ბრძანება N 36790

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.12.2020
№ დოკუმენტი 36790
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 36790

10/12/2020

სს ----------------

(მის.: ქ. ------- )

2020 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 27 ოქტომბრის № 11568/2/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 07 ოქტომბრის №002-278 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელის მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანის გამო დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრას. ასევე, არ ეთანხმება კაპიტალში არაფულად შენატანზე (შენობის) დღგ-ის თანხის აღდგენის საკითხს და განმარტავს, რომ ქონების შეტანის მიზანი იყო კაპიტალის შევსება და არა ამ ქონების დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოყენება. ითხოვს აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილების გამოყენებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 ივნისის №15217 ბრძანების საფუძველზე სს ----- ს ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს ----- ს მიერ საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის ოპერაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 20 თებერვლიდან 2020 წლის 01 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 25 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 06 ოქტომბერს გამოსცა №30243 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 07 ოქტომბრის №002-278 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 108 556 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 694 921 ლარი, ჯარიმა 347 460 ლარი და საურავი 66 175 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ----- ს 100%-იანი წილის მფლობელის გადაწყვეტილებით შპს ----- მ დააფუძნა სს ----- , სადაც შპს ---- ს წილი განისაზღვრა 40%-ით. შპს ---- ში წილის სანაცვლოდ 2020 წლის 20 თებერვალს ფულად შენატანთან ერთად განახორციელა არაფულადი შენატანი, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება , რომლის ღირებულებამ შეადგინა 4 555 594 ლარი საბაზრო ღირებულებით.

აღნიშნული შენობა-ნაგებობა სს ----- ს დამფუძნებელი აქციონერთა კრების ოქმი N1-ის მიხედვით გამოყენებული იქნება კომპანიის იურიდიული მისამართისა და სათავო ოფისისთვის.

სს ----- ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელება, რომელსაც ახორციელებს სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიების გაცემის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 27 მარტის ბრძანება N05/2-ლ-ის საფუძველზე.

იმის გათვალისწინებით, რომ აქტივების მიმწოდებელი დამფუძნებელი შპს ----- არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, აქტივების მიმღები პირისათვის ითვლება, რომ მიიღო დღგ-ის ჩათვლა და აქტივების გამოყენება მოხდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში. შესაბამისად სს ----- ს ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად 2020 წლის 1 მარტს და სრულად აღედგინა კაპიტალში შენატანი 4 555 594 (დღგ-ის გარეშე 3860672 ლარი) ღირებულების არაფულადი შენატანის (შენობის) დღგ-ის თანხა სადაზღვევო საქმიანობაში ქონების გამოყენების მომენტში 2020 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელი პარტნიორისაგან/წევრისაგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად ფინანსურ ოპერაციას მიეკუთვნება დაზღვევა ან/და გადაზღვევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ამ მუხლის მე-5–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;

საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა შპს ----- მ დააფუძნა სს -----, შესაბამისად სს ----- ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად და სრულად აღედგინა არაფულადი შენატანის (შენობის) დღგ-ის თანხა სადაზღვევო საქმიანობაში ქონების გამოყენების მომენტში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის გადამხდელის მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანის გამო დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრას. ასევე, არ ეთანხმება კაპიტალში არაფულად შენატანზე (შენობის) დღგ-ის თანხის აღდგენის საკითხს. ითხოვს აღნიშნულთან დაკავშირებით სსკ-ს 174-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილების გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელება, მისმა დამფუძნებელმა საწარმომ წილის სანაცვლოდ მომჩივან საწარმოში განახორციელა აქტივების მიწოდება. იმის გათვალისწინებით, რომ აქტივების მიმწოდებელი დამფუძნებელი საწარმო არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, მომჩივანი საწარმო ვალდებული იყო დარეგისტრირებულ იყო დღგ-ის გადამხდელად და სრულად აღედგინა კაპიტალში არაფულადი შენატანის (შენობის) დღგ-ის თანხა სადაზღვევო საქმიანობაში ქონების გამოყენების მომენტში გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 15; 275

01.01.2021 წლამდე მომქედი: 157(6); 168(2,,ა“); 168(4,,ო“); 174