ბრძანება N 14712
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14712
27.06.2023
ი/მ -------- (ს/ნ --------)
(მის.: ---------)
2023 წლის 24 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 24 მაისის №81259/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №078-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. განმარტავს, რომ აქვს სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირისა და შესყიდული ჯართის შესახებ მონაცემებს, რაც დასტურდება გამყიდველის ხელმოწერით. 2020 წლის იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე ბრუნვა შეადგენს 651 594 ლარს, რომელიც დასტურდება გაწერილი სასაქონლო ზედნადებებით. აუდიტორმა რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გამოიყენა 15%-იანი ფასნამატი როდესაც მეწარმე იყენებს მინიმუმ 50%-იან ფასნამატს, რაც დასტურდება აღრიცხვის ჟურნალში დაფიქსირებული შეძენის ფასით. ხარჯის მოცულობიდან გამომდინარე 15%-იანი ფასნამატით მეწარმე ვერ იმუშავებს. აცხადებს, რომ შემოწმებას ნებისმიერი შეძენის პერიოდი უნდა შეედარებინა იმავე პერიოდში გაწერილ ზედნადებებში დაფიქსირებულ ფასებთან და დაედგინა შესაბამისი ფასნამატი. მიუთითებს, რომ შეუძლია შესამოწმებელ პერიოდში შერჩევით წარმოადგინოს ფიზიკური პირისგან ნოტარიალურად დამოწმებული დოკუმენტი თუ რა დროს, რა ფასად შეიძინა ჯართი და იმავე პერიოდში რა ფასად გაყიდა მეწარმემ. აცხადებს, რომ რეალიზებული ჯართის თვითღირებულებაა 434 394 ლარი, დეკლარირებული 3%-ით დასაბეგრი ბაზა 215 839 ლარი და მათ შორის სხვაობა ექვემდებარება დამატებით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4734 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 24 აპრილის №8825 ბრძანება და 25 აპრილის №078-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 18 959 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 574 ლარი, ჯარიმა 5 287 ლარი, საურავი 3 098 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ ------- საქმიანობის სახეა შავი ლითონის ჯართის ვაჭრობა. პირის განმარტების მიხედვით აღრიცხვას აწარმოებს ჟურნალში. 18.03.2014-დან რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საქონლის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდება, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია სულ შეადგენს 651 594 ლარს, ფიზიკურ პირებზე 3%-იანი განაცემები 207 105 ლარს. გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტების მიხედვით სმფ-ების ნაშთები არ გააჩნია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, მოძიებულ იქნა შავი ლითონის ჯართის აუდირებული ფასნამატი (რომელიც შეადგენს 15%). შემდგომ განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხოლო მიღებულ რიცხვს გამოაკლდა ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან 3%-ით დაკავებული თანხები. მიღებული თანხობრივი შედეგი განხილულ იქნა როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ლითონის ჯართის ღირებულება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით საქონლის დოკუმენტური შეძენა არ უფიქსირდება, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 651 594 ლარს, ფიზიკურ პირებზე 3%- იანი განაცემები 207 105 ლარს. შემოწმების მიერ განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, მოძიებულ იქნა შავი ლითონის ჯართის აუდირებული ფასნამატი (რომელიც შეადგენს 15%), რის შედეგადაც განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რასაც გამოაკლდა ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან 3%-ით დაკავებული თანხები. მიღებული თანხობრივი შედეგი განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ლითონის ჯართის ღირებულებად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -------- (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის სახეა შავი ლითონის ჯართის ვაჭრობა. პირის განმარტების მიხედვით აღრიცხვას აწარმოებს ჟურნალში. 18.03.2014-დან რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საქონლის დოკუმენტური შეძენა არ ფიქსირდება, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია სულ შეადგენს 651 594 ლარს, ფიზიკურ პირებზე 3%-იანი განაცემები 207 105 ლარს. შემოწმების მიერ განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, მოძიებულ იქნა შავი ლითონის ჯართის აუდირებული ფასნამატი (რომელიც შეადგენს 15%). შემდგომ განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხოლო მიღებულ რიცხვს გამოაკლდა ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან 3%-ით დაკავებული თანხები. მიღებული თანხობრივი შედეგი განხილულ იქნა როგორც ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ლითონის ჯართის ღირებულება და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 49(1"ე"), 43(4), 61(3), 73(5"ა"), 105(2), 72(1), 1333, 154(1"პ").
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.