ბრძანება N 4141
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4141
26 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №87050/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №001-335 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ასევე, შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს.
გადასახადის გადამხდელს სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12895 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 მარტიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33313 ბრძანება და ამავე თარიღის №001-335 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 1 281 770 ლარი, მათ შორის გადასახადი 759 338 ლარი, ჯარიმა 379 783 ლარი და საურავი 142 649 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. კომპანიას არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის „-------“ და „-------“-ისათვის 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები (1 181 024,5 ლ.) და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, კომპანია ამ მომწოდებლებისგან რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის შეძენას და შეძენილი პროდუქციის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას კომპანია ახორციელებს სრულად და თანხის გადახდის და პროდუქციის მიღების არცერთ ეტაპზე მომწოდებლების მიმართ დებიტორული ან კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მიღებული პროდუქციის ღირებულების ზემოთ განხორციელებული გადახდები შემოწმებით განხილული იქნა სესხად და არა ავანსად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შემოწმებით სესხად დაკვალიფიცირებული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. 2022 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კონტრაგენტი -------“-ისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა 2022 წლის ივნისის თვეში, ანუ მოხდა გაცემული სესხის უკან დაბრუნება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში განხორციელდა დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩათვლა.
2. კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ელექტრონულ პროგრამაში. 2022 წლის მაისის თვემდე საბუღალტრო პროგრამა არ იძლევა რეალიზებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასების იდენტიფიცირების საშუალებას (რეალიზაციები ასახულია ჯამურად თვის ჭრილში), ხოლო 2022 წლის მაისის თვიდან ბუღალტრულ პროგრამაში შესაძლებელია რეალიზებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასების იდენტიფიცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, 2021 წლის მარტიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე არ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ყოველ საანგარიშო თვეში დადგენილი იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული კონკრეტული სახეობის პროდუქციის რაოდენობა და თვითღირებულება. აღნიშნულ რაოდენობაზე გავრცელებული იქნა იმავე, წინა ან მომდევნო თვეში რეალიზაციის დოკუმენტით დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ერთეულის სარეალიზაციო ფასი. იმ საანგარიშო თვეებში, რომლებშიც დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, გამოყენებულ იქნა კონკრეტულ პროდუქციაზე შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი. ხოლო იმ პროდუქციაზე, რომლებზეც დოკუმენტური რეალიზაცია საერთოდ არ ფიქსირდება, გამოყენებული იქნა ყველა სხვა პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი. შედეგად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული მეთოდით გამოანგარშებული შემოსავალი არსებითად აღემატება კომპანიის დეკლარირებულ და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდის ბოლოს (2023 წლის აპრილი) კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით კომპანიის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივზე გაანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს, ვინაიდან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი იყო ნულოვანი პარამეტრებით, შესაბამისად, დაკორექტირდა დასაბეგრი ქონების ღირებულებები. კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები (1 181 024,5 ლ.) და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, კომპანია ამ მომწოდებლებისგან რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის შეძენას და შეძენილი პროდუქციის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს სრულად და თანხის გადახდის და პროდუქციის მიღების არცერთ ეტაპზე მომწოდებლების მიმართ დებიტორული ან კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული პროდუქციის ღირებულების ზემოთ განხორციელებული გადახდები შემოწმების მიერ განხილული იქნა სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა კანონიდ დადგენილი წესით და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ყოველ საანგარიშო თვეში დადგენილი იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული კონკრეტული სახეობის პროდუქციის რაოდენობა და თვითღირებულება. აღნიშნულ რაოდენობაზე გავრცელებული იქნა იმავე, წინა ან მომდევნო თვეში რეალიზაციის დოკუმენტით დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ერთეულის სარეალიზაციო ფასი. იმ საანგარიშო თვეებში, რომლებშიც დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, გამოყენებულ იქნა კონკრეტულ პროდუქციაზე შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი. ხოლო იმ პროდუქციაზე, რომლებზეც დოკუმენტური რეალიზაცია საერთოდ არ ფიქსირდება, გამოყენებული იქნა ყველა სხვა პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რის შედეგადაც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად კომპანიის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივზე გაანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს, ვინაიდან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილი იყო ნულოვანი პარამეტრებით, შესაბამისად, დაკორექტირდა დასაბეგრი ქონების ღირებულებები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1. არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად დაკვალიფიცირებას და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. კომპანიას არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის, ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადახდები შემოწმებით განხილული იქნა სესხად და არა ავანსად. არარეზიდენტი კონტრაგენტისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა და შემოწმებით, სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩათვლა.
2. შემოწმებით, საანგარიშო პერიოდებზე არ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. იმ საანგარიშო თვეებში, რომლებშიც დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდება, გამოყენებულ იქნა კონკრეტულ პროდუქციაზე შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი. ხოლო იმ პროდუქციაზე, რომლებზეც დოკუმენტური რეალიზაცია საერთოდ არ ფიქსირდება, გამოყენებული იქნა ყველა სხვა პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატი.
შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული მეთოდით გამოანგარშებული შემოსავალი არსებითად აღემატება კომპანიის დეკლარირებულ და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
3. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივზე გაანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება დეკლარირებულ მონაცემებს. შესაბამისად, დაკორექტირდა დასაბეგრი ქონების ღირებულებები.
პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების, საშემოსავლო, ქონების გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(3-ზ, 8); 101; 154; 159; 201