გადაწყვეტილება №25849/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25849/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ის 12.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25849/2/2025).
დავის საგანი:
1. მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა;
2. არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №006-198 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 304 906,48 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 742 885,26
მოგების გადასახადი - 746 057,26
საშემოსავლო გადასახადი - (-3 172)
ჯარიმა - 372 312,70
საურავი - 189 708,52
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო საშუამავლო გადაზიდვები საქართველოს ფოსტასთან ერთად, ძირითადად -------საქართველოს მიმართულებით.
აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 21.11.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №006-198 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ გადაზიდვის მომსახურეობას ახორციელებენ ------- კომპანიები. ტვირთის შეგროვება ხდება ------- და შემდგომ შემოდის საქართველოში, საქართველოს ფოსტაში. გადაზიდვის ღირებულება სრულად ერიცხება საქართველოს ფოსტას, რომელიც იტოვებს თავისი მომსახურებისთვის (სატერმინალო მომსახურებისთვის) გარკვეულ პროცენტს 18-20%, ხოლო დანარჩენ თანხას ურიცხავს შპს „-------“-ს.
საბუღალტრო პროგრამაში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიებზე მომსახურების (გადაზიდვის და იჯარის) სანაცვლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები. კომპანიამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა მხოლოდ მცირე ნაწილზე.
შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა არარეზიდენტების მიერ გაწეული გადაზიდვის და იჯარის ხარჯების დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია. აგრეთვე, არარეზიდენტ კომპანიებთან აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოზე და გადახდილ თანხებზე, რაც გადამხდელმა ვერ წარადგინა. აღნიშნულზე, მომჩივანი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმდა 400 ლარით.
ზემოაღნიშნული ხარჯები საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 982 მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას იჯარით ჰქონდა აღებული კომერციული ფართი -------, -------, ------- (მისამართი: -------). 28.01.2025 წელს ლილო მოლის ტერიტორიაზე მოხდა ხანძარი, რის შედეგადაც ჯამში განადგურდა დაახლოებით 5 000 კვ.მ შენობანაგებობა, მათ შორის კომპანიის მიერ ნაქირავები ფართიც. ხანძრის შედეგად განადგურდა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის ის დოკუმენტები, რომელთა წარმოდგენაც მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების პროცესში. აღნიშნული გარემოებების (ხანძრის) შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ცნობა შპს მიწოდებული აქვს აუდიტის დეპარტამენტისთვის. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით კომპანიას უკვე გააჩნია აუდიტის მოთხოვნებზე სრულად შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოებზე და მათზე გადახდილ თანხებზე, რომლებიც წარმოდგენილია საჩივრის დანართების სახით.
2. არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ------- კომპანიის რეზიდენტობის ცნობა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხები დაიბეგრა წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. მომჩივანი ასევე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილზე, 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-7 ნაწილზე, 125-ე მუხლზე, 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.12.2011 წლის №633 ბრძანებაზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
დღეის მდგომარეობით სრულად გააჩნია აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი არარეზიდენტი პარტნიორი კომპანიების საგადასახადო რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები, რომლებიც საჩივრის დანართის სახითაა წარმოდგენილი. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს, რომ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები რეგისტრირებულნი არიან და საგადასახადო რეზიდენტობას ფლობენ ------- რესპუბლიკაში. შესაბამისად, შპს „-------“-ის მიერ მათთვის გადახდილი თანხები ექვემდებარება დაბეგვრას მათ რეზიდენტობის ქვეყანაში. ამავე გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მსგავს მომსახურებაზე საქართველოს ტერიტორიაზე დაბეგვრის მიზნით საშემოსავლო გადასახადის ანგარიშსწორებისა, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილია რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა;
2. არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიებზე მომსახურების (გადაზიდვის და იჯარის) სანაცვლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები. კომპანიამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა მხოლოდ მცირე ნაწილზე. გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა არარეზიდენტების მიერ გაწეული გადაზიდვის და იჯარის ხარჯების დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია. აგრეთვე, არარეზიდენტ კომპანიებთან აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოზე და გადახდილ თანხებზე, რაც გადამხდელმა ვერ წარადგინა. ზემოაღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა რეზიდენტობის ცნობა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხები დაიბეგრა წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18646 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1-ა); 134(1-გ); 154