ბრძანება N 3168

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.02.2023
№ დოკუმენტი 3168
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3168

21.02.2023

შპს „--------“ (ს/ნ --------)

(ფაქტ. მის.:„--------“;

იურ. მის.:„--------“)

2021 წლის 20 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 და 16 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №11 და №14) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №16644/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2021 წლის 20 დეკემბრის №261574/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ნოემბრის №006-791 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნაწილში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ 2012 წლის პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის უკანონოდ დარიცხვის საფუძველია 2012 წლის 17 მაისის წერილის საფუძველზე დამტკიცებული მოპოვების გეგმა, როდესაც ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თავი შეიკავა 2011 წლის 30 დეკემბრის და 2012 წლის 25 მაისის წერილებში დაფიქსირებული გეგმის დამტკიცებაზე, რითაც კომპანია იძულებული გახადა მოსაკრებელი დაკისრებოდა წიაღის ჯამური მოცულობის წლებზე პროპორციულად გადანაწილებული რაოდენობით, რაც არ გამომდინარეობს ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ კანონის მოთხოვნებიდან. გადამხდელი მიიჩნევს, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის და 2012 წლის 25 მაისის წერილები უნდა შეფასდეს, როგორც დამატებითი სალიცენზიო პირობების ფაქტობრივი გარემოებები და გამომდინარე ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტის შინაარსიდან, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურდება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, დამატებითი სალიცენზიო პირობების თაობაზე დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. შესაბამისად მიიჩნევს, რომ უნდა ვიხელმძღანელოთ 2012 წლის 25 მაისის გეგმით, რომლის მონაცემებითაც კომპანიის საგადასახადო ვალდებულება შესრულებულია.

2013 წლის პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის დარიცხვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სახეზეა ორი ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულ იქნა ათვისების გეგმა 2013 წლისთვის. ვინაიდან 2013 წლის 13 დეკემბრის ბრძანება არის ახალი მიიჩნევს, რომ უნდა ვიხელმძღვანელოთ აღნიშნული ბრძანებით. შესაბამისად, კომპანიის ათვისების გეგმა 2013 წელს განისაზღვრა 20 000 ტონით, რაზეც კომპანიის მიერ საგადასახადო ვალდებულება შესრულებულია.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/1102-17) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“(ს/ნ „--------“) სარჩელი, კერძოდ:

„1. შპს „--------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 7 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2016 წლის 11 მარტის №5993 ბრძანება და 2016 წლის 11 მარტის №005-102 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №14187 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება არარეზიდენტი პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვის ნაწილში და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.“

მინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის №3ბ/37-18 განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის №ბს-739-739 (2კ-18) განჩინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3/1102-17) აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2021 წლის 4 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 24 ნოემბრის №006-791 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 მაისის №11235 ბრძანებით შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2021 წლის 20 დეკემბრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ კერძოდ:

„1. შპს „--------“(ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შეთანხმების პირობების მიხედვით, არარეზიდენტ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 მაისის №11235 ბრძანება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 20 ოქტომბრის №16644/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 მაისის №11235 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №16644/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში არ არის აღსრულებული. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების ეტაპზე აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით შემოსავლების სამსახურმა მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის თხოვნით. პასუხად წარმოდგენილ 2015 წლის 30 დეკემბრის წერილში ვკითხულობთ: „2011 წლის 15 ივლისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს დაევალათ ათვისების გეგმის შედგენა და ლიცენზიის გამცემისათვის დასამტკიცებლად წარდგენა 2012 წლის პირველ იანვრამდე. ამ ცვლილების გარდამავალ დებულებებში გაკეთებულია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის მფლობელების მხრიდან ათვისების გეგმის წარდგენამდე მოსაკრებლით დაბეგვრა განხორციელდებოდა ჯამური მოცულობის შესაბამისად წლების მიხედვით თანაბარნაწილებად გადანაწილებული პროპორციით“.

2012-2013 წლების საანაგრიშო პერიოდში მოსაკრებლის ოდენობა საგადასახადო შემოწმების აქტით გაანგარიშდა 2012 წლის მაისის საანგარიშო პერიოდისთვის „ჯამური მოცულობის შესაბამისად წლების მიხედვით თანაბარნაწილებად გადანაწილებული პროპორციით“, 2012 წლის ნოემბრისა და 2013 წლის მაისის საანაგრიშო პერიოდებისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა 2012 წლის 18 მაისს დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად. 2013 წლის 1 ნოემბრის №431 ბრძანებით მოხდა ლიცენზიის ნაწილის გადაცემა სხვა სუბიექტზე და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 19 დეკემბრის №565 ბრძანებით დამტკიცდა ათვისების ახალი გეგმა. შემოწმებამ გაითვალისწინა აღნიშნული ცვლილება და 2013 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მოსაკრებლის გაანგარიშება განახორციელა 2012 წლის 18 მაისის №13/27 (ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტებერი, ოქტომბერი) და 2013 წლის 19 დეკემბერის №565 ბრძანებების (ნოემბერი) შესაბამისად. შემოსავლების სამსახურმა 2021 წლის 21 ივლისის წერილით კიდევ ერთხელ მიმართა სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენის თხოვნით. აღნიშნულის პასუხად 2021 წლის 3 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა:

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100890 ლიცენზიას, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 18 მაისის №13/27 ბრძანებით დაუმტკიცდა წიაღისეულის ათვისების გეგმა. აღნიშნულ ათვისების გეგმაში რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელებულა.

2. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2013 წლის 1 ნოემბრის №429 ბრძანების საფუძველზე გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1001352 ლიცენზია (აღნიშნული ლიცენზია წარმოადგენს №100890 ლიცენზიის ნაწილს). ხსენებულ ლიცენზიას ათვისების გეგმა დაუმტკიცდა 2013 წლის 19 დეკემბერს (ბრძ. №565 19.12.2013 წ.), ვინაიდან ლიცენზია გაცემულია 2013 წლის 1 ნოემბერს, ათვისების გეგმა ითვალისწინებს 2013 წლის აღნიშნულ პერიოდს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია, პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სალიცენზიო პირობები არის კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას.

ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, უნდა დადგინდეს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ოდენობა და ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა, მათი შედარება და უფრო მეტი ოდენობის მქონე მონაცემების გამოყენება მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისთვის, მიუხედავად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბრძანების გამოუცემლობისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს თუ არა შპს „--------“-ის 2012 წლის 25 მაისის მიმართვაში დაფიქსირებული ასათვისებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა და 2013 წლის 19 დეკემბრის ბრძანება უნდა გავრცელდეს თუ არა 2013 წელზე.

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოსაკრებლის დადგენილი ოდენობით გადახდაზე კონტროლს ახორციელებს საგადასახადო ორგანო და აღნიშნულისათვის მას უნდა განესაზღვრა ათვისების გეგმით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა, საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეკვლია კომპანიის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიეცა მათთვის სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, დადგენილია, რომ 2012 წლის 25 მაისს კომპანიამ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსს და 2012 წლის 18 მაისის №13/27 ბრძანებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა. წერილს თან ერთვის ათვისების გეგმა, რომელშიც ასათვისებელი რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად - 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ყოველწლიურად 1 000 ტონის ოდენობით, ხოლო 2017 წლიდან 2026 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში ყოველწლიურად - 3 279 200 ლარის ოდენობით. მოპასუხეები მიუთითებენ, რომ ვერ განახორციელებდნენ ათვისების გეგმის კანონიერების შესწავლას. საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას სცდება სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ქმედებების კანონიერების შესწავლა, თუმცაღა კონკრეტულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეკვლია არა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების კანონიერება, არამედ უნდა დაედგინა ნამდვილად მიმართა თუ არა გადასახადის გადამხდელმა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, რა სახის კორექტირებები შეიტანა ათვისების გეგმაში და ითვლებოდა თუ არა იგი შეთანხმებულად, რადგან საპასუხოდ რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. ამრიგად, საგადასახადო ორგანოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დადგენა ევალებოდა, რომელსაც სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა და აღნიშნული არ წამოადგენდა უფლებამოსილების გადამეტებას, არამედ სწორედ კანონით დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების აუცილებელი ელემენტი იყო.

რაც შეეხება 2013 წელს, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 დეკემბრის №565 ბრძანების მიხედვით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა. მართალია ბრძანება გამოიცა 2013 წლის ბოლოს, თუმცაღა იგი პირდაპირ მიუთითებს და ადგენს 2013 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობას, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მითითება, რომ ბრძანება მხოლოდ გამოცემის შემდგომ პერიოდზე უნდა გავრცელდეს არასწორია, რადგან საგადასახადო ორგანოს მიერ ბრძანების გამოყენებაზე უარის თქმისა და ბრძანებით გათვალისწინებული მოწესრიგების განსხვავებული განმარტების უფლება არ ჰქონდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების გათვალისწინებით, 2012 წელზე ლიცენზიის გასხვისებამდე პერიოდში მოქმედი ათვისების გეგმით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შემოწმების შედეგად დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით, ხოლო 2013 წელზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 დეკემბრის №565 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული ჯამური მოცულობის მიხედვით თანაბარნაწილებად გადანაწილებული პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს„---------ის “(ს/ნ "-----") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების გათვალისწინებით, 2012 წელზე ლიცენზიის გასხვისებამდე პერიოდში მოქმედი ათვისების გეგმით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შემოწმების შედეგად დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით, ხოლო 2013 წელზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 დეკემბრის №565 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული ჯამური მოცულობის მიხედვით თანაბარნაწილებად გადანაწილებული პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.