გადაწყვეტილება №19167/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2023
№ დოკუმენტი 9167/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19167/2/2023

11.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ის 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19167/2/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის №2961 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის №068-2 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 162 327 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 98 328

დღგ - 41 716

მიწა (არასასოფლო) - 754

საშემოსავლო გადასახადი - 47 501

ქონების გადასახადი - 8 357

ჯარიმა - 35 758

საურავი - 27 241

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფქვილით, ბურღულით, სამშენებლო-სარემონტო მასალებით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 30.07.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას. გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები ჩატარდა 4- ჯერ. საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლით დაჯარიმებულია ერთხელ. გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ეთხოვა ინფორმაციის წარდგენა ფასნამატზე, შემოწმების შედეგად გაანალიზებულია ფასნამატის დონე (წლიური 4-5%), რის მიხედვითაც გადამხდელმა დააზუსტა 2018-2019 წლების წლიური საშემოსავლო და დღგ-ის დეკლარაციები. ფასნამატი საშუალოდ გაიზარდა 9%-მდე. შესწავლილია მეწარმის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ინვენტარიზაციები, ინვოისები, საბანკო ამონაწერები და სხვა ელექტრონული დოკუმენტები), ასევე, შესწავლილია გადამხდელის სავაჭრო და საფასო პოლიტიკა, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. მეწარმე არ აწარმოებს აღრიცხვას საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

2. შემოსავლების 90% მთლიანად აღირიცხება და ფიქსირდება მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატით;

3. პროდუქცია გადამხდელის მიერ ჩამოწერილია ჯამურად და ვერ ხერხდება საქონლის მიხედვით თითოეულ რეალიზაციასთან დაკავშირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციისას კატეგორიების მიხედვით დადგენილი ფასნამატი საანგარიშო პერიოდის მიხედვით გავრცელებულია დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

მეწარმის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით დადგენილ ხარჯებს შორის (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯში გადამხდელს უფიქსირდება სარეალიზაციოდ გამიზნული სმფ-ების ხარჯი, ბანკიდან აღებულ სესხზე დარიცხული პროცენტის და ბანკის საკომისიოს ხარჯი, ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯი). საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, დაკორექტირდა (გაიზარდა) 2018-2020 წლების გამოსაქვითი ხარჯი.

გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი 2019-2020 წლებისთვის აღემატება 100 000 ლარს. მეწარმე საანგარიშო პერიოდში ფლობს ავტომანქანებსა (მ.შ სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის) და უძრავ ქონებას. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 202-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად და ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 17.08.2021 წლის №26732 ბრძანება და ამავე თარიღის 17.08.2021 წლის №068-19 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 16.09.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.12.2021 წლის №42664 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებზე (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატი; ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება; ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება) გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალედარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები;

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების, გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია რომ:

საბჭოს გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტის შესაბამისად მომჩივნის წარმომადგენელმა საკონსულტაციო კომპანიამ შპს აი დი კონსალტინგმა ვადაში წარადგინა ინფორმაცია, შედგა შემმოწმებლებისა და გადამხდელის წარმომადგენლების შეხვედრა და სადავო საკითხების ერთობლივი განხილვა. პოზიციაზე დასახელებით „ცემენტი“ გამოყენებულია სმფ-ის ინდივიდუალური ღირებულების განსაზღვრა, ხოლო პოზიციაზე დასახელებით „ფქვილი“ აუდიტის დეპარტამენტში იგივე პროდუქციის რეალიზატორი ფირმების აუდირებული ფასანამატის ანალიზით გათვალისწინებულია 3.04%

საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 2019-2020 წლის ქონების დეკლარაციებით განსაზღვრული ქონების წლიური გადასახადი დაკორექტირდა 0.8% განაკვეთზე (ფაილის ტექნიკური ხარვეზის გასწორება). შემოსავლებისა და ხარჯების კორექტირების მიუხედავად 2019 და 2020 წლის შემოსავლები აცდა 100 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად გადასახადი გაიზარდა 3 077 ლარით და ჯარიმა 1 538 ლარით, სულ

4 615 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2023 წლის №2961 ბრძანება და ამავე თარიღის №068-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დააზუსტა 2018-2019 წლების წლიური საშემოსავლო და დღგ-ის დეკლარაციები და წლიური საშუალო ფასნამატი 4-5% გაზარდა საშუალოდ 9%-მდე. ამის შემდგომ დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. შემოწმების მასალები გადამხდელს ჩაბარდა 18.08.2021 წელს, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხსენებული ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შესაბამისად, სადავო საკითხები დაუბრუნდა აუდიტის დეპარტამენტს შემდგომი კორექტირებისთვის (შემცირებისთვის).

