ბრძანება N 16368
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16368
21 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 22 მაისის და 23 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისს და 3 ივლისს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №44 და №52) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) №78969/21 და №567162 (რეგ.: №97369/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის №006-120 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, კერძოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრულ კომპანიის საწესდებო კაპიტალის ოდენობას. არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ საქმესთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტაციის წარუდგენლობის საფუძვლით ძალაში დარჩა არსებული კალკულაციები. აცხადებს, რომ ყველა ახალი დოკუმენტი მათ მიერ წარდგენილი იქნა სასამართლოში და გადაეცა აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც თავად წარმოადგენდა სასამართლო მხარეს. ამასთან, მიიჩნევს, რომ სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც მოპასუხე მხარეს გააჩნდა, არასწორი და არაკანონიერი იყო საწესდებო კაპიტალის გასაჩივრებული აქტით დადგენილი ოდენობით განსაზღვრა. შესაბამისად, იმავე მტკიცებულებების არსებობის პირობებში ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა იგივე დასკვნა. მიიჩნევს, რომ იმავე გაანგარიშების გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ადმინისტრაციული ორგანო მოიპოვებდა დამატებით მტკიცებულებებს საკუთარი გაანგარიშების დასასაბუთებლად და არა პირიქით. გადამხდელი ითხოვს გადაანგარიშების შედეგების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აგვისტოს N26568 ბრძანების საფუძველზე შპს ,,-------“ (ს/ნ „-------“) ჩაუტარდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 30 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა №42709 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-1142 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 100 ლარის ოდენობით, მათ შორის ჯარიმა 100 ლარი.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს 2022 წლის 18 იანვარს, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა საგადასახადო შემოწმების მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის საკითხი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №24113 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის პირველი დეკემბრის №17903/2/2022 გადაწყვეტილებით შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 10 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო ამავე წლის 20 მარტს დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც განხორციელდა გადამხდელის საწესდებო კაპიტალის განსაზღვრა. ასევე, მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №006-1142 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №24113 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის პირველი დეკემბრის №17903/2/2022 გადაწყვეტილების ბათლად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 დეკემბრის №3/886-23 გადაწყვეტილებით, შპს „--------“ (ს/ნ „-------“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საწესდებო კაპიტალის განსაზღრა, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №006-1142 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 სექტემბრის №24113 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის პირველი დეკემბრის №17903/2/2022 გადაწყვეტილება. ამასთან, მოპასუხე შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 13 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ღირებულება დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 16 მაისის №006-120 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში შპს „--------" განმარტავს რომ შემოწმების მიერ დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი, რომელიც შედგება მიწის ღირებულებისა (100 000 ლარი) და შპს „N1-ს" მიერ გაწეული მომსახურებისგან, იმაზე მეტია, ვიდრე შემოწმებამ დააფიქსირა. შემოწმების მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც საუბარია გადაწყვეტილებაში და რომელიც დაადასტურებდა ღირებულების გაზრდას. თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „მიმღები მხარისთვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტში", ვინაიდან, ღირებულებასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა არ განხორციელებულა, შემოწმება კვლავ დაეყრდნო საწესდებო კაპიტალის შეტანის მომენტში არსებული ქონების თვითღირებულებას (2 048 672 ლარი) და საგადასახადო შემოწმებით გასაზღვრული საწესდებო კაპიტალის თანხა დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ:
ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები;
ბ) გადასახადის გადამხდელისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;
ე) დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები;
ი) განახორციელონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და დასახონ შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იურიდიულ პირს მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების სანაცვლოდ აქტივებს გადასცემს ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/886-23), რომელშიც განმარტებულია შემდეგი:
„სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია შპს „---------“ 2018 წლის 29 ივნისის პარტიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, დღის წესრიგად განიხილეს კომპანიის საწესდებო კაპიტალის გაზრდა და შესაბამისად პარტნიორთა შორის წილების გადანაწილება. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად დადგენილია, რომ ბორის სარალიძის, როგორც საზოგადოების პარტნიორის მიერ, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მისი არსებითი შემადგენელი ნაწლით) მდებარე: ქ.„-------“, „-------“, „-------“მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: „-------“) ღირებულებით - 17 270 000 (ჩვიდმეტი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარი. შესაბამისად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი გაიზარდა და შეადგინა -17 272 000 ლარი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა საზოგადოების პარტნიორთა შორის წილების გადანაწილებების პროპორციულობა და დადგინდა შემდეგი სახით, მათ შორის ბორის სარალიძის წილი განისაზღრა 99,98898%-ით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლს პირველი ნაწილით დადგენილი შემთხვევა.
