ბრძანება N 7905

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.04.2023
№ დოკუმენტი 7905
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7905

11.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, სოფ. -------)

2022 წლის 17 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული ი/მ ------- (ს/ნ -------) 2022 წლის 17 ივლისის №72560/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 20 აგვისტოს №083-59 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. განმარტავს, რომ თხილის სეზონზე სოფელში ფერმერ გლეხებს ეხმარებოდა თხილის მოსავლის ჩაბარებაში. ასევე, მიმღებ პუნქტებს აბარებდა საკუთარი თხილის მოსავალს და ეს საქმიანობა არ ჩაუთვლია დასაბეგრ ეკონომიკურ საქმიანობად. ასევე, არარეალურია თხილის შეგროვება-ჩაბარების პროცესში 25%-იანი ფასნამატის გავრცელება. განმარტავს, რომ ძირითადად აბარებდა საკუთარ თხილს, ხოლო, რიგ შემთხვევებში ჩაუბარებია ფერმერებისგან შეგროვებული თხილი, რომლის ფასნამატი არასოდეს არ ყოფილა 4-5%-ზე მეტი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 13 ივლისის №22775 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) საქონლის მიწოდებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების 2018, 2019 და 2020 წლის საანგარიშო პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 20 აგვისტოს №27093 ბრძანება და ამავე თარიღის №083-59 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 111 531 ლარი, მათ შორის, გადასახადი 60 991 ლარი, ჯარიმა 27 964 ლარი, საურავი 22 576 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შპს „-------“-ზე შესყიდვის აქტებით მიწოდებული აქვს ნაჭუჭიანი თხილი. შესაბამისად, 2018-2020 წლებში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 1 118 576 ლარი. გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, ამასთან არ წარმოუდგენია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 105-ე მუხლებით და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი, რომლის მიხედვითაც გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი განსაზღვრულია 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითა 838 932 ლარი და დასაბეგრი შემოსავალი 279 644 ლარი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს და მიუთითებს, რომ შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი არსებითად განსხვავდება რეალური ფასნამატისგან.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს აუდირებული მინიმალური შესყიდვის ფასით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს აუდირებული მინიმალური შესყიდვის ფასით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს და მიუთითებს, რომ შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი არსებითად განსხვავდება რეალური ფასნამატისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შპს-ზე შესყიდვის აქტებით მიწოდებული აქვს ნაჭუჭიანი თხილი. შესაბამისად, 2018-2020 წლებში შემოსავლის სახით მიღებული აქვს შემოსავალი. გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, ამასთან არ წარმოუდგენია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 105-ე მუხლებით და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი, რომლის მიხედვითაც გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი განსაზღვრულია 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს აუდირებული მინიმალური შესყიდვის ფასით, ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61 (3); 73; 80 (1); 100 (1); 105; 136 (1), 275

სიტუაციური სახელმძღვანელო 0256