მოხსნის შემთხვევაში. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.02.2026 წლის №26648/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 26.02.2026 წლის №26648/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №26648/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოწმებით დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №878 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 182 539,98 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი,გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში, რაზეც დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №28991 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №26648/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭოს №26648/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა №001-246 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმის თანხა. სულ შემცირებას დაექვემდებარა 14 695 ლარი.აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №001-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №26648/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);