ბრძანება N 5356
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5356
12 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 15 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 15 იანვრის №86748/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №086-61 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. ნაღდი ფულის დანაკლისის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაბეგვრასთან დაკავშირებით ითხოვს ჯარიმისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად;
2. არ ეთანხმება კომპანიის მიერ შეძენილი შენობა-ნაგობებით 1 წლის განმავლობაში გამყიდველის მხრიდან სარგებლობის განხილვას გაწეულ საიჯარო მომსახურებად და აცხადებს, რომ შემმოწმებელს უსაფუძვლოდ აქვს შეცვლილი სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია;
3. არ ეთანხმება ქონების დასაბეგრი ბაზის გაზრდას და აცხადებს, რომ ფაქტობრივი მტკიცებულებებით ჯერ განხორციელდა შენობის დემონტაჟი, გათავისუფლდა ტერიტორია ძველი ამორტიზებული შენობისგან და მხოლოდ ამის შემდგომ გაიცა ნებართვა ახალ მშენებლობაზე, შესაბამისად, დემონტაჟზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინება ახალი შენობის ღირებულებაში არამართლზომიერია;
4. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №21772 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 დეკემბრის №31534 ბრძანება და ამავე თარიღის №086-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 382 485 ლარი, მათ შორის, გადასახადი 243 529 ლარი, ჯარიმა 119 815 ლარი და საურავი 19 141 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქონლის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან და შემდგომი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ქალაქ----------, იჯარით აღებულ ფართში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასაწყობებას ახორციელებს როგორც იჯარით აღებულ ფართებში, აგრეთვე, საკუთრებაში არსებულ შენობანაგებობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემების (პროგრამული რეპორტების), საბანკო ამონაწერების, პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც საწარმოს გამოუვლინდა ფულადი სახსრების დანაკლისი. გადამხდელის წერილობითი განმარტებით, აღნიშნული თანხა კომპანიის დამფუძნებელს გატანილი აქვს საწარმოდან დივიდენდის სახით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა პარტნიორთა კრების ოქმი და სალაროს გასავლის ორდერი, რომლის მიხედვითაც, დგინდება რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელზე განაწილდა გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდი 1 000 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციიდან წარმოქმნილ ვალდებულებებთან დაკავშირებით საგადასახადო დეკლარაციები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. 2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ფ/პ --------- და ფ/პ --------- გაყიდეს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „----------“. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. -------------ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ შენობა ნაგებობა (საკადასტრო კოდი: ------------). ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენდა 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად გადახდიდან ერთი წლის განმავლობაში ---------- იცხოვრებს საცხოვრებელ სახლში, მყიდველი შეუფერხებლად ისარგებლებს და განკარგავს მიწის ნაკვეთებს. ერთი წლის გასვლის შემდეგ გამყიდველი ვალდებულია, გამოათავისუფლოს საცხოვრებელი სახლი, შეწყვიტოს სახლით სარგებლობა და მყიდველმა შეუფერხებლად შეძლოს ნასყიდობის საგნით სარგებლობა და განკარგვა.
წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს, ერთის მხრივ, მყიდველისთვის მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის შეძენა, ხოლო, მეორეს მხრივ, გამყიდველისთვის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაცია. ხელშეკრულების მიხედვით საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 200 000 აშშ დოლარს და ერთი წლის ცხოვრების უფლებას ნასყიდობის საგანში. გამყიდველისთვის ერთი წლით შენობანაგებობით სარგებლობა წარმოადგენს მყიდველის მიერ გაწეულ საიჯარო მომსახურებას და ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში საიჯარო მომსახურებით მისაღები შემოსავლით განსაზღვრული ღირებულებით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. 2019 წლის 6 მარტს და 2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ კომპანიამ 2019 წელს შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 129.84 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ ----------), ხოლო 2021 წელს შეიძინა ქალაქ --------------ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ -----------). გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობების აშენება შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, დემონტაჟის შედეგად ამოღებული მასალის რეალიზება არ მომხდარა, ხოლო დემონტაჟის შედეგად ამოღებული ინერტული მასალა გადაყრილია ნაგავსაყრელზე, რაზეც გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადებები. გადასახადის გადამხდელს ძველი შენობების ღირებულებები ასახული აქვს ბუღალტრულ პროგრამაში ანგარიშზე - „2130“, როგორც შენობის ღირებულება და დემონტაჟის შემდგომ ჩამოწერილი აქვს პირდაპირ ხარჯის ანგარიშზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ აქტივის ღირებულებაში გაითვალისწინება ყველა კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც ზრდის ამ აქტივის ღირებულებას, შესაბამისად, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება. შემოწმების მიერ გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად საწარმოს გამოუვლინდა ფულადი სახსრების დანაკლისი, წარმოდგენილ იქნა პარტნიორთა კრების ოქმი და სალაროს გასავლის ორდერი, რომლის მიხედვითაც, დამფუძნებელზე განაწილდა დივიდენდი 1 000 000 ლარის ოდენობით და გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია.
ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (ნასყიდობის ფასი - 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) შეიძინა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობა. ხელშეკრულების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად გადახდიდან ერთი წლის განმავლობაში გამყიდველი იცხოვრებდა საცხოვრებელ სახლში, მყიდველი შეუფერხებლად ისარგებლებდა და განკარგავდა მიწის ნაკვეთებს, ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ გამყიდველი ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა საცხოვრებელი სახლი, შეეწყვიტა სახლით სარგებლობა, რათა მყიდველს შეუფერხებლად ესარგებლა ნასყიდობის საგნით. შემოსავლების სამსახური დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების გამყიდველის მხრიდან ერთი წლით შენობა-ნაგებობით სარგებლობა წარმოადგენს საწარმოს მიერ გაწეულ საიჯარო მომსახურებას, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობროვი გარემოების მიხედვით, კომპანიამ 2019 წელს შეიძინა არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 129.84 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ -----------), ხოლო 2021 წელს შეიძინა 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ შენობა ნაგებობა. გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ააშენა ახალი შენობა-ნაგებობები შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის. გადასახადის გადამხდელს ძველი შენობების ღირებულებები ასახული აქვს ბუღალტრულ პროგრამაში ანგარიშზე - „-----------“, როგორც შენობის ღირებულება და დემონტაჟის შემდგომ ჩამოწერილი აქვს პირდაპირ ხარჯის ანგარიშზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ აქტივის ღირებულებაში გაითვალისწინება ყველა კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც ზრდის ამ აქტივის ღირებულებას, შემოწმებით, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება, რითაც გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ფულის დანაკლისის, დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაბეგვრას.
2.არ ეთანხმება კომპანიის მიერ შეძენილი შენობა-ნაგობებით 1 წლის განმავლობაში გამყიდველის მხრიდან სარგებლობის განხილვას გაწეულ საიჯარო მომსახურებად.
3.არ ეთანხმება ქონების დასაბეგრი ბაზის გაზრდას
4.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქონლის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან და შემდგომი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს გამოუვლინდა ფულადი სახსრების დანაკლისი. გადამხდელის წერილობითი განმარტებით, აღნიშნული თანხა კომპანიის დამფუძნებელს გატანილი აქვს საწარმოდან დივიდენდის სახით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა პარტნიორთა კრების ოქმი და სალაროს გასავლის ორდერი, რომლის მიხედვითაც, დგინდება რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელზე განაწილდა გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდი 1 000 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციიდან წარმოქმნილ ვალდებულებებთან დაკავშირებით საგადასახადო დეკლარაციები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
2.მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს, ერთის მხრივ, მყიდველისთვის მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის შეძენა, ხოლო, მეორეს მხრივ, გამყიდველისთვის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაცია. ხელშეკრულების მიხედვით საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 200 000 აშშ დოლარს და ერთი წლის ცხოვრების უფლებას ნასყიდობის საგანში. გამყიდველისთვის ერთი წლით შენობანაგებობით სარგებლობა წარმოადგენს მყიდველის მიერ გაწეულ საიჯარო მომსახურებას და ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში საიჯარო მომსახურებით მისაღები შემოსავლით განსაზღვრული ღირებულებით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.
3.გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობების აშენება შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის.ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ აქტივის ღირებულებაში გაითვალისწინება ყველა კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც ზრდის ამ აქტივის ღირებულებას, შესაბამისად, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება. შემოწმების მიერ გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270(1);275(2);73(9);159(1);163(1);164(1);201(1);202(1);148(1);