ბრძანება N 1916
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1916
05 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ---)
(მის.: ---) 2024 წლის 10 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 10 იანვრის №86624/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის შესყიდვის ფასსა და მის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი, შპს „---ის" შეფასების დასკვნის შედეგად დადგენილ საბაზრო ფასს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ნასყიდობის ფასი, 400 000 აშშ დოლარი (1 145 240 ლარი) სრულად გადახდილია საბანკო გადარიცხვის გზით. მიუთითებს, რომ ქონების შეფასებისას არის დაშვებული შეცდომები, თუმცა ის არ იყო არსებითად დიდი სხვაობის, შესაბამისად, მიუთითებს, რომ ქონების 920 000 ლარად შეფასება არ წარმოადგენს მის უტყუარ ღირებულებას. გადამხდელი არ ეთანხმება, ასევე, გამყიდველი ფიზიკური პირის ურთიერთდამოკიდებულად მიჩნევას, აცხადებს, რომ ეკონომიკურ შედეგებზე ან პირობებზე გავლენა არ მოუხდენია ურთიერთდამოკიდებულებას. მომჩივანი მიუთითებს, რომ გაუგებარია, რა განაცემად ჩაითვალა ქონების ნასყიდობის ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №27606 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ----) შეძენის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 დეკემბრის №31201 ბრძანება და 13 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 121 697 ლარი, მათ შორის, გადასახადი 56 310 ლარი, ჯარიმა 28 155 ლარი, საურავი 37 232 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წელს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წელს, საქმიანობის საგანს წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა.
გადასახადის გადამხდელს 2020 წლის 19 თებერვალს ურთიერთდამოკიდებული პირისგან (დირექტორის დედა) ---გან შეძენილი აქვს 4 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ---ის რაიონის სოფელ ---ში. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულება შეადგენს 400 000 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა გამყიდველისთვის გადახდილია ხელშეკრულების გაფორმების დღეს საბანკო გადარიცხვით (1 145 240 ლარი).
გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შპს „---ის“ 2023 წლის 23 ოქტომბრის N0/77-959 დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2020 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 920 000 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 154-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.
ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის 19 თებერვალს ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი აქვს 4 000 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთი ---ის რაიონის სოფელ ---ში. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულება შეადგენს 400 000 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა გამყიდველისთვის გადახდილია ხელშეკრულების გაფორმების დღეს საბანკო გადარიცხვით (1 145 240 ლარი).
გადამხდელის მიერ წარდგენილი, 2023 წლის 23 ოქტომბრის N0/77-959 დასკვნის მიხედვით აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2020 წლის მდგომარეობით შეადგენდა 920 000 ლარს. შესაბამისად, მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა ქონების ჩუქებად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის NCB1567418 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული ფიზიკური პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთის შესყიდვის ფასსა და შეფასების დასკვნის შედეგად დადგენილ საბაზრო ფასს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 18; 73 (4,9); 154.