გადაწყვეტილება №18849/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18849/2/2023
4.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---- ----------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.03.2023, 23.03.2023 და 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- ----------ის 12.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18849/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №001-195 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1034 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 140 596 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 76 640
დღგ - 49 916
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 65
საშემოსავლო გადასახადი - 22 646
ქონების გადასახადი - 4 013
ჯარიმა - 29 028
საურავი - 34 928
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.07.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019-2020 წლებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომჩივანმა მოახდინა მის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე. გადამხდელის მიერ რეალიზებული ბინების ოდენობა 48 თვის განმავლობაში აჭარბებს 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციას, შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციები წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, ვინაიდან, მათზე ვერ გავრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 49-ე მუხლით განსაზღვრული შეღავათი. მომჩივანს არ აქვს შესრულებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები, არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 21.09.2020 წელი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. მომჩივანმა 2018-2020 წლებში შეიძინა 5 საცხოვრებელი ბინა სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შესყიდვისა და რეალიზაციის ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ ძირითად შემთხვევებში ბინის შეძენისა და რეალიზაციის საფასური ერთი და იმავე თანხას შეადგენდა. აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა მესამე პირებთან. გაირკვა, რომ საჯარო რეესტრში გაფორმებულ ხელშეკრულებებში გარიგების თანხა არასწორად არის მითითებული. დადგინდა, რომ ზემოხსენებული ბინების შეძენა/რეალიზაციების შედეგად ნამეტმა თანხამ შეადგინა 181 289.75 ლარი. გამომდინარე აქედან, გადასახადის გადამხდელს წარმოექმნა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. გადამხდელის საქმიანობა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად, აღნიშნული ნამეტი თანხა დაიბეგრა 20%-ით, გადამხდელს წარმოეშვა ნამეტის დეკლარირების ვალდებულება, რაც მომჩივანს შესრულებული არ აქვს. შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018-2020 წლებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება სხვადასხვა სახის უძრავი ქონება. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ფლობდა მსუბუქ ავტომობილებსაც. მომჩივანს განესაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა ქონების გადასახადი. შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 18.08.2021 წლის №26956 ბრძანება და ამავე თარიღის №001-325 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.09.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- მე-2 სადავო საკითხთან (დღგ-ის ჩათვლების გათვალისწინებასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
- მე-3 სადავო საკითხთან (საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინებასა და ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.12.2021 წლის №14692/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანება და საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19422 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 17.11.2022 წლის №17359/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარა 6482 ლარი, რითაც შემცირდა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა, დანარჩენ ნაწილში თანხა არ შემცირებულა, ვინაიდან გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ წარუდგენია. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №27101 ბრძანება და ამავე თარიღის №001-195 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 17.