ბრძანება N 33504

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33504
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33504

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 6 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ნოემბრის №21230/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---“-ის (ს/ნ ---) №82877/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №001-148 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის დაანგარიშებისას დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, საწარმოში შეტანილი თანხა 127 190 ლარი გამოკლებულია ფულის ნაშთის ე.წ. აგროსვით მიღებული თანხიდან, რაც იწვევს გადასახადის ხელოვნურ ზრდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6498 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 25 ივნისიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16655 ბრძანება და ამავე თარიღის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 72 372 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 850 ლარი, ჯარიმა 20 339 ლარი, საურავი 7 183 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 ნოემბრის №21230/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის ქსოვილების (კრეკი, ალკანტარა, ბარხატი და სხვა), ავეჯის სხვადასხვა მასალების (ხელოვნური ტყავი, სინთეტიკური ბამბა, პარალონის ღრუბელი და სხვა) და მექანიზმების ადგილობრივი შესყიდვა-რეალიზაცია. საწარმოს უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი (მის.:----). ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოს აღებული აქვს ფართი შპს ,,----გან“ (ს/ნ ---).

პირი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა „ინფოში“. საწარმოს დეკლარირებული დღგ-ით დსაბეგრი ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 136 631 ლარს, ხოლო დოკუმენტური შესყიდვები - 4 155 476 ლარს. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით სმფების ნაშთები პერიოდების მიხედვით შეადგენს: 2020 წლის ბოლოს - 341 533 ლარს, 2021 წლის ბოლოს - 434 101 ლარს, 2022 წლის ბოლოს - 472 161 ლარს, ხოლო 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით 496 991 ლარს. პროგრამა „ინფოს“ შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წელს საშუალო ფასნამატმა შეადგინა 13.67%, 2021 წელს - 13,75%, 2022 წელს - 13,13%. 01.01.2023-01.03.2023 საანგარიშო პერიოდებში ჯამში საშუალო ფასნამატია 10,91%.

ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა სრულად. კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით ან/და ბანკში დაფიქსირებული თანხებიდან გამომდინარე. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობის შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.

შემოწმების მიერ რეალიზაციიის დოკუმენტების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 36%-ს შეადგენს, ხოლო დოკუმენტურმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2020 წელს - 10,36%, 2021 წელს - 10.32%, 2022 წელს - 11.63%, 01.01.2023- 01.03.2023 პერიოდზე - 11.36%. 2023 წელს საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სამართალდარღვევა (არ იქნა ამობეჭდილი ჩეკი), პირს მიეცა გაფრთხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად (7 ჯგუფი, 93 დასახელების საქონელი) და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის შედეგად შესყიდულ თითოეულ საქონელზე დადგენილი ფასნამატები (ავეჯის სასარჩულე ქსოვილი - 53%, პარალონის ღრუბელი - 41%, სინთეტიკური ბამბა მეტრებში - 32%, სინთეტიკური ბამბა კგ-ებში - 32%), ხოლო რომელ საქონელზეც ფასნამატები ვერ დადგინდა საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით, მათზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.

საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის ფასნამატები დადგენილი იქნა შემდეგნაირად: უახლოესი შესყიდვა დაკავშირებული იქნა საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით დადგენილ სარეალიზაციო ფასებთან. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობამ 2020-2023 წლებში შეადგინა 148 238 ლარი. ამასთან, 218 651 ლარით (148 238X1,18/0.8) შემცირდა საწარმოში ბუღალტრულ პროგრამაში არსებული კაპიტალის ოდენობით (როგორც კაპიტალის შემცირება) და დარჩენილი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმო ბუღალტულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა "ინფო ბუღალტერიაში", ხოლო საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ACCA F3-ის მიხედვით, მარაგების აღრიცხვის პერიოდული მეთოდით. ამასთან, ყოველდღიურად აქვს აღრიცხული რეალიზებული საქონლის დასახელებები რაოდენობების მიხედვით. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურად მიწოდებულ საქონელზეც. ასევე, საქონლის სარეალიზაციო ფასი აღებულია საქონლის ერთეულის გაყიდვის შემთხვევიდან, როცა საბითუმო მიწოდება საერთო რეალიზაციის 95%-ზე მეტია. ამასთან, სარეალიზაციო ფასი შედარებულია ბოლო შესყიდვის ფასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასში შედის დღგ, ხოლო თვითღირებულებაში - არა. განმარტავს, რომ საქონლის დაჯგუფება არარელევანტურია, რაც იწვევს ფასნამატის ოდენობის ზრდას. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ), განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების შესახებ და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი შემცირდა საწარმოში ბუღალტრულ პროგრამაში არსებული კაპიტალის ოდენობით (როგორც კაპიტალის შემცირება), ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის დაანგარიშებისას დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, საწარმოში შეტანილი თანხა 127 190 ლარი გამოკლებულია ფულის ნაშთის ე.წ. აგროსვით მიღებული თანხიდან, რაც იწვევს გადასახადის ხელოვნურ ზრდას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საწესდებო კაპიტალის შემცირების შემდეგ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, თუმცა გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე მითითებით განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ფულადი სახსრების ნაშთი გაინგარიშოს საწესდებო კაპიტალით შემცირებული ფულის ნაშთის ე.წ. აგროსვის შედეგად მიღებული თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების შესახებ და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ფულადი სახსრების ნაშთი გაინგარიშოს საწესდებო კაპიტალით შემცირებული ფულის ნაშთის ე.წ. აგროსვის შედეგად მიღებული თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის დაანგარიშებისას დაშვებულია შეცდომა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 ნოემბრის №21230/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25920 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9); 159; 163; 164; 101; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.