გადაწყვეტილება №22435/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22435/2/2024
16 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22435/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №068-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.01.2024 წლის №862 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 249 239.21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 145 577
დღგ - 92 554
საშემოსავლო გადასახადი - 53 023
ჯარიმა - 74 091
საურავი - 29 571.21
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ბლოკის წარმოება. კომპანია ადგილობრივად ახორციელებს წარმოებისათვის საჭირო მასალების შეძენას, რომლის რეალიზაციასაც ახდენს ასევე ადგილობრივად.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის მიზნებისათვის 2023 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდები.
შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31146 ბრძანება და ამავე თარიღის №068-25 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2024 წლის №862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ რეალიზაციის ნაწილზე ხდებოდა ელ. დოკუმენტის გამოწერა. ასევე, საკონტროლო სალარო აპარატის საშუალებით შემოსავლის დაფიქსირება, თუმცა არასრულყოფილად. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, საქონლის შეძენა-რეალიზაცია და წარმოება არ არის აღრიცხული სახეობრივ-რაოდენობრივ-თანხობრივ ჭრილში. წარდგენილი იქნა წარმოების კალკულაციის ცხრილები და სმფ-ების ნაშთების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის მიხედვით, კალკულაციებში იმავე ოდენობით იქნა დაფიქსირებული დანაკარგები, რაც წარმოებულ პროდუქციას სჭირდებოდა დასამზადებლად. თუმცა გადასახადის გადამხდელს აღნიშნულის ჩამოწერის მიზეზით არ მიუმართავს საგადასახადო ორგანოსთვის. ასევე წარადგინა მსგავსი საქმიანობის კომპანიაზე შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დანაკარგის საშუალო ოდენობა შეადგენს 5%-ს. მომჩივნის განცხადებით, წარმოებულ ბლოკს ყოველ წელს იყენებდნენ კომპანიის საჭიროებისთვისაც, თუმცა აღნიშნული ვერ დაადასტურა დოკუმენტურად. კომპანიაში ჩატარებული იქნა სმფ-ს და სალაროს ინვენტარიზაციები 2023 წლის 21 აგვისტოს და დადგინდა საქონლის და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს მიერ წარმოდგენილი მასალების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნისა და ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით, მიღებული იქნა სრულ პერიოდზე წარმოებული და რეალიზებული ბლოკების რაოდენობა, რომლებზეც გავრცელდა წლებისა და სახეობების მიხედვით დოკუმენტურად რეალიზებული ბლოკის ღირებულებები. ასევე გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის წარმოების კალკულაციები. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
როგორც შემოწმების მიერ წარმოებული, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული კალკულაციების მიხედვით, არ ფიქსირდება მიღებული ბლოკებისათვის საჭირო ქვიშა-ხრეშის დოკუმენტური შეძენა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია: საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ხელშეკრულებები და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გაუკეთდა ანალიზი მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობას, მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, რის შედეგადაც მიღებული იქნა თანხა, რომლის ფაქტობრივი არსებობა და მიზნობრიობა არ დგინდება.
ამასთან, ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც დადგინდა სალაროს ნაშთი 455 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 154-ე, 101-ე, 105-ე და 73-ე მუხლების მიხედვით გათვალისწინებული იქნა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და წარმოებულ ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული წარმოებისათვის საჭირო ქვიშა-ხრეშის ღირებულების 75%. დარჩენილი თანხა განხილული იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არასწორად არის გაანგარიშებული ფასნამატი, დარიცხვისას არ არის გათვალისწინებული განადგურებული და გადაყრილი ცემენტი და გამოსაქვითი ხარჯები. ამასთან, მოწოდებული თითო პარკი ცემენტი არასდროსაა ზუსტად 50 კგ და ყოველთვის აკლია 3-5 კილო. წარმოებაში 5%-იანი ბუნებრივი დანაკლისი დაშვებულია ნორმის ფარგლებში, რაც ასევე არაა გათვალისწინებული. ასევე, განმარტავს, რომ არ იყო ინფორმირებული გადაყრასთან დაკავშირებით თუ უნდა ეცნობებინა შემოსავლების სამსახურისთვის. ნაგავსაყრელზე ხდებოდა გამოუყენებელი მასალის გატანა, რაც არის ზარალი კომპანიისთვის და არა მოგება ან რეალიზაცია.
