გადაწყვეტილება №21152/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21152/2/2023
22 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 25.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21152/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატი და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №006-250 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის წლის 29.09.2023 წლის №24133 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 210 582 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 118 502
დღგ - 67 214
საშემოსავლო გადასახადი - 51 288
ჯარიმა - 59 251
საურავი - 32 829
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 18.03.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 12 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია დაფუძნდა 2020 წლის 18 მარტს. 2020 წლის მაისის თვეში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს იმპორტით 8 760 ცალი საწოლის თეთრეული ჩინეთიდან, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურის (----------) საფუძველზე 8 726 ცალი ფეხსაცმელი შპს ,,------------“. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №6127 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულს. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი საწოლის თეთრეულზე (77%) და ფეხსაცმელზე (45%), რომელიც გავრცელდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე. შემოწმებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებულად განხილულ იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და შემოწმების ხელთ არსებული სხვა დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4181 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება და მოძიება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ნორმებზე დაყრდნობით ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელის სალაროში ფიქსირდება ნული ლარი, დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივნისის №13409 ბრძანება და №006-250 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილ საქონელზე შესაბამისი კატეგორიის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ანალიზისას ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმლით და სხვა საოჯახო ნივთებით ვაჭრობა, ლილო მოლის ტერიტორიაზე. კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვისას აქვს, როგორც იმპორტი (საოჯახო თეთრეული), ასევე ადგილობრივი შეძენა (ფეხსაცმელი).
საქმიანობა დაიწყო 2020 წელს, ვიდრე დაიწყებოდა კოვიდ პანდემია, ამ პერიოდში აქვს იმპორტი და ადგილობრივი შეძენაც. კერძოდ, 2020 წლის მაისის თვეში ადგილობრივ ბაზარზე შეიძინა 8 726 წყვილი ფეხსაცმელი, თითო 17.5 ლარად, ხოლო ამავე თვეში იმპორტის სასაქონლო ოპერაციით შემოიტანა 143 300 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საწოლის თეთრეული.
ვინაიდან, კოვიდის პერიოდში ვერ ახდენდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციას, დაუგროვდა საკმაოდ მაღალი ნაშთები, რისი ამოყიდვაც განახორციელა ე.წ. გადამყიდველებზე, ზოგიერთ შემთხვევაში თვითღირებულებაზე დაბალი ფასად, ზოგიერთ შემთხვევაში კი მცირე ფასნამატით.
2023 წლის თებერვალში დაუკავშირდნენ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები და გააფრთხილეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გადამოწმების შესახებ.
ამის შემდგომ, კომპანიის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და ფაქტობრივი ნაშთი მარტის თვის ბოლოს აღარ გააჩნდა.
ამდენად, კომპანიის მიერ გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა, როგორც დღგ-ით, ასევე მოგების გადასახადით იმაზე მაღალი მარჟით, ვიდრე რეალურად ქონდა გაყიდული. ვინაიდან, კომპანიისათვის ცნობილი იყო მსგავს ტერიტორიაზე არსებული პირთა ანალოგიური საქონლის მარჟები მიუსადაგა შესაბამისი ფასნამატი და ისე მოახდინა დეკლარაციაში ასახვა, რათა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება სწორად მოეხდინა.
მომჩივანი ამასთან აღნიშნავს, რომ კომპანიას არ აქვს კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები.
დაზუსტებული საჩივარი
არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას, ვინაიდან სრულად არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია. დაუსაბუთებელია სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატის კომპანიაზე მისადაგება, ვინაიდან ლილოს ტერიტორიაზე საშუალო საცალო რეალიზაცია შეადგენს ჯამურად 50%-ს, ხოლო საქონლის იმპორტიორის მიერ ან იმპორტიორისგან შეძენილი საქონლის ე.წ. გადამყიდველებზე მიწოდების შემთხვევაში საშუალო ფასნამატი მერყეობს 20-დან 40%-მდე. როგორც აუდიტის დეპარტამენტის აქტშია აღნიშნული, კომპანიის მიერ მოხდა ორი სახის საქონლის შეძენა - ფეხსაცმლის ადგილობრივი იმპორტიორისგან, ხოლო თეთრეულის კომპანიის მიერ --------- იქნა იმპორტირებული.
კომპანიის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სხვადასხვა მსგავი, ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებისგან, რომლებიც ანალოგიურ პერიოდში, ანალოგიურ ადგილზე ახდენდნენ საქონლის რეალიზაციას, რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით საშუალო ფასნამატი შეადგენს 20-დან 40%- მდე.
