გადაწყვეტილება №25491/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25491/2/2025
12 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 21.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25491/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მართლზომიერება;
2. ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინება;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №002-56 საგადასახდო მოთხოვნა;
2. მომსახურების დეპარტამენტის 17.02.2025 წლის №011-59 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №13535 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 62 732,31 ლარი.
14.05.2025 წლის №002-56 საგადასახდო მოთხოვნა - 60 781,89
მათ შორის:
დღგ - 36 288,62
ჯარიმა - 18 144,5
საურავი - 6 348,77
17.02.2025 წლის №011-59 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 1 950,42
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა თონისა და საცხობის ფუნქციონირება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 23.02.2007 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 24.09.2020 წლიდან. საცხობი მდებარეობს -------, -------.
აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.06.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის №002-56 საგადასახადო მოთხოვნა.
ეკონომიკური საქმიანობის დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებისთვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და დაეკისრა ჯარიმა 1 950,42 ლარი, რაზეც შედგენილია მომსახურების დეპარტამენტის 17.02.2025 წლის №011-59 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო მოთხოვნა და სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2025 წლის №13535 ბრძანებით, საჩივარი, მომსახურების დეპარტამენტის 17.02.2025 წლის №011-59 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა
შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №13535 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5248 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 1.06.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების პროცესში დამუშავებულია ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, შესამოწმებელ პერიოდში, 1.06.2023-1.03.2025 წწ, გადასახადის ადმინისტრირების სისტემაში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციები, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერები და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი პოსტერმინალის ამონაწერები. აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ჯამურად დღგ-ის ბრუნვა 829 545 ლარის ოდენობით. ამასთან, ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელს 1.06.2023-1.12.2024 წწ პერიოდებზე არ აქვს წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციები, ხოლო 2025 წლის იანვარ-თებერვალში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 77 227 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, 1.06.2023-1.03.2025 წწ საანგარიშო პერიოდებზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სულ ჯამურად 829 545 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრულსა და დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა (752 318 ლარი) დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით განსაზღვრული ჯარიმები 18 144 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მითითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე.
შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერების და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი პოსტერმინალის ამონაწერების საფუძველზე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შეძენილ საქონელსა და მიღებულ მომსახურებაზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დამატებით განისაზღვრა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ დღგ-ის ჩათვლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს არ აქვს გაყოფილი საქმიანობა, შესაბამისად, თონიდან და საცხობიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად დაბეგრილია დღგ-ით. შემოწმების პროცესში განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინება, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები კი ეკუთვნის წინა შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდს.
ზემოაღნიშნულის სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვისა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხის განსაზღვრა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ არის წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სრული შემოსავლის 50% შეადგენს თონიდან (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსიდან) მიღებულ შემოსავალს, თუ ექნებოდა ერთმანეთთან დამოუკიდებელი სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, მაშინ ფიქსირებული გადასახადიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგრებოდა დღგ-ით, შესაბამისად ბიუჯეტისთვის გადასახდელი ექნებოდა მხოლოდ საცხობიდან (სხვადასხვა ცომეული) მიღებული შემოსავლის დღგ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ არ მოხდა დღგ-ის დეკლარაციების მოდულის ჩართვა (დღგ-ის მოდული ჩაურთეს 2025 წლის თებერვალში), რის შემდგომ მოხდა აუდიტორთან სატელეფონო კომუნიკაცია დღგ-ის დეკლარაციის მოდულის ჩართვასთან დაკავშირებით. 2023 წლის ივნისიდან აპირებდა დღგ-ის დეკლარაციების წარდგენას, თუმცა კამერალური შემოწმების გამო, ვერ უზრუნველყო დეკლარაციების დროული წარდგენა (შემოსავლების სამსახურის წერილით დეკლარაციების დაზუსტებასთან დაკავშირებით არ იყო ვადა განსაზღვრული, წერილი №217299655).
ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოთ აღნიშნული გარემოება და შეუმცირდეს ძირითადი გადასახდელი თანხა 30%-ით (10 000 ლარით).
ვინაიდან არ ჰქონია განზრახვა გადასახადების შემცირებისა და გადასახადისგან თავის არიდების (თვითონ მოითხოვა დღგ-ის დეკლარაციის მოდულის ჩართვა, რათა წარედგინა დეკლარაციები) აღნიშნული დარღვევები გამოწვეულია გამოუცდელობის და არცოდნის გამო, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმის (18 144,5 ლარი) და საურავის (6 348 ლარი) თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 1.06.2023-1.03.2025 წწ პერიოდში მომჩივანს ჯამურად უფიქსირდება დღგ-ის ბრუნვა 829 545 ლარის ოდენობით. 1.06.2023-1.12.2024 წწ პერიოდებზე არ აქვს წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციები, ხოლო 2025 წლის იანვარ-თებერვალში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 77 227 ლარს.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლის 50% შეადგენს თონიდან (ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსიდან) მიღებულ შემოსავალს. დღგ-ის მოდული ჩაურთეს 2025 წლის თებერვალში. 2023 წლის ივნისიდან აპირებდა დღგ-ის დეკლარაციების წარდგენას, თუმცა კამერალური შემოწმების გამო, ვერ უზრუნველყო დეკლარაციების დროული წარდგენა. ითხოვს შეუმცირდეს ძირითადი გადასახდელი თანხა 30%-ით (10 000 ლარით). მიუთითებს, რომ არ ჰქონია განზრახვა გადასახადების შემცირებისა და გადასახადისგან თავის არიდების და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმის და საურავის თანხები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს თონისა და საცხობის ფუნქციონირება. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 23.02.2007 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 24.09.2020 წლიდან. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა წინა პერიოდის საგადასახადო შემოწმების შედეგად. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში მომჩივანს გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსიც. აღნიშნულის შემდეგ გადასახადის გადამხდელს არ აქვს გაყოფილი საქმიანობა, შესაბამისად თონიდან და საცხობიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად დაიბეგრა დღგ-ით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივანს შესაბამისი საქმიანობის ნაწილში გაუქმებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის მიერ განხორციელებული ოპერაციების მიხედვით დღგ-ის გაანგარიშება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული დღგ-ით დასაბეგრი თანხა, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
2. ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5248 და 1.05.2025 წლის №8282 ბრძანებების შესაბამისად, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა ასევე 1.06.2023-1.03.2025 წწ პერიოდებში მომჩივნის მიერ შეძენილ საქონელსა და მიღებულ მომსახურებაზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურები. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის იანვარ-თებერვლის დღგ-ის დეკლარაციებით ჩათვლილი აქვს დღგ 8 657 ლარის ოდენობით, 99 129 ლარი დამატებით იქნა გათვალისიწინებული დღგის ჩასათვლელ თანხებში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორისთვის მიწოდებული იყო ჩაუთვლელი ანგარიშ ფაქტურები, რისი გათვალისწინებაც არ მოხდა. ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურებით უნდა მოხდეს დღგ-ის ჩათვლა, რაც ჯამში შეადგენს 4 867,93 ლარს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში მომჩივნის მიერ შეძენილ საქონელსა და მიღებულ მომსახურებაზე გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის იანვარ-თებერვლის დღგ-ის დეკლარაციებით ჩათვლილი აქვს დღგ 8 657 ლარის ოდენობით. 99 129 ლარი დამატებით იქნა გათვალისიწინებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში.
მომჩივანი მოითხოვს ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურებით მოხდეს დღგ-ის ჩათვლა, ჯამში 4 867,93 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების პროცესში მოხდა მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდში მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინება, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები ეკუთვნის წინა შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებს, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლების ჩასმის მიზნით შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტებაზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული ანგარიშ-ფაქტურები ეკუთვნის წინა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდს, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომსახურების დეპარტამენტის 17.02.2025 წლის №011-59 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 24.09.2020-6.02.2025 წწ პერიოდში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე და 301-ე მუხლებზე.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანი მომსახურების დეპარტამენტის 17.02.2025 წლის №011-59 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 19.02.2025 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 11.06.2025 წელს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში არ აქვს მითითებული არგუმენტები საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შესახებ.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 17.02.2025 წლის №011-59 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის იანვრის თვის დეკლარაცია წარდგენილია ვადების დაცვით, თუმცა მომსახურების დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით №011–59, მოხდა ჯარიმის დარიცხვა 1 950,42 ლარის ოდენობით, აღნიშნული ჯარიმა ხვდება შესამოწმებელ პერიოდში და შესაბამისად უნდა მომხდარიყო გათვალისწინება.
მომჩივანი ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის №011-59 ოქმით დაკისრებული ჯარიმის 1 950,42 ლარის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
მომსახურების დეპარტამენტის 23.07.2025 წლის №65265-21-11 წერილის მიხედვით, ამავე დეპარტამენტის 17.02.2025 წლის №011-59 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 19.02.2025 წელს.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია (№96151/1/2025) ელექტრონულად 11.06.2025 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის №011-59 ოქმით დაკისრებული ჯარიმის 1 950,42 ლარის გაუქმებას, თუმცა აღნიშნულ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №13535 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ვინაიდან სადავო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით გასულია შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, შემოსავლების სამსახურის 7.07.2025 წლის №13535 ბრძანება ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საკითხზე.
ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მართლზომიერება;
2. ჩაუთვლელი ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინება;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების პროცესში დამუშავებულია ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის ადმინისტრირების სისტემაში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციები, ასევე საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერები და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი პოსტერმინალის ამონაწერები. შემოწმებით განსაზღვრულსა და დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.
შემოწმების პროცესში მოხდა მხოლოდ შესამოწმებელი პერიოდში მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინება, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები ეკუთვნის წინა შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებს, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლების ჩასმის მიზნით შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტებაზე.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანი მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 19.02.2025 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 11.06.2025 წელს.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ვინაიდან სადავო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით გასულია შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საკითხზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 175; 269(7); 301(ე)