გადაწყვეტილება №18057/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18057/2/2022
16.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 22.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18057/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №001-47 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.09.2022 წლის №23888 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 353 811 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 163 043
დღგ - 4 355
მიწა - არასასოფლო - 40
მოგების გადასახადი - 157 885
საშემოსავლო გადასახადი - 554
ქონების გადასახადი - 209
ჯარიმა - 81 061
საურავი - 109 707
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2019 წლის 13 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: - გადასახადის გადამხდელი იყო , „------“ (ს.კ: „------“; სულ 20767 კვ.მ) თანამესაკუთრე. ფლობდა 150 კვ.მ-ს და იგივე მისამართზე, შენობანაგებობა №1-ში 458 კვ.მ. კომერციულ ფართს. აღნიშნული კომერციული ფართის პროპორციული წილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია გადასახადის გადამხდელის სახელზე საჯარო რეესტრის ამონაწერით არ ფიქსირდება. ჩატარდა ზემოხსენებული კომერციული ფართის დემონტაჟი და გადასახადის გადამხდელმა თავისი წილი მიწის ნაკვეთი 22.04.2016 წელს გადასცა ინვესტორს, ხოლო სანაცვლოდ 2018 წლის 11 იანვარს შპს „-------“-ისგან (ს/ნ „------“) მიიღო კომერციული და საცხოვრებელი ფართები სულ 821 კვ.მ,, რომლის ღირებულებაც ჯამურად შეადგენდა 449 400 აშშ დოლარს. აღნიშნულ ოპერაციაზე 13.02.2018 წელს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა14 №„------“ (სულ თანხა - 1 166 956.98 ლარი, დღგ -178 010.38 ლარი), რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. გადასახადის გადამხდელს ბარტერული ოპერაციის შედეგად მიღებული შემოსავალი არ ჰქონდა დეკლარირებული 2016 წელს.
შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაცია, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომერციული და საცხოვრებელი ფართების მიღება, განხილულ იქნა ბარტერად. შესაბამისად, მიწოდებული მიწის ღირებულება განისაზღვრა მიღებული ფართების ღირებულებით. შემოწმებას არ ჰქონდა ინფორმაცია ბარტერის ფარგლებში მიწოდებული მიწის შეძენასთან დაკავშირდებით. ასევე, დაუდგენელია ზუსტად რამდენი კვადრატი მიწა მიაწოდა, ვინაიდან აღნიშნულ ნაკვეთზე ფლობდა 458 კვ.მ კომერციულ ფართს, რომლის დემონტაჟის შემდეგ პროპორციული წილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია გადასახადის გადამხდელის სახელზე საჯარო რეესტრის ამონაწერით არ ფიქსირდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიწოდებული მიწის ღირებულება, შემოწმების მიერ, ხარჯში არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი, 23 467 ლარით შეუმცირდა 2016 წლის ზარალი, დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- გადასახადის გადამხდელს 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, უფიქსირდება ერთობლივი შემოსავლიდან სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალების ღირებულება 61 988 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2016 წლის 26 დეკემბერს შეიძინა ქ. „------“ მდებარე მიწა (2200 კვ.მ, ს.კ: „------“) მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით (2 სართულიანი კერძო სახლი), რომლის ღირებულებაც ნასყიდობის ხელშეკრულებით იყო 22 500 დოლარის ექვივალენტი ლარში. აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელმა სრულად გამოქვითა.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე შეძენილი აქტივის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი შემოწმებით არ დასტურდება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, „------“ შეძენილი ქონება წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებლების მამაპაპისეულ სახლს და მისი შეძენის მიზანი იყო კომპანიის მიერ სასოფლო-სამეურნეო პროექტებში მონაწილეობის მიღება, კერძოდ ვაზის მოშენება და მეღვინეობის სფეროში ჩართვა. ფინანსური პრობლემების გამო, დღემდე ვერ განხორციელდა დასახული მიზნის მიღწევა და მხოლოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება აღნიშნულ მიწაზე ვენახის გაშენების სამუშაოების დაწყება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი. დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 15 აგვისტოს №28446 ბრძანება და 2019 წლის 16 აგვისტოს №001-305 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2020 წლის №17006 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის საკუთრებაში არსებული 458 კვ.