ბრძანება N 9521

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2023
№ დოკუმენტი 9521
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9521

02.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის: ----------, სოფელი ---------)

2023 წლის 4 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №58123/21-10-18 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №EL204510 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 22 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი ---------- გავლით შემოვიდა რეექსპორტისთვის განკუთვნილი ტვირთი ცოცხალი მცენარეები. ზოგადი დეკლარირების დასრულებიდან 2 დღეში (საქონლის რეექსპორტის საბაჟო პროცედურაში დეკლარირებამდე) კომპანიამ მიმართა ფიტოსანიტარულ სამსახურს, რათა ტვირთზე გაეცათ რეექსპორტის ფიტოსანიტარული სერტიფიკატი. საქონლის დათვალიერებისას გაირკვა, რომ წარმოდგენილი ნიმუშებიდან ერთ-ერთი საქონელი არ შეესაბამებოდა ექსპორტიორის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მითითებულს, რადგან დოკუმენტში მითითებული იყო მცენარე ----------, ხოლო მის ნაცვლად იყო – ----------. რისი გათვალისწინებით საქონელი მიჩნეული იქნა არადეკლარირებულად და ---------- გაფორმების ორგანოს მიერ ტვირთის სრული დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მცენარე ---------- - 200 ცალი, საერთოდ არ იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და მის ნაცვლად აღმოჩნდა იგივე რაოდენობის მცენარე ----------. ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული 100 ცალი ----------, რომელიც თან ახლდა ინვოისში მითითებულ ერთ-ერთ საქონელს და რის შესახებაც მითითება იყო გაკეთებული ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული შეფუთვის ფურცელში, საბაჟო ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა არადეკლარირებულ საქონლად.

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მხოლოდ ზოგადი დეკლარირება იყო დასრულებული და საქონლის დეკლარირება ჯერ არ იყო დაწყებული, რის გამოც საქონლის არადეკლარირებულად მიჩნევა არასამართლიანად მიაჩნია. ამასთან, მიუთითებს, რომ რეექსპორტის სერტიფიკატი არ არის დეკლარირებისთვის სავალდებულო და მისი გაცემა კომპანიის სურვილით განხორციელდა, რა დროსაც კომპანიამ იცოდა, რომ საქონლის ინსპექტირება მოხდებოდა. ინსპექტირებისას გახდებოდა ცნობილი, რომ საქონლის სახეობებში იყო შეუსაბამობა და დეკლარირებამდე აღმოფხვრიდა ნაკლოვანებებს, ხოლო დეკლარირებას სწორი დოკუმენტით მოახდენდა. რეექსპორტში საქონლის დეკლარირებისას არ იხდიის გადასახდელს და შესაბამისად არადეკლრარირებულად მიჩნეული საქონლის შემდგომში დეკლარირებისას გადასახდი არ ექნებოდა.

აღნიშნულზე მითითებით, საქონლის მიჩნევა არადეკლარირებულად და ამის საფუძველზე კომპანიის დაჯარიმება არასამართლიანად მიაჩნია და ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 22 მარტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ საბაჟო კონტროლის გავლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით ---------- რესპუბლიკიდან შემოტანილ იქნა და საქონლის თანმხლები დოკუმენტებით (საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი №----------, 18.03.2023, პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი (EUR.1) №-------, სატრანსპორტო ზედნადები (CMR) და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი №-------, 20.03.2023) შპს „----------“-ის (ს/ნ --------) მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ იქნა ცოცხალი მცენარეები (ნერგები, სასაქონლო კოდი ----------, საერთო წონა 17 640 კგ, საერთო რაოდენობა 598 ცალი).

ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ გამოწერილ იქნა №------- (22.03.2023) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და საქონელი შემდგომი საბაჟო ფორმალობების (მათ შორის, ფიტოსანიტარიული სასაზღვროსაკარანტინო კონტროლის) განხორციელების მიზნით გაშვებულ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ დანიშნულებით.

საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლისას გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებს შორის, კერძოდ:

ა) დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული არ იყო საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) მე-4 პოზიციაზე მითითებული საქონელი ---------- (რაოდენობა – 200 ცალი);

ბ) აღმოჩენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი – ---------- ნერგი 200 ცალი (2 400 კგ) და ---------- 100 ცალი (300 კგ), რომელიც არ იყო მითითებული საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ არცერთ დოკუმენტში. ამასთან, ---------- წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლად და მასში არ იყო განთავსებული მცენარეები.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 29 მარტის №---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განისაზღვრა 750 აშშ დოლარით (ნერგები – 450 აშშ დოლარი, პლასტმასის ქოთნები – 300 აშშ დოლარი).

გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა №EL204510 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 932.15 ლარის ოდენობით (750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში).

_____ სასაქონლო კოდში, რომლითაც საბაჟო ორგანოს წარედგინა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, კლასიფიცირდება „-------“ და იგი არ მოიცავს საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილ ----------.

საჩივარზე თანდართული დოკუმენტი (Packing List), საბაჟო ფორმალობების შესრულებისას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, მის პირველ გრაფაში მითითებული 100 ცალი ---------- ნერგისა და მე-2 გრაფაში აღნიშნული იგივე დასახელების 100 ცალი ---------- ასახული ნერგების (-------) წონა ერთი და იგივეა (ორივეს შემთხვევაში შეადგენს 5 000 კგ-ს).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მულის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

● ზოგადი დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;

● საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

● საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე საკანონმდებლო აქტის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით კი, 2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული არ იყო საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) მე-4 პოზიციაზე მითითებული საქონელი ---------- (რაოდენობა – 200 ცალი). ამასთან, აღმოჩენილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი (არადეკლარირებული) საქონელი – ---------- ნერგი 200 ცალი (2 400 კგ) და ---------- 100 ცალი (300 კგ), რომელიც არ იყო მითითებული საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ არცერთ დოკუმენტში. ამასთან, ---------- წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლად და მასში არ იყო განთავსებული მცენარეები. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 750 აშშ დოლარი (ნერგები – 450 აშშ დოლარი, პლასტმასის ქოთნები – 300 აშშ დოლარი). შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სადავო აქტის შედგენა მართლზომიერია.

რაც შეეხება საჩივარზე თანდართულ დოკუმენტს (Packing List), შემოსავლების სამსახური მიუთიტებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საბაჟო ფორმალობების შესრულებისას საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, მის პირველ გრაფაში მითითებული 100 ცალი ---------- ნერგისა და მე-2 გრაფაში აღნიშნული იგივე დასახელების 100 ცალი ქოთნით ასახული ნერგების (----------) წონა ერთი და იგივეა (ორივეს შემთხვევაში შეადგენს 5 000 კგ-ს).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორის განმარტებით, ზოგადი დეკლარირების დასრულებიდან 2 დღეში (საქონლის რეექსპორტის საბაჟო პროცედურაში დეკლარირებამდე) კომპანიამ მიმართა ფიტოსანიტარულ სამსახურს, რათა ტვირთზე გაეცათ რეექსპორტის ფიტოსანიტარული სერტიფიკატი. საქონლის დათვალიერებისას გაირკვა, რომ წარმოდგენილი ნიმუშებიდან საქონელი არ შეესაბამებოდა ექსპორტიორის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მითითებულს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლისას გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებული და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობებსა და არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება შორის.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 5(2); 168(1); 213(9)