ბრძანება N 3656

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.02.2024
№ დოკუმენტი 3656
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3656

21 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2024 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №87224/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-433 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორიგნის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის, შემოწმების მიერ დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ პანდემიის პერიოდში შეზღუდული იყო ობიექტებზე კომპეტენტური კადრების წვდომა, რის გამოც აღრიცხვის პროცესი წარიმართა ხარვეზით. კერძოდ, მოლარე ოპერატორების მიერ რეალიზაციის აღრიცხვა მოხდა საკასო მეთოდით, თუმცა, სიტუაციის ნორმალიზების პარალელურად, როგორც კი გაჩნდა ობიექტებზე სრულყოფილად წვდომის საშუალება, კომპანიამ მოახდინა დებიტორული დავალიანების ინვენტარიზაცია.

დებიტორებისაგან თანხების ამოღების პარალელურად, 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში უზრუნველყო რეალიზებული საქონლის სრულად დეკლარირება. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მომენტისათვის, კომპანიას უკვე ჰქონდა დეკლარირებული კონსიგნაციით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციით გამოწვეული ის განსხვავება, რაც დააფიქსირა 2020 წლის ივნისში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა დანაკლისის სახით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული აქტით ხდება საგადასახადო ვალდებულების ორმაგად დარიცხვა. ამასთან, კომპანიაში სრულად არის ნაჩვენები იმ თანხების შემოსვლაც, რაც უკავშირდებოდა კონსიგნაციით საქონლის რეალიზაციას და მისი დაბეგვრა დანაკლისის საფუძვლით არამართლზომიერია. ასევე, აღნიშნავს, რომ 2020 წლის 21 სექტემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1106613 გასაჩვრებულია კომპანიის მიერ სასამართლოში და დავის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მარტის №9766 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33636 ბრძანება და ამავე თარიღის №007-433 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 88 227 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 802 ლარი, ჯარიმა 22 401 ლარი, საურავი 21 024 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბენზინით ---ის ტერიტორიაზე, კერძოდ, ----ის რაიონში. გადამხდელს უფიქსირდება საცალო რეალიზაციის ნაწილში ორი აგს და საბითუმო ობიექტი. კომპანია საქონელს ყიდულობს და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე. რეალიზაცია უფიქსირდება, როგორც დოკუმენტური, ასევე საცალო სახით. გადასახადის გადამხდელს რეალიზებული საქონლის ღირებულება მიღებული აქვს, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით სულ დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 393 151 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის №16475 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 57 406 ლარი პირვანდელი ღირებულებით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 148 304 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულ დანაკლისთან დაკავშირებით 2020 წლის 21 სექტემბერს შედგა №CB1106613 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული დანაკლისი საწარმოს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. შემოწმების მიერ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტაენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი დაიბეგრა შესაბამის პერიოდში მოგების გადასახადით, დღგ-ით და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის №16475 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა 148 304 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. აღნიშნულ დანაკლისთან დაკავშირებით, 2020 წლის 21 სექტემბერს, შედგა №CB1106613 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული დანაკლისი საწარმოს მიერ არ იყო დაბეგრილი და დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორიგნის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის, შემოწმების მიერ დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს შემოწმებით დარიცხული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33636 ბრძანება და ამავე თარიღის №007-433 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 88 227 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 802 ლარი, ჯარიმა 22 401 ლარი, საურავი 21 024 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9); 8 (11); 16; 2(2); 983; 269 (7).

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.