უზენაესი სასამართლოს განჩინება N ბს-1170(23-22)
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
განჩინება Nბს-1170(23-22)
28.11.2023
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „-------“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
2017 წლის 18 აპრილს შპს „-------" სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს No094-292 „საგადასახადო მოთხოვნის“, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის No43412 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 მარტის No11610/2/15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „-------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შპს „-------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „-------" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს No094-292 „საგადასახადო მოთხოვნა“ დღგ სახით 10726,62 ლარის დარიცხვის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის No43412 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 მარტის No11610/2/15 გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს გადასახადის გადამხდელის - შპს „-------“ 2011 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 01 მაისამდე პერიოდში სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი კონტეინერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე დეკლარირებული დღგ-სგან, თანხით 26893 ლარი, ჩათვლის უფლებით გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, სადავოა ორი საკითხი - ტვირთის (მსუბუქი ავტომობილების) შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით და ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე დეკლარირებული დღგ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით კასატორები მიუთითებენ 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილსა და ამავე კოდექსის 233-ე მუხლზე და აღნიშნავენ, რომ დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრებოდა ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება და აღნიშნული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება. განსახილველ შემთხვევაში, ტვირთის შენახვის მომსახურება მოიცავდა იმ მსუბუქი ავტომობილების შენახვას, რომლებიც გადამხდელის მიერ ------- კონტეინერების გახსნის შედეგად გადმოიტვირთა და დასაწყობდა ტერმინალის ტერიტორიაზე, რითაც დასრულდა საერთაშორისო გადაზიდვა. საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების ნაწილს. აღნიშნულიდან გამომდიწარე, საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასკვნა, რომ საწყობის ტერიტორიაზე ტვირთის გადმოტვირთვისას მთავრდებოდა საერთაშორისო გადაზიდვა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობდა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო გადაზიდვის განმარტებიდან, რადგან ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე, ქვეყნის შიგნით შეიძლება გაევლო გარკვეული ტერიტორია და ტვირთის შენახვის (შენახვის ვადის მიუხედავად), ასევე შენახვის შემდგომი სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურება იბეგრებოდა დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ტვირთის შენახვის მომსახურება მოიცავდა ტვირთის შენახვას, რომლებიც გადამხდელის მიერ ------- კონტეინერების გახსნის შედეგად გადმოიტვირთა და დასაწყობდა ტერმინალის ტერიტორიაზე, რითაც დასრულდა საერთაშორისო გადაზიდვა. საუბარია იმ მსუბუქი ავტომობილების შენახვის მომსახურებაზე, რომლებიც გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახსნილია ------- და გადმოტვირთულია ავტომანქანები ტერმინალის ტერიტორიაზე. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ტვირთის შენახვის შემდგომ სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურება სახეზე არ არის.
რაც შეეხება მეორე სადავო საკითხს კასატორთა მითითებით, 2011 წლის ივნისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2011 წლის 20 მაისის No4705 კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 1.06.2011 წელს). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება, ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეულ სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურებაზე, ძლაში შევიდა 2011 წლის 1 ივნისიდან და იგი არ გავრცელებულა ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. შესაბამისად, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის ოპერაციების ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დეკლარირებული დღგ-ის თანხის შემცირებაზე, უსაფუძვლოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 02 სექტემბრის No38886 ბრძანების შესაბამისად, დაინიშნა შპს „-------“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2010 წლის 01 ივნისიდან 2014 წლის 01 აგვისტომდე პერიოდს. შპს „-------“ საქმიანობას შეადგენს ------- სატერმინალო მომსახურება, ასევე ტერმინალის ტერიტორიაზე საოფისე ფართების გაქირავება. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 04 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, კომპანია ------- იმპორტის რეჟიმში მოქცეულ საქონელზე, კერძოდ, ავტომანქანებზე გაწეულ მომსახურებას ბეგრავდა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით და ასახავდა ერთობლივ შემოსავალში, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული მომსახურების ნაწილი, კერძოდ, შენახვის მომსახურება დაიბეგრა 18%-იანი განაკვეთით. გაწეული მომსახურება მიჩნეულ იქნა დღგ-ის ჩათვლით გაწეულ მომსახურებად და დღგ-ის თანხა ამოღებულ იქნა ერთობლივი შემოსავლიდან. შესაბამისად, შემცირდა 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი. რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას, აქტში აღნიშნულია, რომ საწარმოს მიერ, 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურების ნაწილი, რომელი უკავშირდებოდა ადგილზე (-------) მსუბუქი ავტომობილების შენახვის მომსახურებას (იმ კონტეინერების მიხედვით, რომლებიც გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახსნილი იყო ------- და გადმოტვირთული იყო ავტომანქანები ტერმინალის ტერიტორიაზე), განხილული იქნა საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად და მომსახურების თანხები დაიბეგრა ნულოვანი განაკვეთით. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული მომსახურება (ტვირთის შენახვა) გაწეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვების დასრულება საერთაშორისო ნორმებით მკაცრად განსაზღვრული პროცედურა იყო და ტვირთის გადმოტვირთვით სრულდებოდა საერთაშორისო გადაზიდვაც. ამდენად, მიჩნეულ იქნა, რომ საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 07 აგვისტოს No29464 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაარიცხა სულ 73195 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 45682 ლარი, ჯარიმა – 27513 ლარი.
