ბრძანება N 22604
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22604
21 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 15 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 სექტემბრის №22650/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 15 იანვრის №86748/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №086-61 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება ძველი შენობების დემონტაჟზე გაწეული ხარჯით ახალი შენობების ღირებულების და შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას. აცხადებს, რომ ფაქტობრივი მტკიცებულებებით ჯერ განხორციელდა შენობის დემონტაჟი, გათავისუფლდა ტერიტორია ძველი ამორტიზებული შენობისგან და მხოლოდ ამის შემდგომ გაიცა ნებართვა ახალ მშენებლობაზე, შესაბამისად, დემონტაჟზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინება ახალი შენობის ღირებულებაში არამართლზომიერია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №21772 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 დეკემბრის №31534 ბრძანება და ამავე თარიღის №086-61 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 382 485 ლარი, მათ შორის, გადასახადი 243 529 ლარი, ჯარიმა 119 815 ლარი და საურავი 19 141 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 მარტის №5356 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 4 სექტემბრის №22650/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 მარტის №5356 ბრძანება და საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით, ახალი შენობების ღირებულების გაზრდის და შედეგად ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის საკითხი არ არის დასაბუთებული და მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
2019 წლის 6 მარტს და 2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ კომპანიამ 2019 წელს შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 129.84 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ: -------), ხოლო 2021 წელს შეიძინა -------, ------- მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ: -------). გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობების აშენება შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, დემონტაჟის შედეგად ამოღებული მასალის რეალიზება არ მომხდარა, ხოლო დემონტაჟის შედეგად ამოღებული ინერტული მასალა გადაყრილია ნაგავსაყრელზე, რაზეც გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადებები. გადასახადის გადამხდელს ძველი შენობების ღირებულებები ასახული აქვს ბუღალტრულ პროგრამაში ანგარიშზე - „2130“, როგორც შენობის ღირებულება და დემონტაჟის შემდგომ ჩამოწერილი აქვს პირდაპირ ხარჯის ანგარიშზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ აქტივის ღირებულებაში გაითვალისწინება ყველა კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც ზრდის ამ აქტივის ღირებულებას, შესაბამისად, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება. შემოწმების მიერ გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 16-ის მიხედვით, აქტივის თვითღირებულება არის აქტივის შეძენის ან შექმნის დროს გადახდილი ფულის ან ფულის ეკვივალენტების, ან სხვა სახის საზღაურის რეალური ღირებულების თანხა.
ამავე სტანდარტის მიხედვით, ძირითადი საშუალების თვითღირებულება მოიცავს:
ბ) ნებისმიერ დახარჯს, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია აქტივის დანიშნულების ადგილამდე მიტანასთან და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან, რაც აუცილებელია აქტივის გამოსაყენებლად ხელმძღვანელობის მიერ დასახული მიზნებისათვის;
გ) აქტივის დემონტაჟის, ლიკვიდაციისა და ადგილმდებარეობის აღდგენის დანახარჯების თავდაპირველ შეფასებას, რის ვალდებულებასაც საწარმო იღებს შეძენის მომენტში ან, შემდეგში, როდესაც გარკვეული დროის განმავლობაში საწარმო აქტივს იყენებს სხვა საქმიანობისათვის, გარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წარმოებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიამ 2019 წელს შეიძინა არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 129.84 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ხოლო 2021 წელს შეიძინა 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ შენობა-ნაგებობა. გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ააშენა ახალი შენობა-ნაგებობები შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ძველი შენობების ღირებულებები დემონტაჟის შემდგომ ჩამოწერილი აქვს პირდაპირ ხარჯის ანგარიშზე. შემოწმებით, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება, რითაც გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ძველი შენობების მდგომარეობა არ შეესაბამებოდა საცხოვრებელ სტანდარტებსა და პირობებს, ასევე, არც სადგომად ან საწყობად გამოყენების სტანდარტებს, შესაბამისად, განხორციელდა მათი დემონტაჟი და მხოლოდ ამის შემდგომაა გაცემული მშენებლობის ნებართვა. ხოლო დემონტაჟზე გაწეული დანახარჯები არანაირ კავშირშია ახალ მშენებლობასთან, ვინაიდან ჯერ მოხდა ამორტიზებული შენობის დემონტაჟი, გათავისუფლდა ტერიტორია და შემდგომ მოხდა ნებართვის გაცემა. ამასთან, დემონტაჟის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალებისა და ნანგრევების გამოყენება ახალი მშენებლობისთვის იყო სავსებით შეუძლებელი და გატანილ იქნა ტერიტორიიდან.
საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა შეიძინა მიწის ნაკვეთები მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით, რომლებიც მისივე განმარტებით გამოუსადეგარი და ამორტიზებული იყო შეძენის პერიოდშიც. შესაბამისად, ახალი სასაწყობე შენობების აშენებისთვის საჭირო იყო ძველი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. ამდენად, მომჩივანმა გაწია დემონტაჟის ხარჯი იმისათვის, რომ აეშენებინა ახალი შენობანაგებობა სასაწყობე მიზნებისთვის. გადასახადის გადამხდელს ძველი შენობების ღირებულებები ასახული ჰქონდა ბუღალტრულ პროგრამაში ანგარიშზე - „2130“, როგორც შენობის ღირებულება, ხოლო დემონტაჟის შემდგომ ჩამოწერა პირდაპირ ხარჯის ანგარიშზე. ბასს სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით, აქტივის ღირებულებაში შეიტანება ხარჯი, რომელიც გაწეულია ამ აქტივის შექმნისთვის და ზრდის მის ღირებულებას. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის მიერ ძველი შენობების დემონტაჟზე გაწეული ხარჯი წარმოადგენს ისეთ ხარჯს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ახალი სასაწყობე შენობის აშენებასთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით ახალი შენობების ღირებულების და შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება ძველი შენობების დემონტაჟზე გაწეული ხარჯით ახალი შენობების ღირებულების და შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიამ 2019 და 2021 წელს შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე არსებული შენობა ნაგებობები. გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობების აშენება შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის. გადასახადის გადამხდელს ძველი შენობების ღირებულებები ასახული აქვს ბუღალტრულ პროგრამაში ანგარიშზე - „2130“, როგორც შენობის ღირებულება და დემონტაჟის შემდგომ ჩამოწერილი აქვს პირდაპირ ხარჯის ანგარიშზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ აქტივის ღირებულებაში გაითვალისწინება ყველა კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც ზრდის ამ აქტივის ღირებულებას, შესაბამისად, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება. შემოწმების მიერ გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით ახალი შენობების ღირებულების და შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 148(1); 201; 202;