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მითითებული „აუდიტორის შეფასება“ ბუნდოვანია და ტოვებს ეფექტს თითქოს ყველაფრის გათვალისწინება და კორექტირება (შემცირება) განხორციელდა. რეალობას წარმოადგენს ის, რომ ფქვილის შემთხვევა ნამდვილად გაითვალისწინა აუდიტორმა და 6%-იანი ფასნამატი შეცვალა 3.04%-ით (თუმცა გასაჩივრების ეტაპზე და შეხვედრის დროსაც პრინციპულად ამტკიცებდა რომ აუდირებული ფასნამატი წარმოადგენდა 6%-ს და ამ საკითხზეც აქტის გამოცემამდე შეთანხმებას ვერ მიაღწია). ცემენტის შემთხვევაში, წარადგინა მტკიცებულება, რომ შემოწმების მასალებში იყო შეცდომები. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინა ალტერნატიული კალკულაცია ცემენტის ფასნამატთან დაკავშირებით, რისი გათვალისწინების მაგივრადაც, აუდიტორმა მოახდინა საკუთარ კალკულაციებში ცვლილებების შეტანა და ცემენტის ფასნამატის პირიქით გაზრდა იმ მიზეზით, რომ წარდგენილი უნდა ყოფილიყო კორექტირებები მისივე მომზადებულ ცხრილში. აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებული მოთხოვნა არ არის მითითებული საბჭოს გადაწყვეტილებაში.

მეორე საკითხის ნაწილში შემმოწმებლის მიერ განხორციელდა აქტის გაუარესება. შემოწმების აქტის თანახმად, ქონების გადასახადის ნაწილში (გარდა მიწისა) დამატებითი დარიცხვა განხორციელდა მხოლოდ 2020 წლის ქონებაზე. მის მიერ გასაჩივრებული იყო საპროცენტო განაკვეთი. შემმოწმებელს გავრცელებული ჰქონდა 1%-იანი განაკვეთი, როცა აღნიშნული განაკვეთი მიესადაგება მხოლოდ საწარმოებს, ხოლო საწარმოს განსაზღვრებაში არ მოიაზრება ინდივიდუალური მეწარმე საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. შესაბამისად, ითხოვდა ქონების გადასახადის ფიზიკური პირისთვის განსაზღვრული განაკვეთის, 0.8/0.2%-ის გავრცელებას ნაცვლად 1%-ისა. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, სადაც გადამხდელის ჩართულობის გარეშე იქნა განხილული საჩივარი და არ დაკმაყოფილდა. ხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, სადაც აუდიტორი ირწმუნებოდა, რომ აღნიშნული განაკვეთი სწორად იყო მითითებული. მიუხედავად ამისა, საბჭომ საკითხი დაუბრუნა აუდიტის დეპარტამენტს ხელახლა შესასწავლად. შესწავლის პერიოდში, აუდიტორი პრინციპულად არწმუნებდა რომ აღნიშნული დარიცხვა განხორციელებული იყო სწორად, რაზეც არ დაეთანხმა. ბოლო შეხვედრისას ამ საკითხზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა როგორც აღმოჩნდა ახალ აქტში აუდიტორმა გაითვალისწინა და გაავრცელა 0,8%- იანი განაკვეთი ნაცვლად 1%-ისა 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო აუდიტორმა გადაწყვიტა, რომ პირველად შემოწმების აქტში 2019 წლის ქონების გადასახადი იყო გამორჩენილი და უნდა გაესწორებინა 2019 წლის ქონების გადასახადი. რის შედეგადაც მოახდინა ქონების გადასახადის გაზრდა. მაშინ, როცა პირველად აქტში ქონების გადასახადში ჯამურად დარიცხული იყო 6 034 ლარი ქონების გადასახადი, გადათვლის შედეგად დარიცხვა გაიზარდა და გახდა 9 111 ლარი ანუ 3 077 ლარით მეტი. გარდა ამისა, გაზრდილია დარიცხული ჯარიმა. აღნიშნული ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ: ქონების გადასახადის ნაწილში „აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“. გარდა იმ არგუმენტისა, რომ აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საბჭოს გადაწყვეტილებას, მეორე არგუმენტია შემდეგი, პირველად აქტით 2018 წლის ინდ. მეწარმის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა 405 710 ლარი, ხოლო დასაბეგრი მოგება 6 704 ლარი. 2019 წლის ერთობლივი შემოსავალი 956 976 ლარი, ხოლო დასაბეგრი მოგება 111 740 ლარი. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. ამ შემთხევაში 2018 წლის დასაბეგრი შემოსავალია 6 704 ლარი და არა 405 710 ლარი. შესაბამისად, არ უნდა განხორციელდეს 2019 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა, მითუმეტეს აქტის გაუარესების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილებით:

