ბრძანება N 7799

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2024
№ დოკუმენტი 7799
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7799

08 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 24 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №21340/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 24 მაისის №81278/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის

№081-322 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1.გადამხდელი არ ეთანხმება საშუამავლო მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არ არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით. აცხადებს, რომ უცნობია შემმოწმებლის მიერ მითითებული პირის და განმარტების არსებობა/რეალურობა იმ პირობებში, როდესაც კომპანია არ ახორციელებს და არასდროს არ განუხორციელებია საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული საქმიანობა. ასევე გადამხდელისთვის გაურკვეველია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლების განსაზღვრა. აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ შეუსწავლია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნავს, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სს „-----------“ იჯარით აღებული ქონების ქვეიჯარით გაცემა და აღნიშნულ ქონებაში სასტუმრო მომსახურების გაწევა. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფუნქციონირებდა სასტუმრო, საიდანაც მიღებული შემოსავლები კომპანიის მიერ აღიარებულია. ამასთან, კომპანიის მიერ 2022 წლის იანვრიდან განხორციელდა სასტუმრო ფართების ქვეიჯარით გაცემა შპს „----------“ და შპს „-----------“, რაზეც გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულებები. აცხადებს, რომ 2022 წლის თებერვლიდან, როდესაც მოხდა შემოსავლების სამსახურისა და საგამოძიებო ორგანოების შესვლა კომპანიის მოიჯარეებმა და თანამშრომლება შეწყვიტეს საქმიანობა. ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას დაქირავებულ პირებთან მიმართებაში სრულად აქვს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული, ხოლო დასაქმებული პირები წარმოადგენენ მხოლოდ სასტუმროს მომსახურე პერსონალს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძველს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უსაფუძვლობაზე და აცხადებს, რომ შემოწმებას არ გააჩნდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ საცხოვრებელი და კვებით უზრუნველყოფის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები აღიარებული და დაბეგრილი აქვს სრულად. ვარაუდობს, რომ გადამხდელის მოიჯარე კომპანიების დასაქმებული პირების საცხოვრებლისა და კვების უზრუნველყოფის ნაწილიც დაბეგრა შემმოწმებელმა. აღნიშნავს, რომ იჯარით აღებული უძრავი ქონების ნაწილი გაცემული აქვს ქვეიჯარით შპს „-----------“ და შპს „-----------“ და აღნიშნული კომპანიების დასაქმებული პირების უზრუნველყოფას საცხოვრებლითა და კვების მომსახურებით არ ახორციელებდა გადამხდელი.

3. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მარტის №7953 ბრძანების საფუძველზე შპს „------------“ (ს/ნ ---------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 2 დეკემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №33052 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-322 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 8 875 202 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 4 859 245 ლარი, ჯარიმა 2 429 623 ლარი და საურავი 1 586 334 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი ნოემბრის №27044 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი ნოემბრის №27044 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 28 თებერვლის №21340/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი ნოემბრის №27044 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №21340/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობას წარმოადგენს სს „-----------“ იჯარით აღებული სასტუმროს (-----------) ტერიტორიაზე საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა. სასტუმრო, ოფისში მომუშავე პირების გარდა, სხვა გარე პირებს არ იღებდა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების შემდეგ, ოფისში მომუშავე პირებმა სასტუმროს ტერიტორია დატოვეს. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საჯარო რეესტრის ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის და სხვა მასალების დამუშავების შედეგად, მათ შორის ადგილზე დასაქმებული ფიზიკური პირების გამოკითხვით, აღმოჩნდა, რომ შპს „--------“ ოფისში მომუშავე პირები ახორციელებენ არარეზიდენტი კაზინოებისთვის (აზიის ტერიტორიის კონტიგენტი) კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლი აუდირებული პირების მონაცემებით. კერძოდ, განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა შპს „----------“ მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, შემოწმებამ განსაზღვრა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების მიხედვით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე შემოწმების მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, გაანალიზდა კომპანიაში ნაღდი ფულის მოძრაობა, რის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საჯარო რეესტრის ინფორმაციის, გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამისა და სხვა მასალების დამუშავების შედეგად, მათ შორის ადგილზე დასაქმებული ფიზიკური პირების გამოკითხვით დადგინა, რომ შპს „----------“ ოფისში მომუშავე პირები ახორციელებენ არარეზიდენტი კაზინოებისთვის (აზიის ტერიტორიის კონტიგენტი) კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლი აუდირებული პირების მონაცემებით. კერძოდ, განსაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა შპს „-----------“ მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, შემოწმებამ განსაზღვრა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს გასვლითი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობის პროცესში არ წარუდგენია განმარტება იმის შესახებ, რომ მის მიერ იჯარით აღებული სასტუმროს ფართები ქვეიჯარით იყო გადაცემული და იქ საქმიანობას ახორციელებდნენ საჩივარში დასახელებული პირები: შპს ,,----------“ (ს/ნ -----------) და შპს „-------------“ (ს/ნ ---------). ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიებს განხორციელებული საქმიანობა საერთოდ არ უფიქსირდებათ, წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ ნულოვანი დეკლარაციები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ არ ხდებოდა ზემოაღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების დადგენა და ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების განსაზღვრა. ასევე მართლზომიერად განხორციელდა შემოწმებით მიღებული სალაროს ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ წარმუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება საშუამავლო მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 მაისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი ნოემბრის №27044 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი ნოემბრის №27044 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 28 თებერვლის №21340/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი ნოემბრის №27044 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);159(1);1601(1,2)163(1);164(1);101(1);154(1);