გარდა ამისა მომჩივანი მიუთითებს, რომ გაანგარიშებისას არ არის გამოქვითული იჯარის თანხები და ხელფასები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახლა სიღრმისეული შესწავლა და უზრუნველყოფილ იქნა შემოწმებისას მომჩივანთან თანამშრომლობა. შედეგად კი შეუმცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადი და სანქციები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და “ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს მიერ წარდგენილი მასალების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნისა და ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით, მიღებული იქნა სრულ პერიოდზე წარმოებული და რეალიზებული ბლოკების რაოდენობა, რომლებზეც გავრცელდა წლებისა და სახეობების მიხედვით დოკუმენტურად რეალიზებული ბლოკის ღირებულებები. ასევე გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის წარმოების კალკულაციები. ამასთან, შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და წარმოებულ ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული წარმოებისათვის საჭირო ქვიშა-ხრეშის ღირებულების 75%. დარჩენილი თანხა განხილული იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არასწორად არის გაანგარიშებული ფასნამატი, დარიცხვისას არ არის გათვალისწინებული განადგურებული და გადაყრილი ცემენტი და გამოსაქვითი ხარჯები. ამასთან, მოწოდებული თითო პარკი ცემენტი არასდროსაა ზუსტად 50 კგ და ყოველთვის აკლია 3-5 კილო. წარმოებაში 5%-იანი ბუნებრივი დანაკლისი დაშვებულია ნორმის ფარგლებში, რაც ასევე არაა გათვალისწინებული. ასევე, განმარტავს, რომ არ იყო ინფორმირებული გადაყრასთან დაკავშირებით თუ უნდა ეცნობებინა შემოსავლების სამსახურისთვის. ნაგავსაყრელზე ხდებოდა გამოუყენებელი მასალის გატანა, რაც არის ზარალი კომპანიისთვის და არა მოგება ან რეალიზაცია.
გარდა ამისა მომჩივანი მიუთითებს, რომ გაანგარიშებისას არ არის გამოქვითული იჯარის თანხები და ხელფასები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხემ განმარტა, რომ შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა: წარმოებაში ცემენტზე 5%-იანი ბუნებრივი დანაკლისი, იჯარის თანხები და ხელფასებიც.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილი ფასნამატის შეცვლის და საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №068-25 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 74 091 ლარი და საურავი - 29 571.21 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ, მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილის მიხედვით:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საწარმოს მიერ წარდგენილი მასალების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნისა და ინვენტარიზაციის ნაშთის გათვალისწინებით, მიღებული იქნა სრულ პერიოდზე წარმოებული და რეალიზებული ბლოკების რაოდენობა, რომლებზეც გავრცელდა წლებისა და სახეობების მიხედვით დოკუმენტურად რეალიზებული ბლოკის ღირებულებები. ასევე გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის წარმოების კალკულაციები. ამასთან, შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და წარმოებულ ფულის მოძრაობაში ხარჯად იქნა მიჩნეული წარმოებისათვის საჭირო ქვიშა-ხრეშის ღირებულების 75%. დარჩენილი თანხა განხილული იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არასწორად არის გაანგარიშებული ფასნამატი, დარიცხვისას არ არის გათვალისწინებული განადგურებული და გადაყრილი ცემენტი და გამოსაქვითი ხარჯები. ამასთან, მოწოდებული თითო პარკი ცემენტი არასდროსაა ზუსტად 50 კგ და ყოველთვის აკლია 3-5 კილო. წარმოებაში 5%-იანი ბუნებრივი დანაკლისი დაშვებულია ნორმის ფარგლებში, რაც ასევე არაა გათვალისწინებული. ასევე, განმარტავს, რომ არ იყო ინფორმირებული გადაყრასთან დაკავშირებით თუ უნდა ეცნობებინა შემოსავლების სამსახურისთვის. ნაგავსაყრელზე ხდებოდა გამოუყენებელი მასალის გატანა, რაც არის ზარალი კომპანიისთვის და არა მოგება ან რეალიზაცია. გარდა ამისა მომჩივანი მიუთითებს, რომ გაანგარიშებისას არ არის გამოქვითული იჯარის თანხები და ხელფასები. მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილი ფასნამატის შეცვლის და საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 105;145(6); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)