ბრძანება N 26228

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.10.2023
№ დოკუმენტი 26228
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26228

24 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------" )

(ფაქტ. მის.: "-------" )

2023 წლის 22 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" ) 2023 წლის 22 მაისის №81189/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №021-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადამხდელი არ ეთანხმება მის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლას და აღნიშნულის საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ გამყიდველისთვის 2021 წლის 05 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება არის გრძელვადიანი შემოსავლის გარანტი, ხოლო მყიდველისთვის - მიღებული სტაბილური და გარანტირებული სიმძლავრე სამომავლო დააგეგმილი მოგების მისაღებად და არა არაფორმალური მმართველობის ფორმა, როგორც განხილულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ. საწარმოს, როგორც გამომუშავებული სიმძლავრის (ჰაშ რეიტების) გამყიდველს, მყიდველთან გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში უფლება აქვს აღასრულოს მისი უფლებები და მიიღოს ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება, რომლის მოთხოვნაც მას შეუძლია, მათ შორის ყველა ხარჯისა და დანახარჯის ჩათვლით, რომელიც გონივრულად გასწია სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებისას, ან საკუთარი არჩევანით გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გონივრულად არის საჭირო შეუსრულებლობის გამოსასწორებლად. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ზიანის ჯამური ოდენობა, რომლის მოთხოვნის უფლება გამყიდველს ექნება მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი დარღვევისთვის, არ უნდა აღმატებოდეს ხელშეკრულების დარჩენილი ვადის ღირებულებასა და საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით დარჩენილ 6 ვადაში მისაწოდებელი ჰაშ სიმძლავრის ღირებულებას შორის უმცირესს. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი ცდილობს ორ პირს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოაჩინოს არაფორმალური მართვის ბერკეტად, მაშინ როდესაც ეს არის ჯანსაღი ბიზნეს გარემოსთვის დამახასიათებელი თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა, სურს არაფორმალურ მმართველად წარმოადგინოს დივერსიფიცირებული, ორივე პირისთვის მომგებიანი ხელშეკრულების მონაწილეთაგან მხოლოდ ერთი, ამის საფუძველზე მიანიჭოს მას მუდმივი დაწესებულების იარლიყი და საქართველოში გაუჩინოს ფიქსირებული დაწესებულების ადგილი „თიზ“-ის გარეთ, მაგრამ საქართველოში. მიუთითებს, რომ შემოწმებამ საწარმო დაუქვემდებარა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას, რადგან მის მიერ სიმძლავრის მიწოდება ჩაითვალა LTD „--------“-ისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად, რადგან „თეორიულად“ მას წარმოეშვა მუდმივი დაწესებულება საქართველოში და მომსახურების გაწევა ჩაითვალა მისი ფიქსირებული დაწესებულებისთვის. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება გრძელდება შესამოწმებელი პერიოდის შემდგომაც, თუმცა უცნობია LTD „--------“- ისთვის საქართველოში საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამომავლო თანამშრომლობის უსაფრთხოდ წარმართვის შესაძლებლობა.

2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14383, 29 ივლისის №20429, 22 სექტემბრის №24348 და 14 ნოემბრის №28610 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 ივნისიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 აპრილის №9281 ბრძანება და ამავე თარიღის №021-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 6 549 332 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 053 176 ლარი, ჯარიმა 1 971 087 ლარი და საურავი 525 069 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,------” გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 29 ივნისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2022 წლის 1 იანვრიდან. საწარმოს 2021 წლის 14 ივლისიდან მინიჭებული აქვს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს სტატუსი. რეგისტრაციის მისამართია: საქართველო, "------" . საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურებების სხვა საქმიანობები. შპს „-------“ ფლობს სერვერულ მოწყობილობებს (მაინერებს), რომელთა საშუალებით გამოიმუშავებს გამოთვლით სიჩქარეს (სიმძლავრე (ჰაშრეიტი)), რომლის მიწოდებასაც ახორციელებს LTD „-------“-ზე. აღნიშნული საწარმოსთვის, რომელიც წარმოადგენს უცხოეთში რეგისტრირებულ კომპანიას (რეგისტრაციის მისამართი "-------" ) აღნიშნული სიმძლავრის მიწოდება ხორციელდება 2021 წლის 29 ნოემბრიდან. შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამომუშავებული სიმძლავრე სრულად უნდა იქნას მიწოდებული LTD „------“-თვის, შპს „------ს “ არ გააჩნია უფლება სიმძლავრე მიაწოდოს სხვა პირს ან/და მოიხმაროს საკუთარი მიზნებისათვის. ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია ჰაშ სიმძლავრის საბაზრო ფასი თითოეულისათვის და შეადგენს 1,30 აშშ დოლარს. აღნიშნული ფასი შეთანხმებულია ხელშეკრულების საფუძველზე და არ იცვლება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. სიმძლავრის მიწოდებასთან დაკავშირებით პერიოდულად დგება მიღება-ჩაბარების აქტები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შეძენილია 164 357 093 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები. აღნიშნული მაინერების ღირებულება დაფარა LTD „--------“-მ და შპს „------ - -ს “ წარმოექმნა დავალიანება არარეზიდენტი საწარმოს მიმართ, სანაცვლოდ შპს „------ - მა “ უნდა განახორციელოს ჰაშრეიტის წარმოება და მიწოდება. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ამავე კოდექსის 29-ე, 157-ე, 159-ე, 1601 , 162, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლით. შემოწმების პროცესში შესწავლილი მასალებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით LTD „-------“-ს მიერ განხორციელებული ოპერაციები უთანაბრდება მუდმივ დაწესებულების მიერ განხორციელებულ ოპერაციებს, ამასთანავე დღგ-ის მიზნებისათვის ჩაითვალა, რომ მომსახურების მიწოდება განხორციელებულ იქნა ფიქსირებული დაწესებულებისათვის. შპს ,,------ - ის “ მიერ LTD „-------“-სათვის გაწეული მომსახურება ჩაითვალა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად, შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ამასთანავე, აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 31 აგვისტო. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6, მე-9 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივ დაწესებულებას უთანაბრდება უცხოური საწარმოს მართვის ადგილი, ფილიალი, წარმომადგენლობა, განყოფილება, ბიურო, ოფისი, სააგენტო, საამქრო, საბადო, კარიერი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების სხვა ადგილი, ნებისმიერი სხვა ქვედანაყოფი ან ამ საწარმოს საქმიანობის სხვა ადგილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ბ) დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი არის ადგილი, საიდანაც დასაბეგრი პირი ახორციელებს თავის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას, სადაც ფუნქციონირებს დასაბეგრი პირის მმართველობითი ორგანო და მიიღება მის საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები. შენიშვნა: თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები არ იძლევა დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას, უპირატესობა ენიჭება ადგილს, სადაც მიიღება მის საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებები;

