ბრძანება N 9989

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 9989
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9989

30 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 30 ნოემბრის საჩივრის ნაწილობრივ

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) №202656/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ასევე შემოწმებით უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №16695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები.

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25428 ბრძანება და 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 309 626 ლარი, მათ შორის, გადასახადი 177 549 ლარი, ჯარიმა 88 776 ლარი და საურავი 43 301 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 აპრილის №22042/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლებიც არ ყოფილა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შესაფასებელია ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხიც.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „----ს“ 2021 წლის 31 დეკემბერს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, როგორც მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები (ანგარიში 1480), ერიცხება დებიტორული მოთხოვნა 918 902 ლარი (320 432 აშშ დოლარი), რომელიც უკავშირდება საქონლის (კოქსის) მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილ თანხას. შპს „----მა“ წარმოადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტი კომპანია „----“ აღიარებს 320 432 აშშ დოლარის ვალდებულებას შპს „---ის“ მიმართ. 2020 წლის აგვისტოს თვიდან გადასახადის გადამხდელს საქონლის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობა აღარ განუხორციელებია, მათ შორის, მთელს შესამოწმებელ პერიოდში ფულადი ან\და სასაქონლო ოპერაციები არ ხორციელდება ზემოხსენებულ არარეზიდენტ კომპანიასთან.

შემოწმების მიმდინარეობისას, ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ არ განხორციელდა საქონლის მოწოდება ან/და თანხის უკან დაბრუნება გონივრულ ვადაში, აღნიშნულ ოპერაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეცვალა კვალიფიკაცია და შემოწმების მიერ განხილულ იქნა 2021 წლის 31 დეკემბერს გაცემულ სესხად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. არარეზიდენტ კომპანიაზე სესხის გაცემად დაკვალიფიცირებულ თანხასთან დაკავშირებით, უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე გაანგარიშებულ იქნა (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) ყოველთვიური სარგებელი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების მიხედვით დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ არსებობს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.

სამეურნეო ოპერაციები მხარეებს შორის ხორციელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში, ანუ ოპერაციის შინაარსია მხოლოდ მოგების მიღება, რასაც ადასტურებს დებიტორის შეტყობინებებიც. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო იყო ქვანახშირის შესყიდვა და საბითუმო გაყიდვა. პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე მას ჰყავს შეზღუდული მომხმარებელი, ამასთან, ვალდებულების წარმოშობის პერიოდი ემთხვევა პანდემიის პერიოდს, როცა შეზღუდული იყო გადაადგილება ქვეყნებს შორის. აღნიშნულმა არსებითი ზეგავლენა მოახდინა სამეურნეო სუბიექტების საქმიანობაზე და პანდემიის დასრულებიდან დღემდე მიმდინარეობს მისი შედეგების აღმოფხვრის მცდელობები. ამასთან, აცხადებს, რომ გაუგებარია უსასყიდლო ოპერაციას რატომ დაერიცხა სარგებელი, ან რა თანხაზე და რა სარგებელი იქნა დარიცხული.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად: „მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ განხორციელდა კომპანიის „----“-სთან ურთიერთობის დეტალური შესწავლა. გამოთხოვილი იქნა უკრაინიდან დოკუმენტაცია, თუმცა მისი წარდგენა ვერ მოხერხდა შემოსავლების სამსახურში, ვინაიდან, საკითხი განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული დოკუმენტაცია თან ერთვის დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარს.

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივანს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები, რომლებიც არ ყოფილა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შესაფასებელია ოპერაციის კვალიფიკაციის საკითხიც.“

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ასევე შემოწმებით უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებულ თანხაზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25428 ბრძანება და 13 ოქტომბრის №081-261 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 309 626 ლარი, მათ შორის, გადასახადი 177 549 ლარი, ჯარიმა 88 776 ლარი და საურავი 43 301 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 10 აპრილის №22042/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33946 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 982; 983.