მ კომერციული ფართის დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, ასევე ბარტერული ოპერაციის ფარგლებში, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 3 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების შეძენის ღირებულების განსაზღვრა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.06.2020 წლის №17006 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 18.02.2021 წლის გადაწყვეტილებით (№ „------“) საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 ივნისის №17006 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 აგვისტოს №001-326 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 იანვრის №1216 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 ივნისის №17006 ბრძანების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნით, ბარტერული ოპერაციის ფარგლებში, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების შეძენის ღირებულების განსაზღვრა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 იანვრის №1216 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აპრილის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 755 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №001-47 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.09.2022 წლის №23888 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისათვის დავალებული იყო საკითხის დამატებით შესწავლა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნით, რასთან მიმართებითაც, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკითხის შესწავლა და მოძიებულ იქნა ინფორმაცია ბარტერში მონაწილე უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. გაანგარიშდა აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება 2016 წლის დასაწყისისთვის, რაც სანაცვლოდ მიღებული ფართის და მთლიანი შენობის ფართთან პროპორციის მიხედვით გამოქვითულ იქნა 2016 წლის ერთობლივი შემოსავლიდან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში სადავოდ ხდის გარემოებებს, რომლებიც არ ყოფილა დაკმაყოფილებული შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი 4 შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია 2015 წლის ნოემბრამდე ოფიციალურად ფლობდა 458 კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს და 150 კვ.მ. მიწას, ეზოს სახით. 2015 წლის 6 ნოემბერს შედგა ბარტერის სამმხრივი ხელშეკრულება (458 კვადრატული კომერციული ფართი წარმოადგენდა მცირე ნაწილს დიდ კორპუსში და ამიტომ ხელშეკრულებაში მონაწილეობდნენ მთავარი მესაკუთრე, შპს „------“, რომლის საკუთრებაშიც იყო კომერციული ფართი დაახლოებით 10 000 კვ. მეტრზე მეტი, კომპანია როგორც თანამფლობელი და მშენებელი). ხელშეკრულებაში ცალსახად წერია, რომ კომპანია კომერციული ფართის (458 კვ. მეტრი) სანაცვლოდ მიიღებდა კომერციულ და საცხოვრებელ ფართებს ახლად აშენებულ კორპუსში. ხელშეკრულების თანახმად, შპს ------- (მთავარ მესაკუთრეს) და კომპანიას უნდა მოეხდინათ კომერციული ფართის დემონტაჟი და შემდეგ გასუფთავებული მიწა გადაეცათ მშენებლისთვის (ამ შემთხვევაში არ იგულისხმებოდა 150 კ. მეტრი ეზო, რომელიც შპს „------“ საკუთრება იყო და რომელიც გადასცა მშენებელს 2016 წელს). 2015 წელს მოხდა კომერციული ფართების დემონტაჟი და კომერციული ფართების ადგილზე დარჩენილი მიწა შპს -------- გადასცა მშენებელს (ხელშეკრულების შესაბამისად). ამის შემდეგ 2016 წლის დასაწყისში კომპანიამ უსასყიდლოდ გადასცა მშენებელს 150 კვადრატული მეტრი მიწა (ეზო). ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩანს რომ ბარტერი მოხდა 2015 წელს და არა 2016 წელს, მაგრამ აუდიტორებმა ჩათვალეს, რომ ბარტერი მოხდა 2016 წელს და კომპანიამ 150 კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ მიიღო 450 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ღირებულების კომერციული და საცხოვრებელი ფართები (რასაც დღემდე ამტკიცებენ), რაც აბსურდულია (ვფიქრობთ, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ 2015 წელი შემოწმების პერიოდში იყო ხანდაზმული და 2015 წელში ვერ დაარიცხავდნენ გადასახადს). აქედან გამომდინარე, დაიწყო დავა. თავიდან მოუწია იმის მტკიცება, რომ ბარტერში მონაწილებდა კომერციული ფართი და არა მიწა და არ შეიძლებოდა 2015 წელს გასხვისებული კომერციული ფართის ღირებულების მოგება დარიცხულიყო 2016 წელს, გარკვეული დროის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა აღიარა, რომ „თურმე“ ბარტერში მონაწილეობდა კომერციული ფართიც (რაც თავიდანვე თვალნათელი იყო). ამის შემდეგ დღემდე დაობს, რომ 2015 წელს გასხვისებული კომერციული ფართის ღირებულება არ შეიძლება კომპანიას დაერიცხოს 2016 წლის მოგების გადასახადში, ხოლო 2015 წელს გაწეული ხარჯი არ შეიძლება გამოიქვითოს 2016 წლის ხარჯებში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბარტერი მოხდა 2015 წელს და არა 2016 წელს (ჯერ ერთი, რომ აღნიშნული ცალსახად მითითებულია ძირითად ხელშეკრულებაში და მეორეც ეს რომ ასე არ ყოფილიყო აუდიტორები 2016 წელს დაარიცხავდნენ დღგსაც), თვლის, რომ აღნიშნული სიტუაციიდან კანონიერ შედეგად შეიძლებოდა განეხილა მხოლოდ ორი ვარიანტი:
1. როგორც ფაქტებით მტკიცდება ბარტერი მოხდა 2015 წელს. აქედან გამომდინარე, 2016 წლის მოგების გადასახადში კომპანიას უნდა დაერიცხოს 150 კვადრატული მიწის საბაზრო ღირებულებიდან შესაბამისი მოგების გადასახადი, როგორც უსასყიდლოდ გადაცემული ქონებისა. თავისი სანქციით და ყოველგვარი ხარჯების გამოუკლებლად;
2. თუ შემოსავლების სამსახური ჩათვლის, რომ ბარტერში მონაწილეობდა 150 კვადრატული მიწის ნაკვეთიც, მაშინ კომპანიას გააჩნია სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა, თუ საერთო მიწის ფართიდან რამდენი კვადრატული მეტრი მიწა ეკუთვნოდა კომპანიის კუთვნილ კომერციულ ფართს დემონტაჟის შემდეგ (150 კვ. მეტრი ეზოს გარეშე). დასკვნის მიხედვით კომპანიას კომერციული ფართის შესაბამისად ეკუთვნოდა 531.45 კვადრატული მეტრი მიწა. აქედან გამომდინარე, მთლიანი მოსალოდნელი კომპენსაციის თანხა (ბარტერული გარიგების ღირებულება) უნდა გაიყოს მიწის 5 მთლიან კვადრატულობაზე (531,45+150=681,45) და 2016 წელს მოგების გადასახადი დაერიცხოს 150 კვ. მიწის პროპორციულად გამოანგარიშებულ თანხაზე.
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მოუხსნას არასწორად დარიცხული თანხები და დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი, რომლის გადახდაზეც თანახმაა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.06.2020 წლის №17006 და 2022 წლის 24 იანვრის №1216 ბრძანებებით. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მის საკუთრებაში არსებული 458 კვ.მ კომერციული ფართის დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, ასევე ბარტერული ოპერაციის ფარგლებში, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების შეძენის ღირებულების განსაზღვრა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 755 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აპრილის დასკვნიდან ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის საინფორმაციო პორტალიდან (---) მოძიებული იქნა ბარტერში მონაწილე უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია. კერძოდ, 2000 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება არასაცხოვრებელი ფართის (არასაცხოვრებელი ფართი 458 კვ.მ. თავის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. „------“) შეძენასთან დაკავშირებით, შეძენის ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს. ამასთან, 2016 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ მოგების (წლიური) დეკლარაციებში არსებული ინფორმაციით (მითითებული ამორტიზაციის ხარჯი) გაანგარიშდა აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება 2016 წლის დასაწყისისთვის, რაც შეადგენს 4 615 ლარს, რაც სანაცვლოდ მიღებული ფართის და მთლიანი შენობის ფართთან პროპორციის მიხედვით გამოქვითულ იქნა 2016 წლის ერთობლივი შემოსავლიდან. ამგვარად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 755 ლარით.
