ბრძანება N 21424

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.07.2020
№ დოკუმენტი 21424
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 21424

28/07/2020

შპს ----- ს

(მის: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 26 იანვრის №48995/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 27 დეკემბრის №005-530 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ცესიის ხელშეკრულებაში განსაზღვრული სესხის ძირის, საკომისიოს, პროცენტის თანხებსა და რეალურ ბალანსებს შორის არსებული სხვაობების მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია ტექნიკური და მექანიკური შეცდომით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 13 დეკემბრის №33573 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2015 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 27 დეკემბერს გამოსცა №46787 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/ შემცირების შესახებ და 27 დეკემბრის №005-530 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 627 335,07 ლარი, მათ შორის, გადასახადი 304 289 ლარი, ჯარიმა 154 301 ლარი, საურავი 168 745 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხთან დაკავშირებით მითითებული ფაქტობრივი გარემოებები :

გადამხდელს გაცემულ სესხებზე არსებული მოთხოვნის ნაწილი 2016 წლის დეკემბერში გადაყიდული აქვს შპს ----- ზე. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით იკვეთება შემდეგი გარემოება, პირს კონკრეტული აიდი ნომრებით გაცემული აქვს სესხი, ამ ნომრების მიხედვით ხდება სესხის და საკომისიოს გაცემა/დაბრუნების კონტროლი, სესხის გადაყიდვის ხელშეკრულებაში რიგ შემთხვევებში კონკრეტულ აიდი ნომრებზე მითითებული სესხის ძირითადი თანხა და საკომისიო აღემატება გაცემული სესხის ძირითად თანხას და საკომისიოს. პირი მოთხოვნის გაყიდვის დროს აქტივის ღირებულებას ქვითავს ხარჯებში. შესაბამისად გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი ზემოთ აღნიშნული სხვაობის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აქტივის მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავალსა და ამ აქტივის თვითღირებულებას შორის. შემოწმებით ვინაიდან ვერ დგინდება ამ აქტივების ხელშეკრულებაში მოცემული თვითღირებულების ნამდვილობა, ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილი სხვაობით შემცირდა გამოსაქვითი ხარჯის მოცულობა.

გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული სესხები, რომელიც არ არის დაბრუნებული, გაყიდვის დოკუმენტში ფიქსირდება ნაკლები ოდენობით და არ ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მოთხოვნად (გადამხდელი მიერ წარმოდგენილ პორტფელში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის.) განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე ქონების ჩუქებად და შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ე“ ნაწილის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება: იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად ან რომლის მიწოდებისას შესაბამისი შემოსავალი/საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გარდა იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ გარემოებებზე. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოწმების პერიოდში აუდიტორებისთვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია სესხების გაცემასთან, დაბრუნებასთან და გადაყიდვასთან დაკავშირებით „ექსელის“ ცხრილების სახით. 2016 წლის დეკემბერში დადებული ცესიის ხელშეკრულების დანართში, სადაც მოცემულია გაყიდული სესხის ნომერი, ძირი და საკომისიო თანხები, მექანიკური შეცდომის გამო მოხდა სესხის ნომრის აცდენა შესაბამის ძირთან და საკომისიოსთან. კონკრეტულად, დანართში მოცემული სესხის ნომრის შესაბამისი თანხები რიგ შემთხვევებში გადანაცვლდა ერთი ან ორი გრაფით. შესაბამისად, ცესიის ხელშეკრულებაში კონკრეტულ სესხის ნომერზე მითითებული ძირი და საკომისიო თანხები შეცდომით აისახა, რამაც გამოიწვია რიგ შემთხვევაში დადებითი, რიგ შემთხვევებში კი უარყოფითი სხვაობები რეალურ ბალანსებს შორის. იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული სესხისთვის ცესიის ხელშეკრულებაში მითითებული ღირებულება აღემატებოდა ამავე სესხის ნომრით გაცემულ ძირ თანხას, სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული სესხის ნომრით გაცემული ძირი თანხა აღემატებოდა ამავე სესხის ნომერზე ცესიის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხას, სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური, აღნიშნული სადავო საკითხის მიხედვით მოგების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებაში იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ მომჩივანის მიერ ვერ იქნა სათანადო არგუმენტაცია/მტკიცებულებები, განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არამართლზომიერად მიჩნევისთვის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხის მიხედვით, მოგების გადასახადში, განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი და ფორმალური საფუძველი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, პროცენტი არის ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამავე მუხლის, ამავე ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროცენტად ითვლება კრედიტთან (სესხთან) დაკავშირებული გადასახდელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკურ პირთა 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, გარდა ამავე ნაწილში ჩამოთვლილი შემოსავლის/სარგებლის სახეებისა.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში ევალება საგადასახადო აგენტს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. ამდენად, მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულების ვალდებულება, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის არ ითვალისწინებს ამგვარი სარგებლის გადასახადის წყაროსთან დაბეგვრას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაცემული და მიუღებელი ვადაგადაცილებული სესხების მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ქონების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაცემული და მიუღებელი ვადაგადაცილებული სესხების მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ქონების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაუქვემდებაროს შემცირებას.

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი № 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ცესიის ხელშეკრულებაში განსაზღვრული სესხის ძირის, საკომისიოს, პროცენტის თანხებსა და რეალურ ბალანსებს შორის არსებული სხვაობების მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშNული გამოწვეულია ტექნიკური და მექანიკური შეცდომით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით: პირს კონკრეტული აიდი ნომრებით გაცემული აქვს სესხი, სესხის გადაყიდვის ხელშეკრულებაში რიგ შემთხვევებში კონკრეტულ აიდი ნომრებზე მითითებული სესხის ძირითადი თანხა და საკომისიო აღემატება გაცემული სესხის ძირითად თანხას და საკომისიოს. პირი მოთხოვნის გაყიდვის დროს აქტივის ღირებულებას ქვითავს ხარჯებში. შესაბამისად გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი ზემოთ აღნიშნული სხვაობის თანხით. შემოწმებით ზემოაღნიშნული სხვაობით შემცირდა გამოსაქვითი ხარჯის მოცულობა.

გადამხდელის მიერ გაცემული სესხები, რომელიც არ არის დაბრუნებული, გაყიდვის დოკუმენტში ფიქსირდება ნაკლები ოდენობით და არ ფიქსირდება მოთხოვნად განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე ქონების ჩუქებად და შემოწმებით სსკ-ს 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური, მოგების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებაში იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე,.

ამასთან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გაცემული და მიუღებელი ვადაგადაცილებული სესხების მსესხებელ ფიზიკურ პირებზე ქონების უსასყიდლო მიწოდებად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები, სსკ-ს 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(1,,თ“); 105(1); 106,,ე“; 147(2); 154(1,,მ“)