გადაწყვეტილება №8750/2/2019

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2020
№ დოკუმენტი 8750/2/2019
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№8750/2/2019

20.11.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს -----

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 20.11.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყეტილება სს -------- ს 12.07.2019 წელს რეგისტირირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №8750/2/2019).

 

დავის საგანი:

ფიზიკურ პირზე 1 000 ლარზე მეტი ნაპატიები თანხის სრულად, შეღავათის გაუთვალისწინებლად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2018 წლის №094-251 საგადასახადო მოთხოვნა;

2.შემოსავლების სამსახურის 25.06.2019 წლის №20833 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 60 444 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 35 525

დღგ - 7 793

უკუდაბეგვრის წესით დარიცხ. დღგ -7 183

საშემოსავლო გადასახადი - 23 233

ქონების გადასახადი - (-2 684)

ჯარიმა -20 305

საურავი - 4 614

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2015 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 19 დეკემბრის შემოწმების შუალედური აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21,12,2018 წლის №37221 ბრძანება, №094-251 საგადასახადო მოთხოვნა და გადამხდელს დაერიცხა სულ 60 443.92 ლარი.

მომჩივანმა აღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 25.06.2019 წლის №20833 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, თუმცა სადავო საკითხებთან მიმართებით,საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხი:

ფიზიკურ პირებზე 1 000 ლარზე მეტი ნაპატიები თანხის სრულად, შეღავათის გაუთვალისწინებლად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

 

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადამხდელი შემოსავალს გამოიმუშავებს რეგრესის საშუალებით. რეგრესის არსი მდგომარეობს შემდეგში: სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, გადამხდელი ვალდებულია დაზღვეულ პირს აუნაზღაუროს დამდგარი ზარალის ოდენობა, რომელსაც სრულად აღიარებს ხარჯად. ამავე დროს აღნიშნულ თანხაზე უჩნდება მოთხოვნა მესამე პირთან (რეგრესანტთან, რომლის ბრალეულობითაც დადგა სადაზღვევო ზარალი). ზოგ შემთხვევაში რეგრესანტი უარს ამბობს ვალდებულების სრულად დაფარვაზე.

გადამხდელი უმეტეს შემთხვევაში არ მიმართავს სასამართლოს თანხის ამოღების მიზნით. რეგრესანტთან აფორმებს მორიგების აქტს, ნაწილ თანხას ანაზღაურებს რეგრესანტი, ნაწილი კი კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ჩამოიწერება მოთხოვნებიდან (პატიობს რეგრესანტს). კომპანია ფიზიკურ პირებზე ნაპატიებ თანხას, რომელიც აღემატება 1 000 ლარს ბეგრავს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებისას ნაპატიებ თანხას აკლებს 1 000 ლარს. ასევე მოთხოვნებიდან ჩამოწერილია 25 252 ლარი, რომლის იდენტიფიცირებასაც ვერ ახდენს გადამხდელი (თუ ვისზე მოხდა ვალის პატიება, რადგან აღნიშნული მოთხოვნები წარმოშობილია წინა პერიოდებში) არ განიხილავს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრად.

შემოწმების შედეგად დაზუსტდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. რადგან ვერ ხერხდებოდა აღნიშნული მოთხოვნების იდენტიფიცირება, ჩამოწერილი თანხები შემოწმებით ჩაითვალა ფიზიკური პირისთვის ვალის პატიებად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლზე, 82-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან დაკავებას არ ექვემდებარება ფიზიკური პირისათვის საგადასახადო

წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის განმარტებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონმდებლის მიზანი, რომელიც საფუძვლად დაედო ნორმის მიღებას. ამისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსახილველი ნორმის წინა რედაქციები, კერძოდ ის, რომ კოდექსის თავდაპირველი რედაქციით დაბეგვრას ექვემდებარება უსასყიდლოდ გადაცემული ქონება სრულად მიუხედავად მისი ღირებულებისა. ამასთან, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი იყო ფიზიკური პირის შეღავათი და გათავისუფლებული იყო ფიზიკური

პირის მიერ წლის განმავლობაში ჩუქებით მიღებული 1 000 ლარამდე შემოსავალი, 2012 წელს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტშიც მიეთითა, რომ წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარება ფიზიკური პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება 1 000 ლარამდე. ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლში მითითებული გამონაკლისი 1 000 ლარამდე ღირებულების ქონებასთან მიმართებაში კავშირშია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლთან გამომდინარეობს იმ გარემოებიდანაც, რომ ვინაიდან 2012 წელს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შემდეგ ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის ფორმულირება არ ემთხვეოდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში შესაბამისი ქვეპუნქტის ფორმულირებას, 2012 წელსვე განხორციელდა განსახილველი ნორმის დაზუსტება და ფორმულირებას დაემატა, რომ წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარება ფიზიკური პირისათვის წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე უსასყიდლოდ გადაცემული ქონება.

