გადაწყვეტილება №19136/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19136/2/2023
4.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 17.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19136/2/2023).
დავის საგანი:
ჩამოწერილი, ვადაგასული და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №094-103 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4397 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 241 237 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 125 708
დღგ - 7 709
მიწა - არასასოფლო - 933
მოგების გადასახადი - 117 066
ჯარიმა - 62 854
საურავი - 52 675
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვების პროდუქტების წარმოება (სპრედი, რძის შემცველი პროდუქტი, მაიონეზი, ჩილი, რძის გადამუშავება და ყველის წარმოება). აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 30.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 36 423 494 ლარს, საიდანაც 34 836 480 ლარი ადგილობრივი რეალიზაციაა, 914 063 ლარი - ექსპორტი, 675 591 ლარი.
საქონლის ჩამოწერა. საწარმოს დირექტორის განმარტებით, ჩამოიწერება მობრუნებული და საწარმოო პროცესში გაფუჭებული საქონელი, რაზეც დგება ჩამოწერის შიდა აქტი (დირექტორის და საწარმოს სხვა თანამშრომლების ხელმოწერით) და საბაზრო ფასით აისახება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რაც დასტურდება ბუღალტრული პროგრამით.
გადამხდელს არ მიუმართავს საგადასახადო ორგანოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე და დამოუკიდებლად განახორციელა აღნიშნული ქმედება. ჩამოწერილი საქონელი დღგ-ის მიზნებისთვის აღიარა მიწოდებად, თუმცა არ დაბეგრა მოგების გადასახადით.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30577 ბრძანება და 6.12.2022 წლის №094-103 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 30.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4397 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ, მისივე წარმომადგენლის განმარტებით, ხორციელდება მიბრუნებული და საწარმოო პროცესში გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა, რასთან დაკავშირებითაც დგება ჩამოწერის შიდა აქტი და საწარმოს მიერ საბაზრო ფასით აისახება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოების მაჩვენებელი იძლევა ასეთი პროდუქციის ტექნოლოგიურ პროცესში რეციკლირების მეთოდით შერევის საშუალებას ახალ წარმოებულ პარტიასთან, რაც არ აისახება ახალი ნაწარმოები პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ნედლეულის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით ხორციელდება უკვე გამზადებული პროდუქციის მეორადი გადამუშავება და ახალი სახის პროდუქციის მიღება. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი პროგრამულად ვერ ასახავდა უკან მობრუნებული და საწარმოო პროცესში გაფუჭებული პროდუქტიდან რა ნაწილს იყენებდა კვლავ წარმოებაში, საბუღალტრო პროგრამაში ჩამოწერილი აქვს 964 389 ლარის თვითღირებულების პროდუქტი, შემოწმების მიერ დაბეგრილია 672 951 ლარის პროდუქტი, რომელსაც გადასახადის გადამხდელის მიერ მინიჭებული ჰქონდა კვალიფიკაცია „სხვა დასაბეგრი ოპერაცია“.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ ნაწარმოებ ყველა პროდუქტს გააჩნია თავისი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც მისი რეალიზაცია დაუშვებელია, არ ხდება მისი გამოყენება არანაირი დანიშნულებით. თავად შემმოწმებელიც არ უარყოფს იმ ფაქტს რომ აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს გაფუჭებულ და ვადაგასულ საქონელს, რომელიც აღრიცხულია საბუღალტრო ჩანაწერებში. დარღვევად მიიჩნევს მხოლოდ იმ პროცედურულ ფაქტს რომ არ მიმართა შემოსავლების სამსახურს ვადაგასული და უვარგისი პროდუქციის ჩამოწერის თაობაზე. აღიარებს ამ შეცდომას, თუმცა არაერთი ფაქტი ადასტურებს რომ აღნიშნული საქონელი იყო ვადაგასული და ჩამოწერილი. პირველ რიგში ყველა ჩამოწერილ საქონელზე კომისიურად დგება აქტი (მაგალითისთვის წარმოადგენს ერთ ეგზემპლარს, ხოლო სრულად წარდგენილია შემმოწმებლისათვის), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები, კერძოდ დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში, მენეჯერი და მუშა. აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით კომპანიის დირექტორი.
