ბრძანება N 1712
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1712
02.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ---------- ;
ფაქტ. მის.: ---------- )
2022 წლის 23 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 23 სექტემბრის №173318/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 სექტემბრის №005-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფასნამატს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საქონლის შეძენის ცხრილი, სადაც არის იმპორტირებული ტექსტილის ჩამონათვალი დასახელებისა და რაოდენობის გაშიფვით, რომლის შესაბამისად შემმოწმებლის მიერ არასწორად განხორციელდა ნაშთის საბაზრო ფასის და თვითღირებულების განსაზღვრა. მიუთითებს, რომ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. განმარტავს, რომ დეკლარირებული ფასნამატი წარმოადგენს გადამხდელის საქმიანობის რეალურ ფასნამატს და შემმოწმებლის მიერ დადგენილი ფასნამატი არ ასახავს რეალურ სურათს. აღნიშნავს, რომ შესაძლებელია მოხდეს სმფ-ების ცალ-ცალკე ჯგუფებად დაყოფა და სათანადო ჯგუფში შემავალი სმფ-ების შეძენის ღირებულების წილის პროპორციულად შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებული სმფ-ების წილის დადგენა (გარდა დოკუმენტურად დადასტურებული მიწოდებული საქონლისა), ხოლო შესაბამისი პირვანდელი ღირებულებების დასადგენად გამოყენებული იქნეს ინდივიდუალური საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც მიღებული იქნება შესაბამის ჯგუფში შემავალი სმფ-ების შესაბამის საანგარიშო პერიოდში სმფ-ების მიწოდების დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში არსებული მონაცემისა და ფაქტობრივად აღწერილი და სმფ–ების სრული მონაცემების (ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და პირვანდელი ღირებულების ნამრავლის ჯამისა და ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და საბაზრო ღირებულების (გადამხდელის მიერ გამოცხადებული/განმარტებული სარეალიზაციო ფასი დღგ-ს გარეშე) ნამრავლის ჯამის თანაფარდობა) გათვალისწინებით. მომჩივანი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის შერჩევისას, ასევე ფასნამატის გაანგარიშებისას საჩივარში მითითებული მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ უნდა მიეცეს წინადადება წარუდგინოს ინფორმაცია საქონლის სარეალიზაციო ფასებთან (ფასნამატთან) დაკავშირებით საქონლის სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით დამატებით შესწავლილ იქნას აღნიშნული საკითხი.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18264 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოიცა 2022 წლის 5 სექტემბრის №22843 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 489 420 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 264 308 ლარი, ჯარიმა 124 412 ლარი და საურავი 100 700 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სრულად ადგილობრივ ბაზარზე (----------), როგორც საცალოდ ასევე საბითუმოდ, სმფ-ების შეძენა ხდება იმპორტის გზით თურქეთიდან და ჩინეთიდან. რეალიზებული საქონლის ძირითადი ნაწილი კომპანიას შეძენილი აქვს 2019 წლამდე საანგარიშო პერიოდში. გადამხდელის მიერ დაფიქსირებული შემოსავლის დაახლოებით 35% რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით. შპს „----------“ (ს/ნ ----------) ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, რომელშიც საქონლის შეძენა აღრიცხულია თანხობრივად და არ არის ჩაშლილი საქონლის სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე, საქონლის ჩამოწერაც განხორციელებულია ყოველი თვის ბოლოს მხოლოდ თანხობრივად. გადამხდელმა წარადგინა საქონლის შეძენის ცხრილი ექსელის ფორმატში, სადაც არის იმპორტირებული ტექსტილის ჩამონათვალი დასახელებისა და რაოდენობების გაშიფვრით, თუმცა ვერ იქნა წარდგენილი მსგავსი დოკუმენტი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით. გადამხდელის მხრიდან ასევე წარდგენილია ბანკის ცნობები, ამონაწერები და სხვა პირველადი დოკუმენტაცია. საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს „----------“ ხელმძღვანელი პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული პირველადი დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 33%-ს. შემოწმების შედეგად განხორციელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება პერიოდების მიხედვით, შედეგად, შპს „----------“ დოკუმენტურმა ფასნამატმა 2019 წელს შეადგინა - 38.7%, 2020 წელს - 50.37%, 2021 წელს - 54.44% და 2022 წელს - 65.77% (აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18208 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალების ანალიზით დადგენილი ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 55.46%-ს, რაც არ განსხვავდება შემოწმებით დადგენილი საშუალო ფასნამატისაგან). შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით მოხდა, გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, რათა დადგენილიყო საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და მომხდარიყო გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატის განსაზღვრა, რომელმაც 2019 წელს შეადგინა 30.29%, 2020 წელს - 24%, 2021 წელს - 24.56% და 2022 წელს - 27.9%. შესაბამისად, მიღებულ იქნა დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი ფასნამატისაგან რადიკალურად განსხვავებული ფასნამატი საცალოდ რეალიზებულ საქონელზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების, ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოხდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა პერიოდების მიხედვით, რაზეც გავრცელდა შესაბამისი პერიოდის შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, შემოწმებით გაიზარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18208 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის დათვლა, ნაშთის საბაზრო ფასისა და თვითღირებულების განსაზღვრა. გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული ნაშთი, ინვენტარიზაციის მასალები გადაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნული მასალების, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა მასალების ანალიზით შპს „----------“ (ს/ნ ----------) ფაქტობრივი სმფ-ის ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 998 142 ლარი, ხოლო ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 1 202 003 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების, ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ის ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად, აღნიშნულ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა შესაბამის პერიოდებში შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი (2019 წელში - 38.7%, 2020 წელში - 50.37%, 2021 წელში - 54.44% და 2022 წელში - 65.77%). შედეგად, გაიზარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსვლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, სადაც საქონლის შეძენა აღრიცხულია თანხობრივად და არ არის ჩაშლილი საქონლის სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველი თვის ბოლოს მხოლოდ თანხობრივად. ამდენად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების და დეკლარირებული ფასნამატის დადგენა მართლზომიერად განხორციელდა, გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, პერიოდების მიხედვით, შესაბამისი პერიოდის მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია.
ამასთან, გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ის ნაშთებს შორის სხვაობის რეალიზებულად განხილვა და აღნიშნულ რეალიზებულ საქონელზე, შესაბამის პერიოდებში, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება კანონშესაბამისია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც, მათ შორის საკითხის ზეპირი განხილვისას, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, სადაც საქონლის შეძენა აღრიცხულია თანხობრივად და არ არის ჩაშლილი საქონლის სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ყოველი თვის ბოლოს მხოლოდ თანხობრივად. ამდენად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულების და დეკლარირებული ფასნამატის დადგენა მართლზომიერად განხორციელდა, გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე, პერიოდების მიხედვით, შესაბამისი პერიოდის მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია.
ამასთან, გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ის ნაშთებს შორის სხვაობის რეალიზებულად განხილვა და აღნიშნულ რეალიზებულ საქონელზე, შესაბამის პერიოდებში, შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება კანონშესაბამისია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც, მათ შორის საკითხის ზეპირი განხილვისას, არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 159(1„ა“); 154(1„ა“); 163(1); 164(1).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)