გადაწყვეტილება №20807/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20807/2/2023
26.10. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---- -----------ი (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- -----------ის 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20807/2/2023).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №17270 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 5 542,83 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 3 270
ჯარიმა - 1 635
საურავი - 637,83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის №13109 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივნის შემოსავალმა 2019 და 2021 წლებში გადააჭარბა 40 000 ლარიან ზღვარს და შესაბამისად, წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება. კერძოდ, 2019 წელს მომჩივნის შემოსავალი შეადგენდა 40 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანმა ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის შესაბამისად გადაიხადა 121 ლარი, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 3392 ლარისა.
საგადასახდო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ გადასახადს შორის სხვაობა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №17270 ბრძანება და 18.07.2023 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან და გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის დარიცხული საურავისაგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით, 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებით, მე-18 მუხლის მე-7 ნაწილით, მე-4 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილებით და განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე და 275-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს გადახდილი აქვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადი და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს 18.07.2023 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის დარიცხული საურავისგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების სისწორის შემოწმება. 2020 წლის ქონების დეკლარაცია წარედგინება 2020 წელს და მასში დეკლარირდება 2019 წლის ქონება, 2019 წლის ბოლოს არსებული საბაზრო ფასით, 31.12.2019 წლის მდგომარეობით არსებული განაკვეთით. შემოწმების პერიოდი იწყებოდა 1.01.2020 წლიდან. 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს. 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების საანგარიშო პერიოდია 2019 წელი, რომლის შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 2023 წელს უკვე გასულია.
გადამხდელის განმარტებით, ქონებები შეძენილი აქვს პანდემიამდე პერიოდში და გასხვისებული აქვს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ პერიოდში, მაშინ როდესაც საქართველოში ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების მკვეთრ ზრდას. აუდიტორს საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით დადგენის უფლებამოსილება არ ჰქონია და ამ წესით გამოანგარიშებული ვალდებულებები არამართლზომიერია.
ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება, კერძოდ სადავო ბრძანება გაუქმდეს საჩივრის არდაკმაყოფილების ნაწილში. გაუქმდეს სადავო დარიცხვის ბრძანება და სადავო „საგადასახადო მოთხოვნა“ 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2022 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის გადაანგარიშება შესაბამისი საბაზრო ფასების მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის,დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების თანახმად:
5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
9. დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტი 14.09.2023 №92038-21-14 წერილი სადაც მითითებულია, რომ 2019 წლისთვის მომჩივნის შემოსავალი დადგინდა 40 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, შემოწმებით დამატებით დაერიცხა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გადასახადს შორის შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
მომჩივნის განმარტებით, 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა უკანონოა და უნდა გაუქმდეს. 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში დასაბეგრი ქონების საანგარიშო პერიოდია 2019 წელი, რომლის შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 2023 წელს უკვე გასულია. აუდიტორს საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით დადგენის უფლებამოსილება არ ჰქონია და ამ წესით გამოანგარიშებული ვალდებულებები არამართლზომიერია.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. კერძოდ, დამატებით შესწავლას/გამოკვლევას საჭიროებს 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული ქონების (გარდა მიწისა) დაბეგვრის ხანდაზმულობის საკითხი და საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის ქონებაზე საბაზრო ფასის გაანგარიშების/გავრცელების მართლზომიერების საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება სადავო საკითხის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის №13109 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივნის შემოსავალმა 2019 და 2021 წლებში გადააჭარბა 40 000 ლარიან ზღვარს და შესაბამისად, წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება. კერძოდ, 2019 წელს მომჩივნის შემოსავალი შეადგენდა 40 000-დან 100 000 ლარამდე, ხოლო 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანმა ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის შესაბამისად გადაიხადა 121 ლარი, ნაცვლად შემოწმებით დადგენილი 3392 ლარისა.
საგადასახდო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ გადასახადს შორის სხვაობა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №17270 ბრძანება და 18.07.2023 წლის №006-366 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან და გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის დარიცხული საურავისაგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას/გამოკვლევას. კერძოდ, დამატებით შესწავლას/გამოკვლევას საჭიროებს 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული ქონების (გარდა მიწისა) დაბეგვრის ხანდაზმულობის საკითხი და საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის ქონებაზე საბაზრო ფასის გაანგარიშების/გავრცელების მართლზომიერების საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21022 ბრძანება სადავო საკითხის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4 (1, 5,6); 201(1 „გ.ა“);202(5 ,9); 205(12);