გადაწყვეტილება №20501/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20501/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16731 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 251 116,28 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 144 870
მოგების გადასახადი - 23 862
დღგ - 38 646
საშემოსავლო გადასახადი - 82 362
ჯარიმა - 70 824
საურავი - 35 422,28
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ხალიჩების და ფარდაგების იმპორტი და მათი საბითუმო რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.12.2022 წლის №32603 ბრძანება და ამავე თარიღის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 26.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.07.2023 წლის №16731 ბრძანებით, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე10, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სადავო აქტები მომჩივანს წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2023 წლის 12 იანვარს და 2023 წლის 20 იანვარს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე - ---ის ქ. №---, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2.02.2023 წელს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 22.02.2023 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 26.06.2023 წელს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 №16731 ბრძანებით საწარმოს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებას, ამასთან არ ეთანხმება სადაო საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოსათვის დარიცხულ თანხებს და მიიჩნევს, რომ უკანონოა, შემდეგი გარემოებების გამო:
სადაო ბრძანებაში შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადრესატისთვის (საწარმოსთვის) გზავნილის ჩაბარება ვერ განხორციელდა, 2.02.2023 წელს განხორციელდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (გადასახადების დარიცხვის შესახებ ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის) საჯარო გავრცელება. შესაბამისად, (სადაო ბრძანებაში დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ჩაბარებულად ჩაითვალა 22.02.2023 წელს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტების საჯაროდ გავრცელების ფარგლებში არ განხორციელებულა სადაო საგადასახადო შემოწმების აქტის საჯარო გავრცელება ე.ი. შემოსავლების სამსახურის მიერ სადაო ბრძანებაში დაფიქსირებული პოზიციის მიხედვითაც სადაო საგადასახადო შემოწმების აქტი საწარმოს 22.02.2023 წელს არ ჩაბარებია (ვერ ჩაითვლება ჩაბარებულად).
საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორი - --- არ ფლობს ქართულ ენას, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტები შედგენილია 2 ენაზე - ქართულ და რუსულ ენებზე. საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორი - ---ი საგადასახადო შემოწმების დაწყების მომენტიდან დღემდე საქართველოში არ იმყოფება. აღნიშნულის დასადასტურებლად მოითხოვეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან, მის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთების შესახებ თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ხარვეზზე მითითებით, შესაბამისი ცნობა არ გასცა. შესაბამისად, შუამდგომლობს დავების განხილვის საბჭოს წინაშე, რომ დაევალოს საგადასახადო ორგანოს დავის ფარგლებში წარმოადგინოს ---ის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთების შესახებ ინფორმაცია. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საწარმოს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველი დატოვება იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შემდეგი გარემოების გამო:
კანონმდებელი ზუსტად უთითებს იმ გარემოებას, რომ საგადასახადო დავის დაწყება ხორციელდება საგადასახადო შემოწმების აქტისა და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებით და აკონკრეტებს, რომ მათი გასაჩივრება ხდება საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. კანონმდებელი არ უთითებს, რომ საგადასახადო მოთხოვნა, როგორც ცალკე აღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი წარმოადგენს საგადასახადო დავის საგანს, პირიქით, გადამხდელი საგადასახადო დავის ფარგლებში სადაოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებს და აღნიშნული შედეგების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას ე.ი. საგადასახადო დავაში შინაარსობრივი თვალსაზრისით მთავარ დოკუმენტს წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც ადგენს საგადასახადო ორგანოს მხრიდან გადასახადების დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გადამხდელისთვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძვლებს. თუ გადამხდელს არ ჩაბარდება საგადასახადო შემოწმების აქტი და მას ჩაბარდება მხოლოდ და მხოლოდ გადასახადების დარიცხვის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, არ იარსებებს საგადასახადო დავის დაწყების წინაპირობები, რადგან გადამხდელისთვის შეუძლებელი იქნება შეამოწმოს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის გადასახადების დარიცხვისა და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის დასაბუთებულობა.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა გადასახადების დარიცხვის შესახებ ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯარო გავრცელება, თუმცა არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტის საჯარო გავრცელება. შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი თუ იარსებებდა დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებისთვის საჭირო კანონით დადგენილი გარემოებები და ჩაბარებულად ჩაითვლებოდა გადასახადების დარიცხვის შესახებ ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, საწარმოს საგადასახადო შემოწმების აქტი არ ჩაბარებია.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის პოზიცია, იმის შესახებ, რომ საწარმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები ჩაბარდა 2023 წლის 22 თებერვალს, იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საწარმოს სადაო ადმინისტრაციული აქტები (სადაო საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად) ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ და მათი გასაჩივრება მოხდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
