საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/4853-19

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 11.08.2022
№ დოკუმენტი 3/4853-19
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/4853-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აგვისტო, 2022 წელი

ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ქადარია

მოსარჩელე - შპს ,,------"

წარმომადგენლები - ნ.გ (დირექტორი), ქ.ი, დ.გ.

მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენლები: მ.მ, გ.ს

მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი: რ.ღ

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1.1. ნაწილობრივ (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრის, ფასნამატის გაანგარიშების, დღგ-ის, მოგების გადასახადისა და ჯარიმა- საურავის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნა;

 

1.2. ნაწილობრივ (მოგების, დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმა-საურავის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N21826 ბრძანება;

 

1.3. ნაწილობრივ (მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რომელიც გამომდინარეობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 მაისის N6525/2/2018 გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 19 თებერვლის N3535 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ,,------" საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, ხოლო შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 25 ივნისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი (შემოწმებული პერიოდი: 01.07.2015-01.01.2018).

 

აღნიშნული შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,------" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პურის წარმოება/რეალიზაცია და საცალო და საბითუმო ვაჭრობა სურსათით და საკვები პროდუქტებით. გადამხდელს ბუღალტერია ნაწარმოები აქვს პროგრამა „ორისში“, პერიოდული აღრიცხვის პრინციპით, სადაც საქონლის ჩამოწერა ხორციელდება წლის ბოლოს და სათანადოდ ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა კომპანიის შიდა სავაჭრო პროგრამის მონაცემები (სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამის პერიოდში რეალიზებული საქონლის რაოდენობის და ერთეულის ფასის შესახებ). აღნიშნული მონაცემების შედარება/ანალიზის საფუძველზე, ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციასთან (შესყიდვის ზედნადებებთან), გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებთან, გამოთვლილ იქნა შესაბამისი პერიოდების ფასნამატი, კერძოდ, 2015-2017 წლებში სასურსათო პროდუქციაზე დადგინდა 11-13%-ის ფარგლებში, ხოლო ხილ-ბოსტნეულზე საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა 21%-ის ოდენობით. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და პროგრამულად ჩამოწერილი აქვს მეტი რაოდენობის ფქვილი, ვიდრე წარმოდგენილი კალკულაციით წარმოებაში აქვს გახარჯული.

 

ამავე შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით იმ შემთხვევაში, როდესაც პირს არ აქვს სააღრიცხვო დოუმენტი ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამ შემთხვევაში, გადამხდელის მიერ ნაწარმოები სააღრიცხვო მონაცემები არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულს. გარდა ამისა, სახეზეა ამავე მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს _ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილი – სამართალდარღვევის ჩადენის ორ ან მეტ ფაქტს. აქედან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით დათვლილი იქნა მაღაზიაში რეალიზებული პროდუქციის ღირებულება და მიღებული/მისაღები შემოსავალი, რამაც გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა წლების მიხედვით და მოგების გადასახადში და დღგ-ში დამატებით ძირითადი გადასახადის და ჯარიმის დარიცხვა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე, გამოვლენილი ფქვილის დანაკლისი განხილულ იქნა მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში ჩართვას და შესაბამისი პერიოდების მიხედვით დღგ-ით დაბეგვრას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი (ტ.1, ს.ფ. 13-48).

 

3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 29 ივნისს გამოიცა N16485 ბრძანება და N159-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს ,,------" გადასახდელად დაერიცხა სულ 287 215.12 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 138 531 ლარი (დღგ 62 529 ლარი, მოგების გადასახადი - 30 023 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 45 979 ლარი), ჯარიმა 112 297 ლარი და საურავი - 36 387.12 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N16485 ბრძანება, დანართით (ტ.1, ს.ფ. 56-58);

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნა (ტ.1, ს.ფ. 51-52).

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნა შპს ,,------" გაასაჩივრა საჩივრით, 2018 წლის 20 ივლისს. საჩივრის თანახმად, გადასახადის გადამხდელი:

1. არ ეთანხმებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, შემოსავლების დადგენას;

2. არ ეთანხმებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრას;

3. ითხოვდა შემოწმებით დაკორექტირებული ჩათვლების ერთად გავლას;

4. ითხოვდა უკუდაბეგვრის დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში საკითხის ერთად გავლას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს 2826 ბრძნებით, შპს ,,------" საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადასახადის გადამხდელს მოეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის ფასნამატის განსაზღვრის მიზნით წარედგინა მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადომ საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის კოეფიციენტის კორექტირება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის კოეფიციენტის დაზუსტების შემთხვევაში ემსჯელა რამდენად არსებით გავლენას ახდენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); ასევე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდა 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანდაო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა დღგ-ის ჩათვლების გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანდაო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა უკუდაბეგვრითი დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); ამასთან დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 20 ივლისის საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 59-64);

-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N21826 ბრძანება (ტ. 1. ს. ფ. 70-76)

