გადაწყვეტილება №20781/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20781/2/2023
14 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ს 7.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20781/2/2023).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;
2. საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-590 საგადასახადო მოთხოვნა;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №011-2023-103964 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
3. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18076 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 89 669.43 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 44 512
ჯარიმა - 22 256
საურავი - 22 901.43
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ასახა 2022 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32350 ბრძანება და ამავე თარიღის №006-590 საგადასახადო მოთხოვნა.
2023 წლის 28 ივნისის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი - 44 663.28 ლარი, ჯარიმა - 22 256 ლარი, საურავი - 27 047.46 ლარი), გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, 2023 წლის 29 ივნისს გამოიცა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის №011-2023-103964 ბრძანება, რომლის საფუძველზეც საბანკო ანგარიშებიდან განხორციელდა 910.96 ლარის ჩამოწერა.
გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2023 წლის №18076 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006- 590 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18076 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ასახა 2022 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32350 ბრძანება და ამავე თარიღის №006-590 საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 12 აპრილს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2.05.2023 წელს, რომლის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 1.06.2023 წელი, ხოლო სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 4.07.2023 და 7.07.2023 წელს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მომჩივნის საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-590 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მისმა წარმომადგენელმა ------მა საგადასახადო მოთხოვნა ჩაიბარა 2023 წლის 5 ივნისს, რომელიც გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში. მიუხედავად ამისა, ინკასო მაინც იქნა გამოცემული, რაც არის დაუშვებელი რამოდენიმე გარემოებიდან გამომდინარე:
1. დღემდე არ არის ჩაბარებული აუდიტის დეპარტამენტის სრული შემოწმების აქტი, სადაც მითითებული იქნება თუ რის საფუძველზე მოხდა თანხის დარიცხვა;
2. ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ და არავითარი სხვა ვადა არ არსებობს. საგადასახადო მოთხოვნა არ ჩაბარებია მომჩივანს ან ვინმე სხვას არანაირი ფორმით, არც რაიმე შეტყობინება ჩაბარებია.
მომჩივანი უთითებს, რომ საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, გასაჩივრების ვადა ჰქონდა გაშვებული, რასაც არ ეთანხმება. ვინაიდან, აღნიშნულ ბრძანებაშივეა მითითებული, რომ მომჩივანი სადავო აქტებს გაეცნო ელექტრონულად 5.06.2023 წელს, რის შემდეგაც პირველადი საჩივარი შეიტანა 2023 წლის 4 ივლისს, ანუ ერთ თვიანი ვადის დაცვით. ამდენად, რაიმე ვადის დარღვევაზე საუბარი არის აბსურდი. თუ რა მისამართზე გაეგზავნა მხარეს საგადასახადო მოთხოვნა არის უცნობი და საიდან მოხდა მისი საჯაროდ გავრცელება ესეც არის გაუგებარი. ამდენად გასაჩივრების ვადა დაცულია და არ არსებობს საჩივარზე უარის თქმის საფუძველი.
რაც შეეხება სამართლებრივ საფუძვლებს, მომჩივანი უთითებს, რომ გამოთხოვილ იქნა შემოწმების ზუსტი მასალები, თუმცა დღემდე არ გადასცემია. მისთვის უცნობია, თუ რატომ და რა საფუძვლით მოხდა ასეთი მოცულობითი თანხის დარიცხვა, ასევე კანონით დადგენილი წესით არ იყო ინფორმირებული შემოწმების დროს და არ ჰქონდა წვდომა შესაბამის მასალებზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2023 წლის №90572-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანი 2022 წლის 15 დეკემბრის შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2022 წლის 21 დეკემბრის №32350 ბრძანებას და ამავე თარიღის №006-590 საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი 30 დღის ვადაში არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტების ჩაბარება (გაეგზავნა 3-ჯერ, აქედან 2-ჯერ 2023 წლის 16 იანვარს და 6 თებერვალს, გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის მისამართზე: ------, -----ს ქ. №---, თუმცა დაუბრუნდა ადრესატს „არ იყვნენ, დავტოვე შეტყობინება“ საფუძვლით. მესამე გზავნილი 14.03.2023 წელს გაიგზავნა შემდეგ მისამართზე: -----, ------ს გამზ. №---, თუმცა დაუბრუნდა გამგზავნს „მისამართი ვერ მოვიძიე, ნომერზე არ უპასუხა“ საფუძვლით), ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 12 აპრილს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2.05.2023 წელს, რომლის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 1.06.2023 წელი, ხოლო სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 4.07.2023 და 7.07.2023 წელს.
ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტაციას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2023 წლის 5 ივნისს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, შესაბამისად, სადავო აქტების წარდგენის თარიღად ითვლება აღნიშნული აქტების პირველად ჩაბარების თარიღი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღე, 2.05.2022 წელი.
მომჩივნის განმარტებით, დღემდე არ არის ჩაბარებული აუდიტის დეპარტამენტის სრული შემოწმების აქტი, სადაც მითითებული იქნება თუ რის საფუძველზე მოხდა თანხის დარიცხვა. ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ და არავითარი სხვა ვადა არ არსებობს. საგადასახადო მოთხოვნა არ ჩაბარებია მომჩივანს ან ვინმე სხვას არანაირი ფორმით, არც რაიმე შეტყობინება ჩაბარებია.
ამგვარად, ვინაიდან საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით და ამასთან, არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18076 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 2023 წლის 28 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი - 44 663.28 ლარი, ჯარიმა - 22 256 ლარი, საურავი - 27 047.46 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 0 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 29 ივნისს გამოიცა გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ №011-2023-103964 ბრძანება, რომლის საფუძველზეც საბანკო ანგარიშებიდან განხორციელდა 910.96 ლარის ჩამოწერა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 238-ე მუხლის პირველი და მე-6 ნაწილებზე, 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალიანების შესახებ ბრძანებას და ითხოვს მის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.
მომჩივანი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალიანების შესახებ ბრძანებას და ითხოვს მის მოხსნას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს 28.06.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა;
2. საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32350 ბრძანებისა და ამავე თარიღის №006-590 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 12 აპრილს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2.05.2023 წელს, რომლის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 1.06.2023 წელი, ხოლო სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 4.07.2023 და 7.07.2023 წელს.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს 2023 წლის 28 ივნისის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი - 44 663.28 ლარი, ჯარიმა - 22 256 ლარი, საურავი - 27 047.46 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 0 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 29 ივნისს გამოიცა გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ №011-2023-103964 ბრძანება, რომლის საფუძველზეც საბანკო ანგარიშებიდან განხორციელდა 910.96 ლარის ჩამოწერა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18076 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(1)(4)(10)(11), 299(4)(10), 301("ე"), 238(1"ე"), 243(1).