წარმოდგენილ საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტებით ნათლად ჩანს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (დირექტორი) - ---, არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად, ის ვერ გაეცნობოდა ქართულ ენაზე საჯაროდ გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამასთან, ---, საგადასახადო შემოწმების დაწყების მომენტში არ იმყოფებოდა საქართველოში, მეტიც მას საქართველოს საზღვარი საგადასახადო შემოწმების დაწყების დღიდან დღემდე არ გადმოუკვეთავს. მისთვის უცნობი იყო საგადასახადო შემოწმების დაწყების, მიმდინარეობისა და დასრულების ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ მოხდებოდა გადამხდელის ელექტრონულ ბარათზე მიღებული დოკუმენტების კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე საჯაროდ გამოქვეყნებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ვერ ჩაითვლება საწარმოს მიერ ჩაბარებულად. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სადაო ბრძანების მიხედვით გადასახადების დარიცხვის შესახებ ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნა მოხდა 2-ჯერ საწარმოს იურიდიულ მისამართზე - ქ. ----ში, თუმცა ორივე შემთხვევაში გზავნილზე საწარმოს იურიდიული მისამართი მითითებული იყო არასრულად, რაც გზავნილის ადრესატისთვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დაადრესებული გზავნილის წარდგენა, რომ მოხდეს იმ გარემოების იდენტიფიცირება, რამდენად სრულად და სწორად იყო გზავნილზე საწარმოს იურიდიული მისამართი აღნიშნული. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გზავნილის გაგზავნა არ მომხდარა საწარმოს ფაქტიურ მისამართზე, სადაც საწარმოს მართვის ადგილია - ---. საწარმოს მართვის ადგილი მითითებულია ასევე საწარმოს ელექტრონულ გვერდზე - RS.GE -ზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ 2023 წლის 12 იანვარს და 8 დღის შემდეგ 2023 წლის 20 იანვარს ერთიდაიგივე მისამართზე გზავნილის გაგზავნა და ამასთან გზავნილზე არასრული მისამართის მითითება და საწარმოს მართვის (ფაქტიური) ადგილის გაუთვალისწინებლობა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მცდელობას, ფორმალურად შექმნას ინდივიდუალურ ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობები და ნორმა დისკრიმინაციულად გამოიყენოს გადამხდელის ინტერესების საზიანოდ. მომჩივანი ასევე წარმოადგენს არგუმენტებს დარიცხვის არამართლზომიერებაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად: 10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №79994-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილ 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 23.12.2022 წლის №32603 ბრძანებას და 23.12.2022 წლის №007-364 საგადასახადო მოთხოვნას, მომჩივანი 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. ამასთან, მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობითაც (გაეგზავნა 2-ჯერ (12.01.2023 და 20.01.2023 წელს) იურიდიულ მისამართზე - ---. გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს.
შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2.02.2023 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 22.02.2023 წელს. ამასთან, მომჩივანი სადავო აქტებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 7.06.2023 წელს.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით). საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
ამგვარად, სადავო აქტების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების ჩაბარებულად ჩათვლის დღიდან (22.02.2023 წელი). შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 14.03.2023 წელი.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 26.06.2023 წელს გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ 2023 წლის 12 იანვარს და 8 დღის შემდეგ 2023 წლის 20 იანვარს ერთიდაიგივე მისამართზე გზავნილის გაგზავნა და ამასთან გზავნილზე არასრული მისამართის მითითება და საწარმოს მართვის (ფაქტიური) ადგილის გაუთვალისწინებლობა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს მცდელობას, ფორმალურად შექმნას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობები და ნორმა დისკრიმინაციულად გამოიყენოს გადამხდელის ინტერესების საზიანოდ. კომპანიის იურიდიული მისამართია:----.
მომჩივანი გასაჩივრების ვადის დარღვევის მიზეზად ასევე მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მომჩივანი არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად, ის ვერ გაეცნობოდა ქართულ ენაზე საჯაროდ გამოქვეყნებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ენა არის ქართული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ადმინისტრაციული წარმოების ენა ქართულია. აქედან გამომდინარე, საბჭოს ვერ დააყენებს ეჭვქვეშ საქართველოში ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური დოკუმენტებს ან/და სხვა სახის ურთიერთობებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომჩივანმა არ იცის სახელმწიფო ენა.
ამგვარად, მომჩივანი ვერ ასაბუთებს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს გახდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. ამგვარად, ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით და ამასთან, არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16731 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.12.2022 წლის №32603 ბრძანება და ამავე თარიღის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 26.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.07.2023 წლის №16731 ბრძანებით, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით და ამასთან, არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16731 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 299 (4,10); 44 (10; 11).