 

3.4 სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N21826 ბრძანება შპს ,,-----" გაასაჩივრა საჩივრით, 2018 წლის 17 აგვისტოს საჩივრის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სადავაოდ ხდიდა შემდეგ საკითხებს:

გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფება სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუზველძე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 მაისის N 6525/2/2018 გადაწყვეტილებით, შპს ,,------" საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N21826 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული სანქციების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ სანქციებთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 27.12.2018 წლის კანონით საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან ამ ცვლილებებით, სანქციები ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 17 აგვისტოს საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 77-81);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 მაისის N6525/2/2018 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 93-102).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N21826 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 მაისის N6525/2/2018 გადაწყვეტილება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

მითითებული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები. ამავე კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი, ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას; გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი.

 

ამდენად, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად კი, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 19 თებერვლის N3535 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს „-----“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, ხოლო შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 25 ივნისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი (შემოწმებული პერიოდი: 01.07.2015-01.01.2018). აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 29 ივნისს გამოიცა N16485 ბრძანება და N159-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“ გადასახდელად დაერიცხა სულ 287 215.12 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 138 531 ლარი (დღგ - 62 529 ლარი, მოგების გადასახადი 30 023 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 45 979 ლარი), ჯარიმა 112 297 ლარი და საურავი - 36 387.12 ლარი.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნა შპს „-----“ გაასაჩივრა საჩივრით, 2018 წლის 20 ივლისს. საჩივრის თანახმად, გადასახადის გადამხდელი:

1. არ ეთანხმებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, შემოსავლების დადგენას;

2. არ ეთანხმებოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების განსაზღვრას;

3. ითხოვდა შემოწმებით დაკორექტირებული ჩათვლების ერთად გავლას;

4. ითხოვდა უკუდაბეგვრის დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში საკითხის ერთად გავლას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს 28 საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის ფასნამატის განსაზღვრის მიზნით წარედგინა მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის კოეფიციენტის კორექტირება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის კოეფიციენტის დაზუსტების შემთხვევაში ემსჯელა რამდენად არსებით გავლენას ახდენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განეხორციელებინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); ასევე, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა დღგ-ის ჩათვლების გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა უკუდაბეგვრითი - დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N21826 ბრძანება შპს „-----“ გაასაჩივრა საჩივრით, 2018 წლის 17 აგვისტოს. საჩივრის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდიდა შემდეგ საკითხებს:

1. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლება სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 მაისის N6525/2/2018 გადაწყვეტილებით, შპს „----“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N21826 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული სანქციების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო - აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის N159-3 საგადასახადო მოთხოვნის (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლების და ხარჯების განსაზღვრის, ფასნამატის გაანგარიშების, დღგ-ის, მოგების გადასახადისა და ჯარიმა-საურავის ნაწილში), სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N21826 ბრძანებისა (მოგების, დღგ-ის, საშემოსავლო გადასახადისა და ჯარიმა-საურავის ნაწილში) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 29 მაისის N6525/2/2018 გადაწყვეტილების (მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, რომელიც გამომდინარეობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით) კანონიერებას. კერძოდ, მხარეთა შორის არსებითად სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

 

მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ეხება ყველა სახის გადასახადის განსაზღვრას. აღნიშნული ნორმით საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო - ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ, შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი არის ის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არსებითად ეყრდნობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ ფაქტობრივ მონაცემებს. კერძოდ, სსიპ – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელს ბუღალტერია ნაწარმოები ჰქონდა პროგრამა „ორისში“, პერიოდული აღრიცხვის პრინციპით, სადაც საქონლის ჩამოწერა ხორციელდებოდა წლის ბოლოს და სათანადოდ ვერ ხერხდებოდა კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა კომპანიის შიდა სავაჭრო პროგრამის მონაცემები (სადაც მოცემულია ინფორმაცია შესაბამის პერიოდში რეალიზებული საქონლის რაოდენობის და ერთეულის ფასის შესახებ). აღნიშნული მონაცემების შედარება/ანალიზის საფუძველზე, ელექტრონულ ბაზაში. არსებულ ინფორმაციასთან (შესყიდვის ზედნადებებთან), გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებთან, გამოთვლილ იქნა შესაბამისი პერიოდების ფასნამატი, კერძოდ, 2015-2017 წლებში სასურსათო პროდუქციაზე დადგინდა 11-13%-ის ფარგლებში, ხოლო ხილ-ბოსტნეულზე საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა 21%-ის ოდენობით. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და პროგრამულად ჩამოწერილი ჰქონდა მეტი რაოდენობის ფქვილი, ვიდრე წარმოდგენილი კალკულაციით წარმოებაში ჰქონდა გახარჯული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდი.