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.01.2023 წლის №1034 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ზემდგომი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ორი საკითხის ხელახალი შესწავლა: დღგ-ს ჩათვლები და ბინების რეალიზაცია, რომ შემმოწმებლის მოსაზრებით მოხდა უფრო ძვირად ვიდრე ეს ხელშეკრულებაში იყო დაფიქსირებული. გასაჩივრებული აქტით მე-2 საკითხზე საერთოდ არ არის ნამსჯელი და არც მომხდარა მისი შესწავლა. ბინების რეალიზაცია განხორციელებულია იმ ფასში, რა ფასიც არის მითითებული ხელშეკრულებაში. შემმოწმებელი ეყრდნობა როგორც თვითონ აცხადებს ვინმე ------ -----------ის ახსნა-განმარტებას, რომ მან ბინა შეიძინა 27 500 აშშ დოლარად ნაცვლად 25 000 აშშ დოლარისა, როგორც მითითებულია ხელშეკრულებაში. გაურკვეველია შემმოწმებელი უპირობოდ რატომ ენდობა ----- ----------ის ახსნა-განმარტებას და ისე ითვალისწინებს მას არც კი ხდება იმის შემოწმება რას ემყარება მისი ახსნა-განმარტება. ამასთან, საერთოდ გაურკვეველია რის საფუძველზე განისაზღვრა ნამეტი თანხა 181 289,75 ლარი, საიდანაც გამოთვლილია საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- მე-2 სადავო საკითხთან (დღგ-ის ჩათვლების გათვალისწინებასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
- მე-3 სადავო საკითხთან (საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინებასა და ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ წარუდგენია. რაც შეეხება დღგ-ში ჩათვლის გათვალისწინებას ჩათვლას დაექვემდებარა 6482 ლარი, რითაც შემცირდა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა. საჩივარში მითითებულია, რომ ბინების რეალიზაცია განხორციელდა იმ ფასში, რა ფასიც არის მითითებული ხელშეკრულებაში. შემმოწმებელი ეყრდნობა ------ -----------ის ახსნა-განმარტებას, რომ მან ბინა შეიძინა 27 500 აშშ დოლარად ნაცვლად 25 000 აშშ დოლარისა, როგორც მითითებულია ხელშეკრულებაში. გაურკვეველია შემმოწმებელი უპირობოდ რატომ ენდობა ------ -----------ის ახსნა-განმარტებას და ისე ითვალისწინებს მას არც კი ხდება იმის შემოწმება რას ემყარება მისი ახსნა-განმარტება. ამასთან, საერთოდ გაურკვეველია რის საფუძველზე განისაზღვრა ნამეტი თანხა 181 289,75 ლარი, საიდანაც გამოთვლილია საშემოსავლო გადასახადი. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ფ/პ ---- ---------მა 2018-2020 წლებში შეიძინა 5 საცხოვრებელი ბინა სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირისაგან, შემოწმებით განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავება (საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შესყიდვისა და რეალიზაციის ხელშეკრულებები), ვინაიდან ძირითად შემთხვევებში ბინის შეძენისა და რეალიზაციის საფასური ერთი და იმავე თანხას შეადგენდა, შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა მესამე პირებთან, ერთერთი ბინის შემძენი ------ -----------ის (ს/ნ ----------- ) ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ქალაქი თბილისში, შეიძინა არა 25 000 აშშ დოლარად, როგორც საჯარო რეესტრში გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის განსაზღვრული, არამედ 27 500 ამერიკულ დოლარად, აღნიშნულის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბინების შეძენა/რეალიზაციების შედეგად ნამეტმა თანხამ შეადგინა 181 289 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომლითაც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმს გადამხდელის საქმიანობა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად. შესაბამისად აღნიშნული ნამეტი თანხა დაიბეგრა 20% და გადამხდელს წარმოეშვა აღნიშნული ნამეტის დეკლარირების ვალდებულება, რაც გადამხდელს შესრულებული არ აქვს. რაც შეეხება ნამეტი თანხის ოდენობა გაანგარიშებულია ხუთი ბინის შემთხვევაში და არ ეყრდნობა მხოლოდ ერთი ბინის შემძენის მიერ მიწოდებულ ახსნა-განმარტებას. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მისივე, 29.09.2021 წლის №30998 ბრძანების აღსრულების შეფასებისას არ არის ნამსჯელი მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომ თითოეული ბინის რეალიზაცია განხორციელდა იმ ფასში, რა ფასიც არის მითითებული ხელშეკრულებაში, ასევე ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის მიწოდებით მიღებული ნამეტი თანხის ოდენობის განსაზღვრის და დაბეგვრის განაკვეთზე. ამდენად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1034 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად, შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის აღსრულების ნაწილში, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №001-195 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 26.01.2023 წლის №1034 ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
მომჩივანს არ აქვს შესრულებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები, არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 21.09.2020 წელი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მისივე, 29.09.2021 წლის №30998 ბრძანების აღსრულების შეფასებისას არ არის ნამსჯელი მომჩივნის არგუმენტაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30998 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის აღსრულების ნაწილში, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 33 (1) 304(ე).