თუ კი დავუშვებთ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით სხვა აუდირებული კომპანიის შედარებას და მის საფუძველზე ფასნამატის გავრცელებას, ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული ინფორმაცია უნდა წარმოადგენდეს კანონიერ ძალაში შესულ დარიცხვას/აქტს. კომპანიისათვის უცნობია თუ, რომელი ან რა სახის აუდირებული საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი იქნა გამოყენებული და რისი მიხედვით მოახდინა შემოწმებამ 77%-იანი მარჟის მიკუთვნება.
დავების განხილვის საბჭოში წარმოადგენს სხვა პირებისგან მოწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის აუდირებული კომპანიების ფასნამატის შესაბამისად გაანგარიშებულ ცხრილს (დანართი), რომლის მიხედვითაც, თეთრეულის შემთხვევაში საშუალო ფასნამატი შეადგენს 47%-ს, ხოლო ფეხსაცმლის შემთხვევაში 32%. ვინაიდან, კომპანიის მიერ არ ხდებოდა საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, ყოველგვარ შესაძლებლობას მოკლებულია წარმოადგინოს დოკუმენტური ფასნამატის ამსახველი ინფორმაცია.
ამდენად, ითხოვს გამოიკვლიოს გამოიყენა თუ არა შემოწმებამ აუდირებული, კანონიერ ძალაში შესული საშუალო ფასნამატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაევალოს შემმოწმებელ ორგანოს საკითხის ხელახლა შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება კომპანიის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით.
თუ მოხდება დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება, შესაბამისად წარმოიშობა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ 2020 წლის მაისის თვეში გადასახადის გადამხდელს იმპორტით შეძენილი აქვს 8 760 ცალი საწოლის თეთრეული ჩინეთიდან, ხოლო 8 726 ცალი ფეხსაცმელი შპს „-----------“. ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების თაობაზე ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულს. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატის (საწოლის თეთრეულზე 77% და ფეხსაცმელზე 45%) გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე გავრცელების გზით. ამასთან, განისაზღვრა ფულის ნაშთი, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2020 წლის მაისის თვეში ადგილობრივ ბაზარზე შეიძინა 8 726 წყვილი ფეხსაცმელი, თითო 17.5 ლარად, ხოლო ამავე თვეში იმპორტის სასაქონლო ოპერაციით შემოიტანა 143 300 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საწოლის თეთრეული, რისი ამოყიდვაც განახორციელა ე.წ. გადამყიდველებზე, ზოგიერთ შემთხვევაში თვითღირებულებაზე დაბალი ფასად, ზოგიერთ შემთხვევაში კი მცირე ფასნამატით. შემმოწმებელი აუდიტორის მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია. დაუსაბუთებელად მიაჩნია სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის ფასნამატის მისადაგება, გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა მსგავი, ანალოგიური საქმიანობის მქონე პირებისგან, რომლებიც ანალოგიურ პერიოდში, ანალოგიურ ადგილზე ახდენდნენ საქონლის რეალიზაციას დ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით საშუალო ფასნამატი შეადგენს 20-დან 40%-მდე. კომპანიისათვის უცნობია რომელი ან რა სახის აუდირებული საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი იქნა გამოყენებული. სხვა პირებისგან მიწოდებულ ინფორმაციის, მათ შორის აუდირებული კომპანიების ფასნამატის შესაბამისად გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, თეთრეულის შემთხვევაში საშუალო ფასნამატი შეადგენს 47%-ს, ხოლო ფეხსაცმლის შემთხვევაში 32%. ითხოვს გამოიკვლიოს გამოიყენა თუ არა შემოწმებამ აუდირებული, კანონიერ ძალაში შესული საშუალო ფასნამატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაევალოს შემმოწმებელ ორგანოს საკითხის ხელახლა შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება კომპანიის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხი განიხილა, გადასახადის გადამხდელის პოზიციების მოსმენის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.09.2023 წლის №24133 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატი და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.
ფაქტობრივი გარემოებები
2020 წლის მაისის თვეში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს იმპორტით 8 760 ცალი საწოლის თეთრეული, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე 8 726 ცალი ფეხსაცმელი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულს. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, რომელიც გავრცელდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულებაზე. შემოწმებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რეალიზებულად განხილულ იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);161(1);101(1);154(1);