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებზე (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატი; ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება; ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება) გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალედარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები;

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულების, გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის დასკვნით: მომჩივნის მიერ გასაჩივრებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას, შემოსავლის განსაზღვრის სააღრიცხვო ბაზის ხარვეზები გადამხდელს არ შეუსწორებია და შესაბამისად ექსელის ბაზაში შესაბამისი ფორმულების გაჯანსაღება შემმოწმებელმა განახორციელა და შემოწმებული ვარიანტი გადამხდელს გაუგზავნა ელ. ფოსტაზე. მომდევნო პერიოდში გადამხდელისგან ექსელის ბაზასთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის პრეტენზიები არ წაუყენებია. საბჭოს გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტის შესაბამისად მომჩივნის წარმომადგენელმა საკონსულტაციო კომპანიამ შპს აი დი კონსალტინგმა ვადაში წარადგინა ინფორმაცია, შედგა შემმოწმებლებისა და გადამხდელის წარმომადგენლების შეხვედრა და სადავო საკითხების ერთობლივი განხილვა. პოზიციაზე დასახელებით „ცემენტი“ გამოყენებულია სმფ-ის ინდივიდუალური ღირებულების განსაზღვრა, ხოლო პოზიციაზე დასახელებით „ფქვილი“ აუდიტის დეპარტამენტში იგივე პროდუქციის რეალიზატორი ფირმების აუდირებული ფასანამატის ანალიზით გათვალისწინებულია 3.04%.

საბჭოს გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტის შესაბამისად მომჩივნის მიერ წარდგენილი 2019-2020 წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გასათვალისწინებელი დოკუმენტური ხარჯებიდან, სესხის გამოყოფის ერთჯერადი საკომისიო გადახდები გათვალისწინებულია „ბანკის საკომისიოს“ დეკლარაციის პუნქტში.

2018 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ხარჯად აღიარდა და განხორციელდა კორექტირება (შემცირება): გაანგარიშების ბაზაში შესაბამისი ფორმულების გადასინჯვით გაიზარდა შეძენილი საქონლის ღირებულება 10 775 ლარით; სრულად გამოსაქვითი ძირითადი საშუალებების ღირებულება 253 ლარით; ელ. ენერგიის დაერთების საფასური (ანგარიშფაქტურა -------------) 1 017 ლარით; ტომრების ღირებულება 2 958 ლარით. სულ გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა გაიზარდა 15 003 ლარით.

2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ხარჯად აღიარდა შემდეგი: გაანგარიშების ბაზაში შესაბამისი ფორმულების გადასინჯვით შემცირდა შეძენილი საქონლის ღირებულება 4 060 ლარით. სრულად გამოსაქვითი ძირითადი საშუალებების ღირებულება გაიზარდა 1 282 ლარით, ტომრების ღირებულება გაიზარდა 3 347 ლარით. სულ გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა გაიზარდა 507 ლარით.