ასევე გაყიდვაში/დისტრიბუციაში ჩაშვებულ საქონელზე, რომელსაც ვადა გაუვიდა ან/და უვარგისი გახდა სარეალიზაციოდ, იწერება უკან დაბრუნების ზედნადები. ასეთი ზედნადები გამოწერილია 234 849 ლარის ღირებულების პროდუქციაზე. ნაგავსაყრელზე სადაც ხდებოდა ჩამოწერილი და განადგურებული პროდუქციის გადაყრა გადახდილი აქვს თანხა. აღნიშნული ქმედებით არ იყო არანაირად გადასახადის გადახდის თავის არიდების მცდელობა - ვინაიდან ასახულია ბუღალტერიაში, დღგ-ის დეკლარაციებში და სულ მსგავსი ჩამოწერილი საქონლის ღირებულება მთლიანი ბრუნვის 2%-ს არ შეადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერანაირი უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდება ვერ განხორციელდებოდა. საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ვინაიდან არ არსებობს არანაირი მეორე მხარე, ვინაიდან ვადაგასულ და გაფუჭებულ პროდუქციაზე კანონმდებლობის მიხედვით ვერანაირი საკუთრების უფლება ვერ გადაეცემოდა ვერავის შესაბამისად მიაჩნია, რომ არანაირ სასყიდლიან თუ უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია. ასევე აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ დაჯარიმებულა სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და ზედნადების გამოუწერლობაზე. შემმოწმებელი მიუთითებს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ზემოთ მოყვანილი არგუმენტი ამტკიცებს, რომ რეალურად დაშვებულია შეცდომა, რომ არ მიმართა საგადასახადო ორგანოს პროდუქციის განადგურებისას - შესაბამისად ითხოვს შეიცვალოს სამეურნეო ოპერაციის ფორმა და საბჭომ იმსჯელოს მისი შინაარსიდან გამომდინარე.
აღნიშნულის გათვალიწინებით ითხოვს მისი არგუმენტების გათვალისწინებით ყველა ზემოთ მოყვანილი გარემოება და მიწოდებაში ჩართული ვადაგასული პროდუქცია ჩაითვალოს, როგორც განადგურებული/ჩამოწერილი საქონელი რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას. შესაბამისად, შესამცირებელია როგორც შემმოწმებლის მიერ დარიცხული მოგების გადასახადი, ასევე კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ, ხოლო იმ ქმედებისთვის რომ არ მიმართა საგადასახადო ორგანოს დაჯარიმდეს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის (სხვა ჯარიმები) შესაბამისად.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლომატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მისი არგუმენტების გათვალისწინება და სრულად არ მოხდება გადასახადების შემცირება მაშინ დაბეგვრა განხორციელდეს შესაძლო სარეალიზაციო ფასით (თუ ვერ მოხდება აღნიშნული ფასის განსაზღვრა მაშინ სიმბოლურ ფასად კილოგრამი 1 ლარი ან თვითღირებულებით).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-7 ნაწილის თანახმად:
1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
7. ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო ორგანო არ უარყოფს იმ ფაქტს რომ აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს გაფუჭებულ და ვადაგასულ საქონელს, რომელიც აღრიცხულია საბუღალტრო ჩანაწერებში. დარღვევად მიიჩნევს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ არ მიმართა საგადასახადო ორგანოს ვადაგასული და უვარგისი პროდუქციის ჩამოწერაზე. აღიარებს ამ შეცდომას, თუმცა კომპანია აღნიშნულს ბეგრავდა საბაზრო ფასით და რაც იგივე ფასად დაბეგრა აუდიტის დეპარტამენტმა მოგების გადასახადით. აღსანიშნავია, რომ 234 849 ლარის ღირებულების პროდუქციაზე გამოწერილია უკან დაბრუნების ზედნადები, ამასთან, ყველა ჩამოწერილ საქონელზე კომისიურად დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები, ნაგავსაყრელზე სადაც ხდებოდა ჩამოწერილი და განადგურებული პროდუქციის გადაყრა გადახდილი აქვს თანხა, სამწუხაროდ არ იდენტიფიცირდება რა გადაიყარა ნაგავსაყრელზე, ვადაგასულ და გაფუჭებულ პროდუქციაზე კანონმდებლობის მიხედვით ვერანაირი საკუთრების უფლება ვერ გადაეცემოდა ვერავის, ასევე შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ დაჯარიმებულა სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და ზედნადების გამოუწერლობაზე. ითხოვს მისი არგუმენტების გათვალისწინებით შემცირდეს დარიცხული მოგების გადასახადი, ასევე კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ, ხოლო იმ ქმედებისთვის რომ არ მიმართა საგადასახადო ორგანოს დაჯარიმდეს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის (სხვა ჯარიმები) შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მისი არგუმენტების გათვალისწინება და სრულად არ მოხდება გადასახადების შემცირება მაშინ დაბეგვრა განხორციელდეს შესაძლო სარეალიზაციო ფასით (თუ ვერ მოხდება აღნიშნული ფასის განსაზღვრა მაშინ სიმბოლურ ფასად კილოგრამი 1 ლარი ან თვითღირებულებით).
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე აღნიშნა, რომ კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში ასახული აქვს ჩამოწერილი საქონელი თვითღირებულებით 964 389 ლარის ოდენობით, რაზეც კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ საწარმოო პროცესში გაფუჭებული და უკან მობრუნებული საქონელი არის 234 849 ლარის, დანარჩენ საქონელთან დაკავშირებით და იმ საკითხზე თუ რატომ ამ მოიწვია საგადასახადო ორგანო მიუთითა, რომ ვინაიდან არ იყენებს სუფთა რძეს ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა ტექნოლოგიური მიზეზის გამო მიიღება პროდუქცია რომლის სამომხმარებლო სახე არ იძლევა მისი რეალიზაციის შესაძლებლობას, თუმცა პროდუქციის ხარისხობრივი და უსაფრთხოების მაჩვენებელი იძლევა ასეთი პროდუქციის ტექნოლოგიურ პროცესში რეციკლირების მეთოდით შერევის საშუალებას ახალ წარმოებულ პარტიასთან. ასევე, სპრედების საწარმოო პროცესში როდესაც ან დაფასოებული ბრენდი აღარ არის ბაზარზე მოთხოვნადი ან სარეალიზაციო ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა სხვა ცხიმიანობის პროდუქციაზე - ნედლეულის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით ხორცილდება უკვე გამზადებული პროდუქციის მეორადი გადამუშავება და ახალი სახის პროდუქციის მიღება. კომპანიას არ აქვს თანამედროვედ აღჭურვილი დანადგარები, მოქმედებს წარმოებულ პროდუქციაზე გამოყენებული ნედლეულის ელექტრონული აღრიცხვა და კალკულაცია ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯვიდან გამომდინარე. ამდენად, მისი განმარტებიდან გამომდინარე ვინაიდან ჩამოწერილი საქონელი წარმოებაში ბრუნდებოდა, საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მან არ მიმართა საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, დამოუკიდებლად განახორციელა აღნიშნული ქმედება და დღგ-ის მიზნებისთვის აღიარა მიწოდებად, შემოწმების შედეგად აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი პროგრამულად ვერ ასახავდა უკან მობრუნებული და საწარმოო პროცესში გაფუჭებული პროდუქტიდან რა ნაწილს იყენებდა კვლავ წარმოებაში.
აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა საქონლის საბაზრო ფასით მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ჩამოწერილი, ვადაგასული და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვების პროდუქტების წარმოება.კომპანიის მიერ ნაწარმოებ ყველა პროდუქტს გააჩნია თავისი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც მისი რეალიზაცია დაუშვებელია, არ ხდება მისი გამოყენება არანაირი დანიშნულებით. თავად შემმოწმებელიც არ უარყოფს იმ ფაქტს რომ აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს გაფუჭებულ და 3 ვადაგასულ საქონელს, რომელიც აღრიცხულია საბუღალტრო ჩანაწერებში. დარღვევად მიიჩნევს მხოლოდ იმ პროცედურულ ფაქტს რომ არ მიმართა შემოსავლების სამსახურს ვადაგასული და უვარგისი პროდუქციის ჩამოწერის თაობაზე.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
145(6);73(9);97(1გ); 981;983;984;