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ ბარტერი განხორციელდა 2015 წელს და არა 2016 წელს, როგორც აუდიტორებმა ჩათვალეს, მათი პოზიციით ბარტერი მოხდა 2016 წელს და კომპანიამ 150 კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ მიიღო, 450 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ღირებულების კომერციული და საცხოვრებელი ფართები, რაც არასწორად მიაჩნია. 2015 წელი შემოწმების პერიოდში იყო ხანდაზმული, 2015 წელს გასხვისებული კომერციული ფართის ღირებულება არ შეიძლება კომპანიას დაერიცხოს 2016 წლის მოგების გადასახადში, ხოლო 2015 წელს გაწეული ხარჯი არ შეიძლება გამოიქვითოს 2016 წლის ხარჯებში. წარმოადგენს პოზიციას, საჩივარში აღწერილი კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში, მის მიერ გამოანგარიშებული დარიცხვის მართლზომიერებაზე, შედეგად, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს არასწორად დარიცხული თანხების მოხსნა და კუთვნილი გადასახადის დარიცხვა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა კვლავაც აღნიშნა, რომ ბარტერი განხორციელდა 2015 წელს და არა 2016 წელს, ბარტერის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წელს და მასში პირდაპირაა მითითებული, რომ კომერციული ფართი მონაწილეობს ბარტერში პირველ რიგში, 2016 წელს უკვე აღარ გააჩნდა აღნიშნული კომერციული ფართი, ვინაიდან მის დემონტაჟზე ნებართვა გასცა, დემონტაჟი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წელს უკვე მას აღნიშნულზე არანაირი უფლება არ გააჩნდა. აუდიტორებმა ჩათვალეს, რომ ბარტერი მოხდა 2016 წელს და კომპანიამ 150 კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ მიიღო კომერციული და საცხოვრებელი ფართები. თავიდან მოუწია მტკიცება, რომ ბარტერში მონაწილებდა კომერციული ფართი და არა მიწა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა აღიარა, რომ ბარტერში მონაწილეობდა კომერციული ფართიც. მიაჩნია, რომ 2015 წელს გასხვისებული კომერციული ფართის ღირებულება არ შეიძლება კომპანიას დაერიცხოს 2016 წლის მოგების გადასახადში, ხოლო 2015 წელს გაწეული ხარჯი არ შეიძლება გამოიქვითოს 2016 წლის ხარჯებში.
ამგვარად, მომჩივანი საჩივარშიც მიუთითებს და საბჭოს სხდომაზეც წარმოადგენს პოზიციას, არგუმენტებს, გარემოებებს, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული იქნა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, ვერ იქნებოდა ასახული გადაანგარიშების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის სადავო დასკვნაში. ამასთან, მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 იანვრის №1216 ბრძანების შეუსაბამოდ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 იანვრის №1216 ბრძანებით მომჩივნის საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ნაწილში, რისთვისაც დაუკავშირდნენ გადასახადის გადამხდელს და ეთხოვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენა, მაგრამ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული არ იქნა წარდგენილი. ამდენად, საჯარო რეესტრის საინფორმაციო პორტალიდან (----) მოძიებული იქნა ბარტერში მონაწილე უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მისი გათვალისწინებით იქნა განსაზღვრული გამოსაქვითი ხარჯები. სხვა საკითხის ნაწილში, რასაც მომჩივანი წარმოადგენს, საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული და არც არაფერი დავალებია აუდიტის დეპარტამენტს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 იანვრის №1216 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.