სადავო არ არის, რომ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი ეხება ფიზიკური პირის მიერ წლის განმავლობაში ჩუქებით მიღებულ 1 000 ლარამდე სარგებელს და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ სარგებლის ოდენობა, რომელიც აღემატება 1 000 ლარს.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი ნორმის ფორმულირება არსებითად იმეორებს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ფორმულირებას, ამ შემთხვევაშიც არგუმენტს მოკლებულია ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაცია და ფიზიკურ პირზე აგენტის მიერ უსასყიდლოდ 1 000 ლარზე მეტი ღირებულების ქონების გადაცემის შემთხვევაში ამ ქონების სრული ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

გასათვალისწინებელია, რომ ნორმის სხვაგვარი განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან კანონმდებლის ნება ვერ იქნებოდა გადამხდელის მიერ საკანონმდებლო ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების პირობებში გადამხდელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინების შემთხვევაში გადამხდელს უნდა დაეკისროს სანქცია იმ შემთხვევაშიც თუ, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას, კერძოდ:

თუ კომპანია საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკურ პირზე რამოდენიმეჯერ განახორციელებს თანხის უსასყიდლოდ გადაცემას და ჯამში განაცემის ოდენობა გადააჭარბებს 1 000 ლარს, კომპანია ვალდებულია სრულად განახორციელოს წლის განმავლობაში განხორციელებული განაცემების წყაროსთან დაბეგვრა; შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ წლის დასაწყისში შესაძლოა განხორციელებული იყო 1 000 ლარზე ნაკლები ღირებულების ქონების გაცემა ფიზიკურ პირზე, მას წლის ბოლოს წარმოეშობა ამ განაცემის წყაროსთან დაბეგვრის და შესაბამისი პერიოდის დეკლარაციის დაზუსტების ვალდებულება, რაც გამოიწვევს პირისათვის სანქციის (საურავის და შესაძლოა ჯარიმის) დაკისრებას.

მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, საურავის განმარტება წინააღმდეგობაში მოდის მის გამოყენებასთან, რადგან საგადასახადო აგენტს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ წინასწარ განესაზღვრა საგადასახადო წლის განმავლობაში გადაცდებოდა თუ არა 1 000 ლარიან ზღვარს და წარმოეშობოდა თუ არა საგადასახადო ვალდებულება. ამდენად, ასეთი განმარტება არ არის სწორი და არ გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან. არასწორო იქნება განსახილველ ნორმის ინტერპრეტაცია იმდაგვარად, რომ განაცემი, რომლითაც პირი გადააჭარბებს 1 000 ლარიან ზღვარს საშემოისავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს სრულად.

კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელს ექნებოდა ასეთი მიზანი, ნორმაში მითითებული იქნებოდა საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ანალოგიური ჩანაწერი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა. ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, მათ შორის შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკუირ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1 000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია ფიზიკურ პირებზე ნაპატიებ თანხას, რომელიც აღემატება 1 000 ლარს ბეგრავს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებისას ნაპატიებ თანხას აკლებს 1 000 ლარს, მოთხოვნებიდან ჩამოწერილ თანხას, არ განიხილავს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრად. შემოწმებით, ჩამოწერილი თანხები ჩაითვალა ფიზიკური პირისთვის ვალის პატიებად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანს არასწორად მიაჩნია რომ ნაპატიები თანხა, რომლითაც პირი გადააჭარბებს 1 000 ლარიან ზღვარს, საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს სრულად

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში, 1 000 ლარზე მეტი ღირებულების ქონების ფიზიკურ პირზე ჩუქების შედეგად ამ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, იბეგრება სრულად, გადახდის წყაროსთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის

პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.