2020 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ხარჯად აღიარდა შემდეგი: გაანგარიშების ბაზაში შესაბამისი ფორმულების გადასინჯვით გაიზარდა შეძენილი საქონლის ღირებულება 6 802 ლარით. სრულად გამოსაქვითი ძირითადი საშუალებების ღირებულება 2 439 ლარით. ტრანსპორტირების ხარჯი (ანგარიშ-ფაქტურა ------------) 212 ლარი და მაცივარი (სასაქონლო ზედნადები ----------) 1 805 ლარი, სულ გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა გაიზარდა 11 258 ლარით.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად 2019-2020 წლის ქონების დეკლარაციებით განსაზღვრული ქონების წლიური გადასახადი დაკორექტირდა 0.8% განაკვეთზე (ფაილის ტექნიკური ხარვეზის გასწორება). შემოსავლებისა და ხარჯების კორექტირების მიუხედავად 2019 და 2020 წლის შემოსავლები აცდა 100 000 ლარიან ზღვარს, შესაბამისად გადასახადი გაიზარდა 3 077 ლარით და ჯარიმა 1 538 ლარით, სულ 4 615 ლარით.

მომჩივანი მიუთითებს ორ არგუმენტს:

1. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინა ალტერნატიული კალკულაცია ცემენტის ფასნამატთან დაკავშირებით, რისი გათვალისწინების მაგივრადაც, აუდიტორმა მოახდინა საკუთარ კალკულაციებში ცვლილებების შეტანა და ცემენტის ფასნამატის პირიქით გაზრდა იმ მიზეზით, რომ წარდგენილი უნდა ყოფილიყო კორექტირებები მისივე მომზადებულ ცხრილში. აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებული მოთხოვნა არ არის მითითებული საბჭოს გადაწყვეტილებაში.

2. 2020 წლის ქონების გადასახადის ნაწილში აუდიტორმა გაითვალისწინა და გაავრცელა 0,8%- იანი განაკვეთი ნაცვლად 1%-ისა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო აუდიტორმა გადაწყვიტა, რომ პირველად შემოწმების აქტში 2019 წლის ქონების გადასახადი იყო გამორჩენილი და უნდა გაესწორებინა. რის შედეგადაც მოახდინა ქონების გადასახადის გაზრდა. მაშინ, როცა საგადასახადო შემოწმების აქტში ქონების გადასახადში ჯამურად დარიცხული იყო 6 034 ლარი, გადაანგარიშების შედეგად დარიცხვა გაიზარდა და გახდა 9 111 ლარი ანუ 3 077 ლარით მეტი. ამასთან, 2018 წლის დასაბეგრი შემოსავალია 6 704 ლარი და არა 405 710 ლარი. შესაბამისად, არ უნდა განხორციელდეს 2019 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა, მითუმეტეს დარიცხვის გაუარესების გზით.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2019 წლის ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, იგი ასახული არ იყო აქტის გაანგარიშების ფაილში. გადაანგარიშების ეტაპზე გადაანგარიშება განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდზე სრულად ტექნიკური ხარვეზის გათვალისწინებით.

საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილების შინაარსის, მომჩივნის არგუმენტების და ქონების გადასახადში გადაანგარიშების ეტაპზე განსაზღვრული თანხის გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ქონების გადასახადის ნაწილში, საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილების, აღსრულება მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (ფარგლებში).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ქონების გადასახადის ნაწილში, საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილების, აღსრულება მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (ფარგლებში);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფქვილით, ბურღულით, სამშენებლო-სარემონტო მასალებით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას.შემოსავლების 90% მთლიანად აღირიცხება და ფიქსირდება მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატით;პროდუქცია გადამხდელის მიერ ჩამოწერილია ჯამურად და ვერ ხერხდება საქონლის მიხედვით თითოეულ რეალიზაციასთან დაკავშირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.

მეწარმის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით დადგენილ ხარჯებს შორის,რიდ შედეგადაც დაკორექტირდა (გაიზარდა) 2018-2020 წლების გამოსაქვითი ხარჯი.

გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი 2019-2020 წლებისთვის აღემატება 100 000 ლარს.გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებზე (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატი; ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის კორექტირება; ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება) გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალედარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები.

საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილების შინაარსის, მომჩივნის არგუმენტების და ქონების გადასახადში გადაანგარიშების ეტაპზე განსაზღვრული თანხის გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ქონების გადასახადის ნაწილში, საბჭოს 7.04.2022 წლის №15517/2/2022 გადაწყვეტილების, აღსრულება მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (ფარგლებში).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

304(21)