ბრძანება № 30626

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.12.2023
№ დოკუმენტი 30626
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 30626

06 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს ----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 6 ნოემბრის №84669/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №007-265 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლებას. განმარტავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიას არ ჰქონდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და შემოწმებამ არ გაუთვალისწინა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16145 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრის სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 6 ოქტომბრის №24729 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-265 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 53 951 ლარი, მათ შორის გადასახადი 38 614 ლარი, ჯარიმა 9 756 ლარი და საურავი 5 581 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის საცალო რეალიზაციას, უმეტესად საკონტროლო-სალარო აპარატისა და ტერმინალის მეშვეობით. მთლიანი რეალიზაციის 6% იყო სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული. კომპანია არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით. შემოწმებისათვის წარდგენილი იყო ახსნაგანმარტება და საბანკო ანგარიშების ამონაწერები. შემოწმებით დამუშავდა შეძენილი სმფ-ები და შეუდარდა საკონტროლო შესყიდვების და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებს. შედეგად, დადგინდა, რომ ფასნამატი წარმოადგენდა 31-33%-ს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის აპრილის თვეში მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის, შემდგომ კი განცხადების საფუძველზე სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგა 2022 წლის დეკემბრიდან. დღგ-ის რეგისტრაციაზე დადგომის შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები. შემოწმებისათვის წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კომპანიას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია უწევდა 2022 წლის 28 მარტს. შემოწმების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული შემოსავლებით გაანგარიშდა მიღებული შემოსავლები და განისაზღვრა დღგ-ის ბრუნვები, თუმცა შემოწმებამ ვერ გაითვალისწინა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები 2 231 ლარის, რადგან კომპანია ჰქონდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. შემოწმების მიერ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილამდე, დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 199 831 ლარის ოდენობით, რაზედაც პირს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 9 990 ლარი (დეკემბრიდან აპრილამდე ოქმით დაჯარიმებული იყო 1 561 ლარით, შესაბამისად მიმდინარე შემოწმებით დაერიცხა სხვაობა), ხოლო 2023 წლის მაისის თვეზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების დანართის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონეა პირი, რომელსაც „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში, შეჩერებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება, ასევე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა და რომელსაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიას არ ჰქონდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და შემოწმებამ არ გაუთვალისწინა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხების ჩათვლებში გათვალისწინებას და აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი, შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის საცალო რეალიზაციას. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიას არ ჰქონდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და შემოწმებამ არ გაუთვალისწინა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:174(1,2,3);175(1);176(1);

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების დანართის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;