2015 წლის 10 აგვისტოს N094-292 „საგადასახადო მოთხოვნის“ თანახმად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 79 725,02 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 45 682 ლარი, ჯარიმა - 27 513 ლარი და საურავი - 6 530,02 ლარი, საიდანაც დღგ-ის ძირითადი გადასახადია 6 371 ლარი, მასზე დარიცხული ჯარიმა - 3198 ლარი, ხოლო საურავი - 1 157,62 ლარი. სულ დღგ-ის გადასახადში გადამხდელს დაერიცხა 10 726,62 ლარი.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სარჩელის უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ პირობებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების ფარგლებში.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ სადავოა ორი ძირითადი საკითხი - 1. ტვირთის (მსუბუქი ავტომობილების) შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით; 2. ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე 2011 წლის 01 იანვრიდან 01 მაისამდე პერიოდში დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრებოდა: ა) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება; ბ) მგზავრების საერთაშორისო გადაყვანის მომსახურების მიწოდება; გ) ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება: გ.ა) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის, მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება; გ.ბ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება; გ.გ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება; გ.დ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა და ბარგის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება; გ.ე) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება; გ.ვ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში; გ. ზ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.
ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო გადაზიდვა განიმარტებოდა, როგორც ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთის გადაზიდვა, აგრეთვე, ორი ქვეყნის გაგზავნის და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთის შენახვის მომსახურებას ცალსახად თვლიდა ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების ერთ-ერთ სახედ, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორთა მოსაზრება, რომ საწყობის ტერიტორიაზე ტვირთის გადმოტვირთვისას მთავრდება საერთაშორისო გადაზიდვა. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტერმინი „შენახვის მომსახურება“ გულისხმობს ტვირთის გარკვეულ ადგილად განთავსებას მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2011 წლიდან მოქმედი ახალი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილში 2011 წლის 20 მაისის კანონით შესული ცვლილების შედეგად დადგინდა, რომ ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებული იყო ექსპორტში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა. ამდენად, ნათელია, რომ კოდექსის ძველი რედაქცია დღგ-ს გადასახადისგან ცალსახად ათავისუფლებდა ტვირთის შენახვის მომსახურებას, რომელიც, თავის მხრივ გულისხმობდა ტვირთის გარკვეულ ადგილად განთავსებას მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე.
რაც შეეხება ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე 2011 წლის 01 იანვრიდან 01 მაისამდე პერიოდში დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირების საკითხს, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებული იყო სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრნსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურება. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონით დაკონკრეტდა ნორმის შინაარსი და 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლდა სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) საქართველოს ფარგლების გარეთ გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მართალია, 2011 წლის 20 მაისს განხორციელებულ ცვლილებამდე 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში დაკონკრეტებული არ იყო, თუ რას მოიცავდა სატრანსპორტო მომსახურება, თუმცა კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება მოიცავდა საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის, გადატვირთვის მომსახურებას. ამდენად, ის გარემოება, რომ 2011 წლის 20 მაისს განხორციელებული ცვლილების შემდეგ 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატა გაგზავნის (დაბრუნების) მიზნით გაწეული სატრანსპორტო მომსახურების კონკრეტული სახეები, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ცვლილებამდე არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა აღნიშნული მომსახურების სახეების დღგ- ისაგან გათავისუფლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, რომ „კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, ერთიანობის პრინციპს. კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა" (სუსგ ბს-670(3კ-19) 25.03.2021წ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები:
გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა (კასატორები) საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება და მოითხოვეს განჩინების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
კასატორების მითითებით, სადავოა ორი საკითხი ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დღგ-ით და ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე დეკლარირებული დღგ-ს თანხის შემცირება.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით კასატორების მითითებით ტვირთის შენახვის მომსახურება მოიცავდა იმ მსუბუქი ავტომობილების შენახვას, რომლებიც საწარმოს მიერ კონტეინერების გახსნის შედეგად გადმოიტვირთა და დასაწყობდა ტერმინალის ტერიტორიაზე, რითაც დასრულდა საერთაშორისო გადაზიდვა. საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების ნაწილს. აღნიშნულიდან გამომდიწარე, საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასკვნა, რომ საწყობის ტერიტორიაზე ტვირთის გადმოტვირთვისას მთავრდებოდა საერთაშორისო გადაზიდვა.
მეორე საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის ოპერაციების ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 მაისამდე პერიოდში ცარიელ კონტეინერებზე გაწეულ მომსახურებაზე (აწევა, დაწევა, შენახვა) დეკლარირებული დღგ-ის თანხის შემცირებაზე, უსაფუძვლოა.
გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა .
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი - 12(15); 233(1); 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი - 168(4-ვ).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი - 34(3)