გ) ფიქსირებული დაწესებულება − ნებისმიერი ადგილი, რომელიც არ არის დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი, მაგრამ ხასიათდება მუდმივობის საკმარისი ხარისხით, აგრეთვე სათანადო სტრუქტურით ადამიანური და ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით, რაც აძლევს მას შესაძლებლობას გასწიოს ან მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს იგი საკუთარი საჭიროებისთვის;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო ფლობს სერვერულ მოწყობილობებს (მაინერებს), რომელთა საშუალებით გამოიმუშავებს გამოთვლით სიჩქარეს (სიმძლავრე (ჰაშრეიტი)), რომლის მიწოდებასაც ახორციელებს LTD „------“-ზე. აღნიშნული საწარმოსთვის აღნიშნული სიმძლავრის მიწოდება ხორციელდება 2021 წლის 29 ნოემბრიდან. შემოწმების პროცესში წარდგენილი ორმხრივი ხელშეკრულებით, გამომუშავებული სიმძლავრე სრულად უნდა იქნას მიწოდებული LTD „-------“-თვის, ხოლო შპს „------ -ს “ არ გააჩნია უფლება სიმძლავრე მიაწოდოს სხვა პირს ან/და მოიხმაროს საკუთარი მიზნებისათვის. ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია ჰაშ სიმძლავრის საბაზრო ფასი თითოეულისათვის და შეადგენს 1,30 აშშ დოლარს, რომელიც შეთანხმებულია ხელშეკრულების საფუძველზე და არ იცვლება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. სიმძლავრის მიწოდებასთან დაკავშირებით პერიოდულად დგება მიღება-ჩაბარების აქტები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შეძენილია 164 357 093 ლარის ღირებულების ძირითადი საშუალებები. აღნიშნული მაინერების ღირებულება დაფარა LTD „------“-მ და შპს „------ - ს “ წარმოექმნა დავალიანება არარეზიდენტი საწარმოს მიმართ, სანაცვლოდ შპს „------ - მა “ უნდა განახორციელოს ჰაშრეიტის წარმოება და მიწოდება. შემოწმების პროცესში შესწავლილი მასალებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით LTD „---------“-ს მიერ განხორციელებული ოპერაციები უთანაბრდება მუდმივ დაწესებულების მიერ განხორციელებულ ოპერაციებს, ამასთანავე, დღგ-ის მიზნებისათვის ჩაითვალა, რომ მომსახურების მიწოდება განხორციელებულ იქნა ფიქსირებული დაწესებულებისათვის. საწარმოს მიერ LTD „-------“-სათვის გაწეული მომსახურება ჩაითვალა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად, შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ამასთანავე, აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 31 აგვისტო. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება მის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლას და აღნიშნულის საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურებების სხვა საქმიანობები. მომჩივანი ფლობს სერვერულ მოწყობილობებს (მაინერებს), რომელთა საშუალებით გამოიმუშავებს გამოთვლით სიჩქარეს , რომლის მიწოდებასაც ახორციელებს მეორე უცხოურ კომპანიაზე.შემოწმების პროცესში შესწავლილი მასალებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით უცხოური კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციები უთანაბრდება მუდმივ დაწესებულების მიერ განხორციელებულ ოპერაციებს, ამასთანავე დღგ-ის მიზნებისათვის ჩაითვალა, რომ მომსახურების მიწოდება განხორციელებულ იქნა ფიქსირებული დაწესებულებისათვის. მომჩივანის მიერ მეორე შპს-სათვის გაწეული მომსახურება ჩაითვალა საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად, შესაბამისად აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ამასთანავე, აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღაი განესაზღვრა.აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

157,159,162,159,165,163,164,269(7),272,275,282.