გადაწყვეტილება №24566/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24566/2/2025
19 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -----------ი (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 3.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24566/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 სექტემბრის №20119 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2024 წლის №249-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26944 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 202 244,04 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 99 863,5
დღგ - 68 659
საშემოსავლო გადასახადი - 28 352,5
ქონების გადასახადი - 2 852
ჯარიმა - 67 592
საურავი - 34 788,54
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლით (ტექსტილი: პირსახოცი, გადასაფარებელი ბალიში, თეთრეული და სხვა) ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს ----დან და --დან.
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება უმეტესწილად უდოკუმენტოდ (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში შეადგენს 12.8%). გადასახადის გადამხდელი მონაწილეობდა შემოწმების პროცესში, მის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომლის შესწავლის შედეგადაც ირკვევა, რომ ჩამოწერები ხორციელდება თვის ბოლოს და ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. კერძოდ, 2021-2024 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 34%. ფასნამატები წლების მიხედვით გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში.
შედეგად გაიზარდა 2021-2024 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 4.06.2021. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან (4.06.2021) მიმართვის საფუძველზე რეგისტრაციის თარიღამდე 26.06.2021-მდე პერიოდზე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით (4 313 ლარი), ხოლო მის შემდგომ პერიოდზე დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც შეძენილი საქონლის ღირებულებები და გამოსაქვითი ხარჯები დაანგარიშებულია მცირედი უზუსტობით. შესაბამისად 2021-2023 საანგარიშო წლებში შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შემოწმების პროცესში ასევე დაკორექტირდა სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. სულ გამოსაქვითი ხარჯი შემცირდა 291 555 ლარით. აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია როგორც გადასახადის, ისე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №9418 ბრძანების მიხედვით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შედეგად შემოწმებით გამოვლინდა 37 152 ლარის (საბაზრო ღირებულება) აღურიცხველი საქონელი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულება, რომლის 50% გადამხდელს დაერიცხა ჯარიმის სახით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №249-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.09.2024 წლის №20119 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატი განსაზღვროს შესაბამის პერიოდებზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი 10) გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.09.2024 წლის №20119 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავის განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.11.2024 წლის №24029/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.09.2024 წლის №20119 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის დასკვნა, 10.12.2024 წლის №25902 ბრძანება და №249-31 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 8 514 ლარით, მათ შორის გადასახადი 4 703 ლარი, ჯარიმა 3 811 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 17.12.2024 წლის გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 23.12.2024 წლის №26944 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, დაზუსტდა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი 10) გათვალისწინებით, რამაც 2021-2022 წლებში შეადგინა 29%, ხოლო 2023-2024 წლებში კი 47%. შედეგად, შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. ასევე, გადაანგარიშების ეტაპზე დაკორექტირდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და ნაცვლად 2021 წლის 4 ივნისისა განისაზღვრა ამავე წლის 6 ივნისის თარიღით. შედეგად, 6.06.2021 წლის მდგომარეობით არსებულ სმფ-ების ნაშთზე განხორციელდა დღგ-ის ჩათვლა, ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 14 429 ლარი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშებას, რადგან შემმოწმებლების მიერ, არასწორად იქნა განსაზღვრული წლების მიხედვით ფასნამატი, რაც იწვევს საგადასახადო ვალდებულებების ზრდას. ასევე სრულიად უცნობია გადასახადის გადამხდელისთვის როგორ განხორციელდა აღურიცხველი საქონლის იდენტიფიცირება და როგორ განხორციელდა მასზე საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, გადასახადის გადამხდელისთვის აღნიშნული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის, აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №16172 ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის 8.07.2024 წლის №249-23 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით, აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2024 წლის №25902 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 10.12.2024 წლის №249-31 საგადასახადო მოთხოვნის და 23.12.2024 წლის №26994 ბრძანების საფუძველზე დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი და შესაბამისად მასზე დარიცხული ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 11.09.2024 წლის №20119 ბრძანებით:
ა) პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატი განსაზღვროს შესაბამის პერიოდებზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი 10) გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 19.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე დაზუსტდა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი 10) გათვალისწინებით. შედეგად, შემოწმების პროცესში გამოყენებული საშუალო დოკუმენტური ფასნამატი 35% დაკორექტირდა წლების მიხედვით და შეადგინა 2021-2022 წლებში 29%, ხოლო 2023-2024 წლებში 47%. შედეგად, შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. ასევე, გადაანგარიშების ეტაპზე დაკორექტირდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და ნაცვლად 4.06.2021 წლისა განისაზღვრა 6.06.2021 წლით. შედეგად, 6.06.2021 წლის მდგომარეობით არსებულ სმფ-ების ნაშთზე განხორციელდა დღგ-ის ჩათვლა. მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 8 514 ლარით.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, არგუმენტების ან/და დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.09.2024 წლის №20119 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №20119 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება უმეტესწილად უდოკუმენტოდ (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში შეადგენს 12.8%). გადასახადის გადამხდელი მონაწილეობდა შემოწმების პროცესში, მის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, რომლის შესწავლის შედეგადაც ირკვევა, რომ ჩამოწერები ხორციელდება თვის ბოლოს და ვერ ხდება რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი.
შედეგად გაიზარდა 2021-2024 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 4.06.2021. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიმართვის საფუძველზე რეგისტრაციის თარიღამდე პერიოდზე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით , ხოლო მის შემდგომ პერიოდზე დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც შეძენილი საქონლის ღირებულებები და გამოსაქვითი ხარჯები დაანგარიშებულია მცირედი უზუსტობით. შესაბამისად 2021-2023 საანგარიშო წლებში შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შემოწმების პროცესში ასევე დაკორექტირდა სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. სულ გამოსაქვითი ხარჯი შემცირდა 291 555 ლარით. აღნიშნულმა ცვლილებებმა გამოიწვია როგორც გადასახადის, ისე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №9418 ბრძანების მიხედვით გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი, ხოლო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შედეგად შემოწმებით გამოვლინდა 37 152 ლარის (საბაზრო ღირებულება) აღურიცხველი საქონელი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულება, რომლის 50% გადამხდელს დაერიცხა ჯარიმის სახით.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №249-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №20119 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №20119 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავის განხილვის საბჭოში. საბჭოს №24029/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის №20119 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2024 წლის დასკვნა, 10.12.2024 წლის №25902 ბრძანება და №249-31 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 8 514 ლარით, მათ შორის გადასახადი 4 703 ლარი, ჯარიმა 3 811 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 17.12.2024 წლის გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №26944 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №20119 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73( 5 „ა“ და „ბ.გ“); 165(1); 275; 282;