 

მოსარჩელის პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. ამასთან, მართალია მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულების შედეგად განხორციელებულ კორექტირებულ დარიცხვებს, თუმცა აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ხელახალი გადაანგარიშებისას, შემოწმებულ 2015 წლის პერიოდზე (01.07.2015-01.01.2016), სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხვა განახორციელა პირდაპირი მეთოდით, ამავე მეთოდითაა განხორციელებული დარიცხვა სხვა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, წინა შემოწმებულ პერიოდზეც (03.11.2010-01.07.2015). ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს „-----“ საქმიანობის პერიოდში ერთი და იმავე ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის გამოყენების პირობებში, სხვადასხვა პერიოდებზე დარიცხვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება უკანონოა. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ შპს „-----“ იყენებდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისს“, რაც გამორიცხავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შემადგენლობას და შესაბამისად, დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლიანობას. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღებული იქნა 2018 წლის მაისის თვის 5 დღის მონაცემები და ისინი გავრცელდა შემოწმების მთელ პერიოდზე, რაც ასევე უკანონოდ მიაჩნია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებქეს პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

 

ამდენად, მითითებული ნორმა მხოლოდ აღნიშნული პირობის არსებობის შემთხვევაში (თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა), სხვა დამატებითი პირობების გარეშე, დასაშვებად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ნორმა ზემოაღნიშნული რედაქციით მოქმედებს 2013 წლის 30 დეკემბრიდან დღემდე უცვლელად. შესაბამისად, ნორმის მითითებული რედაქცია რელევანტურია შპს „-----“ შემოწმების პერიოდის გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს „-----“ ბუღალტერიას აწარმოებდა პროგრამა „ორისში“, თუმცა მხოლოდ საბუღალტრო პროგრამის გამოყენების ფაქტი უპირობოდ არ გამორიცხავს გადამხდელის მიმართ დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს, გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს დაბეგვრის ობიექტის დადგენა განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორმა, შპს „-----“ შემმოწმებელმა პირმა განმარტა, რომ მითითებულ საბუღალტრო პროგრამაში გადამხდელი ძირითადად აღრიცხავდა მიმდინარე ხარჯებს, როგორიცაა მაგალითად, ხელფასი, კომუნალური გადასახადები და ა.შ, რაც შემოწმებისთვის საინტერესო არ იყო და მოიცავდა ოპერაციების დაახლოებით 2%-ს. ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე კი, როგორიცაა საქონლის ყიდვა-გაყიდვა, ვერანაირად ვერ ხდებოდა კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, ანუ ვერ დგინდებოდა საქონლის თვითღირებულება, საქონლის რეალიზაციის მომენტი და გასაყიდი ფასი. ამასთან, შემოწმების მიერ 2018 წლის მაისის თვის 5 დღის მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, აუდიტორმა განმარტა, რომ შპს „-----“ არის მცხეთაში მდებარე სუპერმარკეტი, სადაც პროდუქციის რეალიზაცია ხდებოდა სკანერის მეშვეობით, რაც არის ყველაზე ზუსტი მონაცემი. აუდიტორმა აღნიშნა, რომ შემოწმების დაწყების შემდგომ მათ გადასახადის გადამხდელს მოსთხოვეს სკანერის მონაცემების მიწოდება, თუმცა მიწოდებული იქნა მხოლოდ 5 დღის მონაცემები იმ მიზეზით, რომ სკანერის პროგრამა მხოლოდ 1 თვის მონაცემს ინახავდა. შესაბამისად, ფასნამატის გაანგარიშებაც განხორციელდა იმ მონაცემით, რაც ფიზიკურად არსებობდა შემოწმების პერიოდში და რაც შემოწმებას თავად გადასახადის გადამხდელმა წარუდგინა.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას 2010-2015 წლის პერიოდზე გადასახადების პირდაპირი მეთოდით დარიცხვასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ შპს „-----“ მიმართ არც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების აღსრულების შედეგების შეფასება და _ არც სხვა შემოწმების ფარგლებში დადგენილი შედეგების შეფასება არ წარმოადგენს მოცემული სარჩელის დავის

საგანს და მათი განხილვა ცდება განსახილველი დავის ფარგლებს. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი არსებული რედაქციით მოქმედებს 2013 წლის 30 დეკემბრიდან, მანამდე განხორციელებულ ოპერაციებზე კი მოქმედებდა ნორმის განსხვავებული რედაქცია. ასევე, გასათვალისწინებელია მითითებულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადების აღრიცხვიანობის პერიოდულობაც. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მოცემული შემოწმების ფარგლებში, გადაანგარიშების შედეგად 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის ნაცვლად, დარიცხვის პირდაპირი მეთოდის გამოყენება აუდიტორის განმარტებით, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მითითებულ პერიოდზე სხვა პერიოდებთან შედარებით ნაკლები პერიოდულობით იყო აღრიცხული მონაცემები, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ნაწილში დარიცხული გადასახადების კორექტირება.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართოს მიაღწია, რომ შპს „-----“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „-----“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე

დიანა ფარქოსაძე