გადაწყვეტილება №18717/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18717/2/2023
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 24.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18717/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
2. დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვის ხვედრითი წილის და ჩათვლილი თანხის კორექტირება და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №081-123 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.01.2023 წლის №309 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 220 661,22 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 126 816
ჯარიმა - 41 659,2
საურავი - 52 186,02
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №081-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.01.2023 წლის №309 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, საზოგადოების მიერ ადგილობრივი მომწოდებლებისათვის გადახდილი დღგ შეადგენს - 5 550 246 ლარს, ხოლო გადასახდელი დღგ ჩასათვლელი თანხის კორექტირებით შეადგენს სულ - 1 289 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ საზოგადოება სასაქონლო ზედნადებით უკან დაბრუნებულ საქონელზე, რომელზედაც მანამდე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ჩათვლა, არ ახდენდა ჩათვლილი დღგ-ის აღდგენას. შესაბამისად დაკორექტირდა უკან დაბრუნებული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, შესაბამის პერიოდებში მიღებული დღგ-ის ჩათვლა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით საზოგადოების კუთვნილმა ადგილობრივი მომწოდებლებისათვის გადახდილმა დღგ-მა შეადგინა სულ - 5 660 807 ლარი და გადასახდელი დღგ ჩასათვლელი თანხის კორექტირებით შეადგენს სულ - 205 677 ლარს. მიღებული სხვაობით მოხდა დღგ-ის დარიცხვა, რაზედაც გათვალისწინებულია ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და მე-6 ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 177-ე მუხლის პირველ, მე2 და მე-4 ნაწილებზე და საჩივარში მითითებულ განმარტებაზე, რომ ბუღალტრის შეცდომის გამო კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას ჩაითვალოს დღგ-ის თანხები, ვინაიდან მას გამოწერილ ზედნადებებზე არ აქვს ანგარიშ-ფაქტურები მოთხოვნილი.
შემოსავლების სამსახური ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება დღგ-ის პროპორციულ ჩათვლასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით საწარმოში დაფიქსირდა დღგის 18%-ით დასაბეგრი, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული და დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. რაზეც გადასახადის გადამხდელს ჩათვლები მიღებული ჰქონდა სრულად, გამიჯვნის და პროპორციის დაცვის გარეშე. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ხვედრითი წილი და გაუქმებულ იქნა გაუმიჯნავ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლები. ასევე, თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს (დეკემბერი) მოხდა თანხების გადაანგარიშება და გადაანგარიშებულ შედეგები გათვალისწინებულ იქნა ჩათვლებში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, აგრეთვე, მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შემოწმების შედეგად დღგ-ს ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საზოგადოების ბუღალტერი, სასაქონლო ზედნადებით უკან დაბრუნებულ საქონელზე, რომელზედაც მანამდე მიღებული ჰქონდა შესაბამისი ჩათვლა, არ ახდენდა ჩათვლილი დღგ-ის აღდგენას, რასაც შეგნებულად არ აკეთებდა, ანუ ამას აკეთებდა შეცდომით/არცოდნის გამო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანია უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან. ასევე, ბუღალტერს დაშვებული აქვს შეცდომები, კერძოდ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებზე არ აქვს ანგარიშ-ფაქტურები მოთხოვნილი, ასევე არ აქვს ჩათვლები სრულყოფილად ჩათვლილი, რის გამოც ვერ მოხდა სრულყოფილი ჩათვლა. ამჟამად კომპანია ამ შესაძლებლობას მოკლებულია, უნდა ჩაითვალოს ჩაუთვლელი თანხები, რათა მოხდეს ძირითადი გადასახადის შემცირება, რაც ასევე შეამცირებს საურავს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების 1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქციით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მისი ძირითადი მოთხოვნა არის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციებისგან გათავისუფლება, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვის ხვედრითი წილის და ჩათვლილი თანხის კორექტირება და სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს უფიქსირდება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული და დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები სრულად, გამიჯვნის და პროპორციის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, გაანგარიშდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ხვედრითი წილი და გაუქმებულ იქნა გაუმიჯნავ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლები. ასევე, თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს (დეკემბერი) მოხდა თანხების გადაანგარიშება და გადაანგარიშების შედეგები გათვალისწინებულ იქნა ჩათვლებში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორს არასწორად აქვს დაანგარიშებული მომსახურებაზე გაწეული თანხების ჩათვლა, კომპანიის დაანგარიშებით ეს სხვაობა 5 000 ლარამდეა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტორს მომსახურების თანხებში შეყვანილი ჰყავს ოფისის შესყიდვის ანგარიშ-ფაქტურები, როგორც იჯარა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფაქტობრივად ქონების გამოსყიდვასთან და არა იჯარასთან აუდიტორს უნდა გამოეყენებინა ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები. ბასს-ით ასეთი მახასიათებლებია: აღქმადობა, შესაბამისობა, საიმედობა, შესადარისობა. საიმედობა ინფორმაციის სარგებლიანობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ინფორმაცია საიმედოა, თუ იგი არ შეიცავს არსებით შეცდომებს და არ არის ტენდენციური. ინფორმაცია საიმედოა ითვლება, თუ იგი შეცდომებსა და ისეთ მიკერძოებულ შეფასებებს არ შეიცავს, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიონ მომხმარებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არ ახდენს სამეურნეო საქმიანობის ფალსიფიკაციას. ინფორმაცია შეიძლება შესაბამისი, მაგრამ არასაიმედო იყოს. ასეთმა ინფორმაციამ მომხმარებელი შეიძლება მცდარ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს. ინფორმაციის საიმედობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: სამართლიანი წარდგენა, შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა, ნეიტრალურობა, წინდახედულობა, სისრულე. შინაარსის ფორმაზე აღმატებულება გულისხმობს, რომ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური შინაარსის მიხედვით განიხილება მაშინაც კი, თუ მისი იურიდიული ფორმა სხვას ითვალისწინებს. მაშასადამე, ანგარიშგება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამართლებრივი ფორმის, არამედ ეკონომიკური რეალობის ამსახველ ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ფაქტობრივად მომწოდებლის ბუღალტერიის და ასევე ჩვენი ბუღალტერიის შეცდომასთანაც, ის ოფისის გამოსყიდვის ანგარიშ-ფაქტურას იჯარად განიხილავდა და ანგარიშ-ფაქტურასაც ისე წერდა. ასევე, ამ შემთხვევაშიც გამოყენებული უნდა იყოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლება და კომპანია გაათავისუფლოთ დაკისრებული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი ნაწილი გამოითვლება წილადის მიხედვით და ფიქსირდება პროცენტად, სადაც:
ა) მრიცხველი არის იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელთან დაკავშირებითაც დღგ ექვემდებარება ჩათვლას ამ კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) მნიშვნელი არის იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელიც მრიცხველშია ასახული და ოპერაციებისა, რომლებზეც დღგ არ ექვემდებარება ჩათვლას.
მომჩივანის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მისი ძირითადი მოთხოვნა არის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციებისგან გათავისუფლება, ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.