ბრძანება N 14830
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14830
27.06.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
( მის.: -------------------)
2023 წლის 25 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 25 მაისის №89370/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის №094-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება შეძენილ და რეალიზებულ ჯართს შორის სხვაობის დოკუმენტური ფასნამატით ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. აცხადებს, რომ კომპანიას თავად დეკლარირებული აქვს მნიშვნელოვანი რაოდენობის ჯართის შეძენები და დაკავებული აქვს გადახდის წყაროსთან 3%-იც, რაც არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება პერიოდის ბოლოსთვის დოკუმენტურ რეალიზაციასა და შემოწმების მიერ ხარჯად დაკვალიფიცირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობის (განკარგვადი თანხის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: კომპანიას რეალიზაცია სრულად დოკუმენტურად იყო დადასტურებული და კომპანიის მიერ ჯართის შეძენის ნაწილიც დასტურდებოდა დოკუმენტურად, რაც შემმოწმებელს მისცემდა საშუალებას გაეანგარიშებინა კომპანიის რეალური ფასნამატი. აცხადებს, რომ რეალურად კომპანიის ფასნამატი არის 8-12% და თუ ფასნამატის გათვალისწინებით გამოითვლება საწარმოს განკარგვადი თანხები, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა საოპერაციო ხარჯები, ბანკიდან გადახდები, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებებს შორის სხვაობა, რათა დადგინდეს რა თანხა დარჩებოდა საწარმოს შემოწმების ბოლოს, იმისთვის რომ ასეთი თანხა ჩაითვალოს ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19101 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 24 აპრილის №8834 ბრძანება და ამავე თარიღის №094-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 256 223 ლარი, მათ შორის გადასახადი 764 152 ლარი, ჯარიმა 364 135 ლარი და საურავი 127 936 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საქონლის შესყიდვა ხდება ფიზიკური პირებისგან, როგორც დოკუმენტურად, ასევე, დოკუმენტის გარეშე. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ მომხდარა ბუღალტრული აღრიცხვის, სმფ-ების ნაშთების გაშიფვრის, საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაციისა და ჯართის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტების წარდგენა, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს მიმართ 2023 წლის 6 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა შეძენილი საქონლის რაოდენობას. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობიტ დადგენილი წესით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწყისი სმფ-ების განსაზღვრისათვის შემოწმებამ გამოიყენა წინა შემოწმებისათვის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება, სადაც მითითებული იყო, რომ 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით სმფ-ების მარაგი შეადგენდა 0 ლარს. ამის გარდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის ანალიზით გამოიკვეთა გარემოება, რომ რეალიზებული იყო ჯართის ის რაოდენობა, რაზეც არ ფიქსირდებოდა შესაბამისი ნაშთის ან შეძენის ფაქტი. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ამავე პერიოდში შეძენილად დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით. შედეგად, განისაზღვრა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი ჯართის ღირებულებები თვის ჭრილში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. ამასთან, შემოწმების მიერ გამოსაქვითი ხარჯები გაანგარიშდა 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიუტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75%. შემოწმებით, დოკუმენტურ რეალიზაციასა და შემოწმების მიერ ხარჯად დაკვალიფიცირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობა (განკარგვადი თანხა) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ მომხდარა ბუღალტრული აღრიცხვის, სმფ-ების ნაშთების გაშიფვრის, საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაციისა და ჯართის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტების წარდგენა, რის გამოც გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2023 წლის 6 მარტს გამოიცა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა შეძენილი საქონლის რაოდენობას. ასევე, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია უსაფუძვლოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულების გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დეკლარირებული გადასახადი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო
ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, გადამხდელის მიერ რეალიზებულ და შეძენილ საქონელს შორის გამოვლენილი სხვაობის მიჩნევა ამავე პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილად დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა 3%-იანი განაკვეთით შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების მიერ გამოსაქვითი ხარჯები გაანგარიშდა 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75%. ამასთან, შემოწმებით, დოკუმენტურ რეალიზაციასა და შემოწმების მიერ ხარჯად დაკვალიფიცირებულ თანხას შორის გამოვლინდა სხვაობა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, რის გამოც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, შემოწმების პროცესში გადამხდელს აუდიტორისთვის არ წარუდგენია ინფორმაცია დებიტორკრედიტორების თაობაზე. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დოკუმენტურ რეალიზაციასა და შემოწმების მიერ ხარჯად დაკვალიფიცირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობა, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება შეძენილ და რეალიზებულ ჯართს შორის სხვაობის დოკუმენტური ფასნამატით ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება პერიოდის ბოლოსთვის დოკუმენტურ რეალიზაციასა და შემოწმების მიერ ხარჯად დაკვალიფიცირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობის (განკარგვადი თანხის) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საქონლის შესყიდვა ხდება ფიზიკური პირებისგან, როგორც დოკუმენტურად, ასევე, დოკუმენტის გარეშე. შემოწმების პროცესში დადგინდა გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა შეძენილი საქონლის რაოდენობას.აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2.შემოწმებით, დოკუმენტურ რეალიზაციასა და შემოწმების მიერ ხარჯად დაკვალიფიცირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობა (განკარგვადი თანხა) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);61(3);73(5);101(1);154(1ა);1333;154(1ა);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილი;
2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო;