გადაწყვეტილება №20786/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 20786/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20786/2/2023

19 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 7.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20786/2/2023).

 

დავის საგანი:

იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის №052-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20743 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 360,2 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 52 807

ჯარიმა - 26 404

საურავი - 5 149,2

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე პერიოდი. მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები, სარეალიზაციო საქონლის იმპორტი. კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გაწეულია ხარჯი, რომელზეც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, ვინაიდან აღნიშნული თანხების გადახდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა ვერ ადასტურებს იმ პირების ვინაობას ვინც ახდენდა ნაღდ ანგარიშსწორებას და არც კომპანიის დირექტორს ან სხვა ანგარიშვალდებულ პირს არ უფიქსირდება საბაჟოზე აღნიშნული ოდენობით თანხის გატანა ან რაიმე სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შედარების აქტში ვერ დასტურდება უცხოური მომწოდებლის ხელმომწერი, ანგარიშვალდებული პირის ვინაობა და შედარების აქტი არ იქნა „აპოსტილით“ დამოწმებული. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებამ იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებების თანახმად და ხარჯად დაკვალიფიცირდა საინვოისო ღირებულების 75%, ხოლო სხვაობის თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ ფულად სარგებლად საგადასახდო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის №052-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20743 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი რეალიზებული საქონლის შეძენას ახდენს არარეზიდენტისგან.

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე არც კომპანიის დირექტორს ან სხვა ანგარიშვალდებულ პირს არ უფიქსირდება საბაჟოზე აღნიშნული ოდენობით თანხის გატანა ან რაიმე სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულება. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შედარების აქტში ვერ დასტურდება უცხოური მომწოდებლის ხელმომწერი, ანგარიშვალდებული პირის ვინაობა და შედარების აქტი ვერ იქნა „აპოსტილით“ დამოწმებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებების მიხედვით და ხარჯად დააკვალიფიცირა საქონლის საინვოისო ღირებულების 75%, ხოლო სხვაობის თანხა განიხილა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საგადასახადო შემოწმებისთვის წარდგენილისგან განსხვავებული მტკიცებულებები/დოკუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ მიიღო:

- არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლითაც დასტურდება „კომპანიის“ მიერ არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის თანხას გადახდა. მტკიცებულება: „---“-ის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები (დანართი №4, გვ. 33 - გვ. 35);

- არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ გაცემული შეტყობინება/განცხადება (Notice 568794), რომლითაც არარეზიდენტი მომწოდებელი ადასტურებს, რომ 1.08.2022 წლიდან - 31.03.2023 წლამდე მის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულება გადახდილია სრულად, მეტიც კომპანიას 40 000 აშშ დოლარი გადახდილი აქვს ავანსის სახით.

მტკიცებულება: „---“-ის მიერ გაცემული შეტყობინება/განცხადება (Notice 568794) (დანართი №5. გვ. 36 - გვ. 40); - არარეზიდენტი მომწოდებლის სარეგისტრაციო დოკუმენტები (ხელმძღვანელი პირების მითითებით) და განხორციელებულ საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ კომპანია მდებარეობს ქალაქ---ში, ---ის პროვინციაში.

საწარმოს მდებარეობა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ----ს („აპოსტილის“) კონვენციას მიერთებული იყო მხოლოდ ---ის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონისა და ---ს ავტონომიური რესპუბლიკის ნაწილში. შესაბამისად, ---ს სხვა რეგიონების (---) კონვენციაზე მიერთება ძალაში შედის 7.11.2023 წელს. შესაბამისად, ---ის პროვინციაში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება თეორიულად ვერ მოხდება 7.11.2023 წლამდე. მტკიცებულება 1: „---“-ის სარეგისტრაციო მონაცემები და საქმიანობის ლიცენზია (Notice 568794) (დანართი №6, გვ. 41 - გვ. 56), მტკიცებულება 2: ოფიციალური სია „აპოსტილის“ კონვენციის ქვეყნების: https://www.hcch.net/en/instruments/conventions/status-table/?cid=41 მტკიცებულება

3: ---ის კონვენციის ნორმების ძალაში შესვლის თარიღი და წესი: -----;

- ის გარემოება, თუ რატომ ახორციელებდა კომპანია არარეზიდენტ მომწოდებელთან ნაღდ ანგარიშსწორებას, კერძოდ: არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ კომპანიისთვის საქონლის მოწოდების პირობას წარმოადგენდა CIF-თბილისი ე.ი. მომწოდებელი კომპანია თავად იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო---დან საქართველოში საქონლის ტრანსპორტირება და CIF პირობით საქონლის კომპანიისთვის თბილისში მიწოდება. ვინაიდან სატრანსპორტო კომპანიამ საქონლის ტრანსპორტირება განახორციელა ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (დანართი №7: საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტი მაგალითის სახით, გვ. 57), საქართველოს რეზიდენტმა ბანკებმა, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დაკავშირებით მოქმედი ფინანსური შეზღუდვების გამო (რომელიც მითითებულია ასევე ოფიციალურად გამოქვეყნებულ საბანკო მომსახურების ზოგად პირობებში), უარი განაცხადეს გადარიცხვის განხორციელებაზე, კერძოდ საქართველოს რეზიდენტი ბანკების ზოგადი პირობები ითვალისწინებს შემდეგს:

დაუშვებელია ირანთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულება/ანგარიშსწორება:

ა) ირანში ან ირანული წარმოების პროდუქციის შეძენა, იმპორტი, გადაზიდვა ან/და

ბ) სხვა ქვეყანაში შეძენილი პროდუქციის ირანის ტერიტორიის გავლით ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთის ტრანსპორტირება (დანართი №8, გვ. 58).

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია იძულებული შეიქმნა უცხოელ მომწოდებელთან ანგარიშსწორება მოეხდინა ნაღდი ანგარიშსწორებით.

შემოსავლების სამსახურმა 22.08.2023 წლის №20743 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი და ძალაში დატოვა სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შემდეგ გარემოებებზე მითითებით, რომ

- (თითქოს) საგადასახადო შემოწმების ფარგლებში იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ გარემოებასთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურს მივუთითებთ ადმინისტრაციული საჩივრის №4 დანართზე (გვ. 33 - გვ. 35)

- ნოტარიულად ნათარგმნ დოკუმენტებზე, რითაც დასტურდება კომპანიის მიერ არარეზიდენტი მომწოდებლისთვის თანხები გადახდის ფაქტი.

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შედარების აქტში ვერ დასტურდება უცხოური მომწოდებლის ხელმომწერი, ანგარიშვალდებული პირის ვინაობა. მოცემულ გარემოებასთან მიმართებაში მივუთითებთ ადმინისტრაციული საჩივრის №5 დანართზე (გვ. 36 – გვ. 40)

- ნოტარიულად ნათარგმნ დოკუმენტებზე, სადაც ხდება დოკუმენტზე (შედარების აქტზე) ხელმომწერი პირისა და კომპანიის წარმომადგენლობაზე მისი უფლებამოსილების იდენტიფიცირება.

- არარეზიდენტი მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი შედარების აქტი ვერ იქნა აპოსტილით დამოწმებული. მოცემულ გარემოებასთან მიმართებაში მივუთითებთ, რომ კომპანია მდებარეობს ქალაქ ---ში, ---ის პროვინციაში. საწარმოს მდებარეობა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ---ის („აპოსტილის“) კონვენციას მიერთებული იყო მხოლოდ ---ის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონისა და ---ს ავტონომიური რესპუბლიკის ნაწილში. შესაბამისად,---ს სხვა რეგიონების (----) კონვენციაზე მიერთება ძალაში შედის 7.11.2023 წელს. შესაბამისად, ----ის პროვინციაში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება თეორიულად ვერ მოხდება 7.11.2023 წლამდე.

---ის კონვენციის სტატუსის შემოწმებასთან დაკავშირებით მივუთითებთ შემდეგ ლინკებზე: ოფიციალური სია „აპოსტილის“ კონვენციის ქვეყნების:

https://www.hcch.net/en/instruments/conventions/status-table/?cid=41

----სთვის კონვენციის ნორმების ძალაში შესვლის თარიღი და წესი: ----.

- დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საგადასახადო შემოწმებისთვის წარდგენილისგან განსხვავებული მტკიცებულებები/დოკუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

მოცემულ გარემოებასთან მიმართებაში მივუთითებთ, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული დოკუმენტების/მტკიცებულების დიდი ნაწილი კომპანიის მიერ ვერ იქნა წარდგენილი საგადასახადო შემოწმების ეტაპზე და მათი წარდგენა მოხდა საგადასახადო დავის ეტაპზე. საგადასახადო ორგანოს მხრიდან კომპანიის გამოქვითვების შემცირება და აღნიშნული თანხების დირექტორის სახელფასო სარგებლად ჩათვლა, იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შემდეგი გარემოებების გამო: ,- საგადასახადო ორგანოს შემოწმების პროცესში სადავოდ არ გაუხდია მოწოდებული საქონლის ღირებულება, ე.ი. ის გამოსაქვითი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია საქონლის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალთან. აღნიშნული ღირებულებები სადავო არ გამხდარა არც საბაჟო ორგანოების მხრიდან საქონლის იმპორტისას. საგადასახადო ორგანო სადავოდ ხდის მხოლოდ „კომპანიის“ მიერ მომწოდებლისთვის საქონლის ღირებულების გადახდის ფაქტს;

- წარმოდგენილი დოკუმენტებით ნათლად ჩანს, რომ კომპანიას არარეზიდენტ მომწოდებელთან სრულად აქვს გადახდილი საქონლის ღირებულება, რაც დასტურდება როგორც მომწოდებელი პირის სალაროს შემოსავლის ორდერებით, ასევე მის მიერ გაცემული შეტყობინებით/განცხადებით. სხვა უფრო მაღალი სანდოობის დოკუმენტის, რწმუნების მოსაპოვებლად, რომ კომპანიას არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად აქვს გადახდილი მოწოდებული საქონლის ღირებულება, არ არსებობს. მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ დავის პროცესში მოხდა მომწოდებლის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარმოდგენა, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების მითითებით, რომლის უტყუარობაც საგადასახადო ორგანოს შეუძლია გადაამოწმოს შემდეგ ვებგვერდზე:

----.

მიუღებელია საგადასახადო ორგანოს პოზიცია დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების საჭიროებასთან დაკავშირებით, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალური თვალსაზრისით:

- შინაარსობრივი თვალსაზრისით აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი არ ითვალისწინებს მტკიცებულების ამგვარ ფორმის აუცილებლობას - მომწოდებლის მიერ საკუთარი ახსნა-განმარტების (შეტყობინების) „აპოსტილით“ დამოწმებას. შესაბამისად, იურიდიულად სრულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საგადასახადო ორგანოს მხრიდან დოკუმენტის „აპოსტილით“ დამოწმების მოთხოვნა. ფორმალური თვალსაზრისით კი უნდა აღინიშნოს, რომ ჰააგის („აპოსტილის“) კონვენცია ---სთან (გარდა ---ს ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მიმართებაში ძალაში შედის 2023 წლის ნოემბრიდან. შესაბამისად, მომწოდებელი დოკუმენტს „აპოსტილით“ 2023 წლის ნოემბრამდე ვერ დაამოწმებს; - 2020 წლის დეკემბრის თვეში 27 546 ლარი განიხილა სახელფასო სარგებლად ისე, რომ არ მიუთითა შესაბამისი განმარტება, თუ რისი თანხა იქნა ჩათვლილი სახელფასო სარგებლად.

 

კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხების გაუქმება

ფაქტობრივი გარემოებები:

- კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში ახდენდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

მტკიცებულება 1: შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა; - სადავო საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე კომპანიას რაიმე სახის საგადასახადო სანქცია დაკისრებული არ აქვს. მტკიცებულება 1: შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა; - საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევები გამოწვეულია კომპანიის ფინანსურ/საგადასახადო ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირის შეცდომით/არცოდნით და კომპანიას საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის წინასწარგანზრახული მოტივი არ ქონია.

მტკიცებულება 1: შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა; - საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლით, რასაც კომპანია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.

მტკიცებულება 1: შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

დავების განმხილველმა ორგანომ უნდა ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მისთვის მინიჭებული უფლებით და დაავალოს საგადასახადო ორგანოს კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხების კორექტირება (შემცირება) შემდეგი გარემოებების გამო: - საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით;

- მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელმაც საგადასახადო სამართალდარღვევა ჩაიდინა არა განზრახ არამედ არ ცოდნით; - შესაბამისად მოცემულია, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციიდან გადამხდელის გათავისუფლების წინამძღვრები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული სანქციის (ჯარიმა/საურავი) თანხების სრულად შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა; ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საქონლის იმპორტი. კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გაწეულია ხარჯი, რომელზეც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით აღნიშნული თანხების გადახდა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა ვერ ადასტურებს იმ პირების ვინაობას ვინც ახდენდა ნაღდ ანგარიშსწორებას. კომპანიის დირექტორს ან სხვა ანგარიშვალდებულ პირს არ უფიქსირდება საბაჟოზე აღნიშნული ოდენობით თანხის გატანა ან რაიმე სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შედარების აქტში ვერ დასტურდება უცხოური მომწოდებლის ხელმომწერი, ანგარიშვალდებული პირის ვინაობა და შედარების აქტი არ იქნა „აპოსტილით“ დამოწმებული.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დარიცხვის საფუძვლები მითითებულია საგადასახადო შემოწმების აქტში, თუმცა იმპორტის დროს საქონლის გაზრდილი ფასებით შეძენილად დაფიქსირების საკითხთან დაკავშირებით, სხვა პირების მიერ იგივე სასაქონლო კოდით არსებული საქონლის შეძენის ფასის გადამოწმებისას ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ საქონელი შეძენილად დაფიქსირებულია დაახლოებით 200%-იანი და მეტი ღირებულებით, ვიდრე შემოდის სხვა შემთხვევებში აღნიშნული საქონელი საბაჟო იმპორტის დროს. ----ს ჰააგის („აპოსტილის“) კონვენციასთან მიერთების ძალაში შესვლის თარიღად მომჩივანი მიუთითებს 7.11.2023 წელს, რის საფუძველზეც განმარტავს, რომ ---ში დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება თეორიულად ვერ მოხდება.

თუმცა მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული შესყიდვების მოცულობის და მომწოდებელი კომპანიის სიდიდისა და მათი სავაჭრო პირობების გათვალისწინებით დოკუმენტების დამოწმება ვერც აღნიშნული თარიღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია უცხოურ მომწოდებლებზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნებისთვის ხარჯად საინვოისო ღირებულების 75%-ის დაკვალიფიცირება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2023 წლის №052-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20743 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2 (5); 73 (9); 101; 154; 269 (7).