ხოლო, რაც შეეხება აღნიშნული ნორმის მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალის ღირებულების განსაზღრას (შემცირებას) სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ქმედება უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.“
ამასთან, ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: „წარმოდგენილია 15.09.2017 წლის ბორის სარალიძისა და შპს „N1“ შორის დადებული შეთანხმება 2.05.2013 წლის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც შეიცვალა 1.1. პუნქტი და 5.1. პუნქტები და სამუშაოების დასრულების პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 მაისი. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ შპს N1-სთვის გადახდილი მომსახურების თანხის ოდენობას და განმარტავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებით შპს N1-სთვის გადახდილი მომსახურების თანხა მნიშვნელოვანად აღემატება 2 048 672 ლარს. შესაბამისად, არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ ღირებულების ოდენობას. მხედველობაშია მისაღები, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას გამოთხოვილი და შეფასებული არ ყოფილა.“
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/886-23) მიხედვით: „სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირები, გამოითხოვოს მათგან შესაბამისი მტკიცებულებები/ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს როგორც მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალური მდგომარეობა (საწარმოში აქტივის შეტანის მომენტისათვის რამდენი სართული იყო აშენებული, რა მდგომარეობაში რა ღირებულებით) და მათი საბაზრო ღირებულება, ასევე, შპს N1-ის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება (რა მომსახურება იგულისხმება და კონკრეტულად რა ოდენობით).“
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულების გაზრდას. თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო საწესდებო კაპიტალის შეტანის მომენტში არსებული ქონების თვითღირებულებას. ვინაიდან, როგორც საგადასახადო შემოწმების, ასევე გადაანგარიშების ეტაპზეც, კაპიტალში შეტანილ ქონებაზე დამატებით გაწეული ხარჯის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ ფიქსირდება, ქონების თვითღირებულება გამოთვლილია მიწის ღირებულების და ბორის სარალიძის (საწესდებო კაპიტალის შემტანის) მიერ შპს „N1-სთვის“ გადახდილი თანხების მიხედვით.
ამასთან, საგადასახადო დავის მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივნისის N ----- წერილით გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების ხარჯების შესახებ მტკიცებულებები, ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებები, მომსახურების ღირებულების და გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია, უძრავი ქონების შეფასების დასკვნა და სხვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საქმეში არსებული მასალებით და საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევით დგინდება, რომ ქონება კაპიტალში შეტანის მომენტისთვის იყო კარკასულ მდგომარეობაში (აღნიშნული დასტურდება თბილისის მერიის არქტიექტურის სამსახურში წარდგენილი მასალებით, კერძოდ, TAS.ge-ზე არსებული ინფორმაციით), შესაბამისად, კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების ხარჯები მოიცავს მხოლოდ მიწის ღირებულებას და შპს „N1-ის“ მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილ თანხებს სულ 2 048 672 ლარს.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის დებულებები, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ნორმის პირველი ნაწილი ეხება სწორედ წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემას, ხოლო მეორე ნაწილი ადგენს აღნიშნული აქტივის ღირებულებას გადაცემის მომენტისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მიმღები მხარისთვის აქტივების (საწარმოს კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების) ღირებულების განსაზღვრა, მიმწოდებელი მხარისთვის მისი გადაცემის მომენტში არსებული თვითღირებულებით მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე დამატებით ხარჯის გაწევის მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ აქტივის თვითღირებულებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მომჩივანი განმარტავს რომ შემოწმების მიერ დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი, რომელიც შედგება მიწის ღირებულებისა და საწარმოს მიერ გაწეული მომსახურებისგან, იმაზე მეტია, ვიდრე შემოწმებამ დააფიქსირა. შემოწმების მიერ გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც საუბარია გადაწყვეტილებაში და რომელიც დაადასტურებდა ღირებულების გაზრდას. თუმცა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. ასევე, სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „მიმღები მხარისთვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტში", ვინაიდან, ღირებულებასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა არ განხორციელებულა, შემოწმება კვლავ დაეყრდნო საწესდებო კაპიტალის შეტანის მომენტში არსებული ქონების თვითღირებულებას და საგადასახადო შემოწმებით გასაზღვრული საწესდებო კაპიტალის თანხა დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
151.