ბრძანება N 22581
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22581
14 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ს (ს/ნ ---)
(მის.:---) 2023 წლის 4 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2023 წლის 4 აგვისტოს №133727/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №021-61 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას და დღგ-ის დარიცხვას. აცხადებს, რომ 12 თვიანი ფაზის ჭრილში მისი შემოსავალი არ აღემატებოდა 100 000 ლარს. გადამხდელი აღნიშნავს, რეალიზაციის 99% დოკუმენტურია (სასაქონლო ზედნადებით) და იშვიათად ხდება მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატით გაყიდვა. განმარტავს, რომ 2021 წლის ივლისის თვის დეკლარაციაში ნაცვლად 12 081 ლარისა, დასაბეგრი ბრუნვა შეცდომით მიუთითა 14 816 ლარი. ხოლო ამავე წლის აგვისტოს თვეში, ნაცვლად 9 999 ლარისა, დასაბეგრი ბრუნვა შეცდომით მიუთითა 7 124 ლარი. გადამხდელის განცხადებით, დამატებითი რეალიზაცია არ განხორციელებულა და წარმოადგენდა შეცდომას. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ მის ანგარიშზე ფიქსირდება სხვადასხვა ჩარიცხვები ფიზიკური პირებისგან, რაც შესაძლოა აუდიტორმა აღიქვა სხვა დამატებითი საქმიანობის გახორციელებად, თუმცა აღნიშნული თანხები იყო პირადი მოხმარების, ოჯახის წევრების ან სხვა ახლობლების მიერ ჩარიცხული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13921 ბრძანების საფუძველზე ი/მ ---ს (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/ გადასახდელების და საგადასახადო სანქციების 14 სექტემბერი 2023 N 22581 თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის პირველი აგვისტოს №18862 ბრძანება და 2023 წლის 2 აგვისტოს №021-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 42 960 ლარი, მათ შორის გადასახადი 29 327 ლარი, ჯარიმა 8 147 ლარი, საურავი 5 486 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი 2014 წლიდან სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. 2020 წლიდან შესამოწმებელ პერიოდამდე გადამხდელი ახორციელებდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებას მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, საქმიანობის საგანია ავეჯით, საყოფაცხოვრებო საქონლით, რკინა-კავეულით და რკინის სხვა წვრილმანით საცალო ვაჭრობა. შემოწმების პერიოდში გადამხდელს მცირე ბიზნესისთვის კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვის სისტემა არ გააჩნია. რეალიზაციაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. მეწარმის კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი --- რეგისტრირებული იყო 2014 წლიდან მისამართზე: ---. შემოწმებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული შემოსავლები და საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი ჩეკების ღირებულება საანგარიშო პერიოდში თითქმის ემთხვევა დოკუმენტური რეალიზაციის სტატისტიკას და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციათა ბაზის მონაცემებს. 2021 წლის ივლისის თვეში გადამხდელს დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება კერძოდ, უწყვეტი კალენდარული 12 თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს 2021 წლის ივლისში და აღნიშნულ პერიოდში შემოსავალმა შეადგინა 107 714 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმები. საგადასახადო შემოწმებით ი/მ ---ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად 2021 წლის 8 ივლისი განესაზღვრა. შემოწმების მიერ მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა პირდაპირი მეთოდით, კერძოდ, მცირე ბიზნესის შემოსავლის ყოველთვიური დეკლარაციებში დეკლარირებული, დოკუმენტური რეალიზაციის, საბანკო ამონაწერისა და საკონტროლო-სალარო ჩეკების სტატისტიკის მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, შემოწმებით, ი/მ ---ს (ს/ნ ---) დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის განაკვეთია 18 პროცენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდში გადამხდელის საბანკო ანგარიშზე შემოსავლის სტატუსით ადგილი ჰქონდა ტრანზაქციებს ფიზიკური პირებისგან. აღნიშნულის შესახებ ეცნობა მეწარმეს, მისი განმარტებით, აღნიშნული საქართველოს ბანკის ანგარიში არის სრულად პირადი ანგარიში და ამ ანგარიშზე არსებული გადარიცხვები და შემოსავლები არ არის დაკავშირებული ი/მ ---ის ეკონომიკურ საქმიანობასთან. შემოწმების მიერ ბანკის ამონაწერის მიხედვით იდენტიფიცირებულ იქნა ფიზიკური პირები, რომელთა მიერაც ხორციელდებოდა თანხების ჩარიცხვა გადამხდელის ანგარიშზე. აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან განხორციელდა სატელეფონო გასაუბრება. შედეგად დადგინდა, რომ მათი ნაწილი იცნობდა გადამხდელს და მათი განმარტებით ურთიერთობა არ ატარებდა ეკონომიკურ შინაარს (საგადასახადო შემოწმების აქტში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული), სხვა დანარჩენმა კი აღიარა საქონლის შეძენა და არ დაადასტურა თანხის სესხად გადაცემა ი/მ ---თვის. ფიზიკური პირების ნაწილის იდენტიფიცირება და მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა (აღნიშნული თანხები გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას). გადამხდელს სხვა სააღრიცხვობუღალტრული ან განმარტებითი ინფორმაცია არ მოუწოდებია. ამასთან, შემოწმებით გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული შემოსავლები და საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი ჩეკების ღირებულება საანგარიშო პერიოდში თითქმის ემთხვევა დოკუმენტური რეალიზაციის სტატისტიკას და საშემოსავლო დეკლარაციათა ბაზის მონაცემებს. 2021 წლის ივლისის თვეში გადამხდელს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, კერძოდ, მეწარმის შემოსავალმა უწყვეტი კალენდარულ 12 თვის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს და შეადგინა 107 714 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის 100 000 ლარიან ზღვარს დოკუმენტური რეალიზაციითაც (სასაქონლო ზედნადებებით) აჭარბებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებში დეკლარირებული მონაცემების, დოკუმენტური რეალიზაციის, საბანკო ამონაწერისა და საკონტროლო-სალარო ჩეკების სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, პირის შემოსავალი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას და დღგ-ის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13921 ბრძანების საფუძველზე მეწარმეს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 24 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/ გადასახდელების და საგადასახადო სანქციების 14 სექტემბერი 2023 N 22581 თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის პირველი აგვისტოს №18862 ბრძანება და 2023 წლის 2 აგვისტოს №021-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 42 960 ლარი, მათ შორის გადასახადი 29 327 ლარი, ჯარიმა 8 147 ლარი, საურავი 5 486 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 165; 159; 163; 164; 168; 166; 43 (4); 92.