გადაწყვეტილება №19310/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19310/2/2023
25 მაისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19310/2/2023).
დავის საგანი:
დარიცხული თანხების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №083-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №4404 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 19 004 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 12 364
ჯარიმა - 6 182
საურავი - 458
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20388 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2021 წლის 4 ნოემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია ჯართი და გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. საწარმოსგან გამოთხოვილ იქნა საქმიანობის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომჩივანს არ მიუწოდებია ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად. დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა განხორციელდა №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. განკარგვადი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20254 ბრძანებით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა და შეადგინა 464 ლარი. ასევე, საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25867 ბრძანება და №083-32 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 16 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 9 მარტის №4404 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 49-ე, 61-ე, 101- ე, 154-ე, 1333 , 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია ჯართი და შესაბამისად, გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივ შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა განხორციელდა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. ამასთან, მართლზომიერად განხორციელდა განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა. ასევე, მართლზომიერია, საქონლის შესაძენად დახარჯული თანხის გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტორების მიერ განხილული იქნა გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარდგენილი გაანგარიშება, რომელიც ეხება 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით 3%-ით დასაბეგრი ბრუნვის გამოთვლას. გადამხდელის მიერ სწორადაა გამოთვლილი 3%-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადამხდელს საკუთარ გაანგარიშებაში გამორჩენილი აქვს დამატებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობა, რომელიც ასევე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაანგარიშება მოხდა არასწორად, რაც დასტურდება მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ცხრილით. ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულია ჯართი და გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. მომჩივანს შემოწმებისთვის არ წარუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ შორის, ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად. დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა განხორციელდა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. ასევე, მართებულია განკარგვადი თანხის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საქონლის შესაძენად დახარჯული თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაანგარიშება მოხდა არასწორად, რაც დასტურდება წარმოდგენილი ცხრილით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს გაანგარიშებაში გამორჩენილი აქვს დამატებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობა, რომელიც ასევე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშებას.ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს არ მიუწოდებია ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები.
შემოწმებით გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა.
დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა განხორციელდა რენტაბელობის გათვალისწინებით. განკარგვადი სხვაობა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
136(3),73(5),101,154,1333
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია :393