ბრძანება N 13968

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13968
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13968

20 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2022 წლის 3 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის №17231/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ ----------) №16721/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 მაისის №063-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აგვისტოს №26277 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

ბ) ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენისა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დადგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული 2018-2020 წლის ამონაგები თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აგვისტოს №26277 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 12 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა სულ 46 728 ლარით, მათ შორის: გადასახადი 31 012 ლარი, ჯარიმა 15 716 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 3 მაისის №063-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2022 წლის 3 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №16904 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №16904 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის №17231/2/2022 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 30 ივნისის №16904 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად:

1. არაპირდაპირი მეთოდის განსაზღვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით:

ა) შემოწმებამ, დამატებით შეისწავლა საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები და ელექტრონული ჟურნალები, შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობები, კერძოდ, ინვენტარიზაციის მომენტში გაცხადებული საწვავის ფასები აღემატება ჟურნალში აღრიცხულ ფასებს. ამასთან, ინვენტარიზაციის მასალებში საწვავის ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულებისა და გასაყიდი ფასების შედარებით დათვლილი შეწონილი ფასნამატი შეადგენს 8%-ს, რაც დიდად აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ თუ დოკუმენტურ ფასნამატს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის სანდოობის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია, რაც გადასახადების არაპირდაპირად დათვლის საფუძველს წარმოადგენს.

ბ) ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით, დამატებით შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, საქონლის დოკუმენტური სარეალიზაციო ფასები და ფასნამატები, ასევე მოკვლეული იქნა იმავე რეგიონის აუდირებული საწარმოს ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შედარებით დადგინდა საწვავის საშუალო ფასნამატი 6%. აღნიშნული ფასნამატის გამოყენებით დაანგარიშდა პირის მიერ საწვავის საცალო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და გადაანგარიშდა აქტით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი.

2. გადაანგარიშებით დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნამეტი შემოსავალი. შესაბამისად, შემცირდა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით დაკვალიფიცირებული განაცემის ოდენობა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით:

საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანია აღრიცხვას აწარმოებს „ინფო ბუღალტერიაში“, სადაც ქრონოლოგიურადაა აღრიცხული მიღებული საქონელი, ხოლო რეალიზაცია გატარებულია ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალში. კომპანია მარაგების აღრიცხვას აწარმოებს საშუალო შეწონილი ღირებულებით და ფასნამატზე გავლენას ახდენს საწვავზე შესყიდვის ფასების ხშირი ცვლილება. აქედან გამომდინარე, საშუალო ფასნამატი არ სცდება 2- 2,5 პროცენტს. შესაბამისად, აუდიტორს არ უნდა ეხელმძღვანელა არასწორად შედგენილი ინვენტარიზაციის აქტში დაფიქსირებული ფასნამატით, არამედ უნდა დაყრდნობოდა თვეების ჭრილში კომპანიის მიერ გამოწერილ დოკუმენტებს. აღსანიშნავია, რომ არის დღეები, როდესაც კომპანიის ფასნამატი 10%-ია და არის შემთხვევები, როცა ფასნამატი 1-1,5% ან საერთოდ თვითღირებულებაზე დაბალია. ამასთან, ფასნამატი აუდირებულ პერიოდზე იყო ცვალებადი. იყო შემთხვევები, როდესაც კომპანიას ახალი საქონელი მიუღია და სარეალიზაციო ფასი ყოფილა შესყიდვის ფასზე დაბალი. ასევე, იყვნენ მყიდველები, რომლებიც უნაღდო ანგარიშსწორებით ახორციელებენ კომპანიასთან ანგარიშსწორებას და მათზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სადაც ფიქსირდება კომპანიის სარეალიზაციო ფასები.

საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დადგენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული 2018-2020 წლის ამონაგები თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

ბ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დადგენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული 2018-2020 წლის ამონაგები თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და ფასნამატის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

არაპირდაპირი მეთოდის განსაზღვრის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, შემოწმებამ დამატებით შეისწავლა საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები და ელექტრონული ჟურნალები, შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობები, კერძოდ, ინვენტარიზაციის მომენტში გაცხადებული საწვავის ფასები აღემატება ჟურნალში აღრიცხულ ფასებს. ამასთან, ინვენტარიზაციის მასალებში საწვავის ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულებისა და გასაყიდი ფასების შედარებით დათვლილი შეწონილი ფასნამატი დიდად აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ თუ დოკუმენტურ ფასნამატს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის სანდოობის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია, რაც გადასახადების არაპირდაპირად დათვლის საფუძველს წარმოადგენს.

ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით, დამატებით შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, საქონლის დოკუმენტური სარეალიზაციო ფასები და ფასნამატები, მოკვლეული იქნა იმავე რეგიონის აუდირებული საწარმოს ფასნამატი. აღნიშნული მონაცემების შედარებით დადგინდა საწვავის საშუალო ფასნამატი, რომლის გამოყენებით დაანგარიშდა პირის მიერ საწვავის საცალო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და გადაანგარიშდა აქტით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი.

გადაანგარიშებით დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნამეტი შემოსავალი. შესაბამისად, შემცირდა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით დაკვალიფიცირებული განაცემის ოდენობა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მასალებისა და მომჩივანის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

შეისწავლოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დადგენის შემთხვევაში,საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ამონაგები თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1-ე); 61(3); 73; 101; 136(3); 154; 304

2021 წლამდე მოქედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160; 161