ბრძანება N 20916
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20916
24 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ ------)
(მის: ---------)
2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი N86) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ ------) N83025/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს NCB1495276 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთს და განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს ინვენტარიზაცია და დაუტოვეს დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეევსო და წარედგინა მიცემულ ვადაში. ინვენტარიზაცია ჩატარდა 2023 წლის 11 აგვისტოს და 14 აგვისტოს უნდა წარედგინა დოკუმენტაცია, რა დროსაც უკვე აღმოჩნდა, რომ ოქმი შედგენილი იყო და თანხა დარიცხული. გადასახადის გადამხელი ასევე მიუთითებს, რომ ხორცის ნახევარი იყო ცხვრის ხორცი, რომელიც მისი საკუთრებაა და მას როგოც მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება ჰქონდა ისე გაეყიდა, რომ არ დაბეგრილიყო. ამასთან, მიუთითებს, რომ ვინაიდან აზერბაიჯანელია, წაყენებული მოთხოვნა ვერ გაიგო.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და სადავო ოქმის შემდგენი ოფიცრების მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 27 ივლისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის Nბ-13246/2023 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -----ის (ს/ნ ------) (------ს რ-ნი, სოფ. ----) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა შერჩევითი ინვენტარიზაცია. ი/მ ------ს ფაქტობრივი აღწერით, 2023 წლის 27 ივლისის მდგომარეობით დაუფიქსირდა 2425 ლარის სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღწერის მონაცემები შეტანილი იქნა შერჩევით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ბუღალტრული ნაშთი ორი სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, აღწერილი სმფ-ები ჩაითვალა, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 4 აგვისტოს შედგენილ იქნა NCB1495276 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა 1212,5 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპენტეციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილ აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთს
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 27 ივლისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის Nბ-13246/2023 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა შერჩევითი ინვენტარიზაცია. მომჩივანს ფაქტობრივი აღწერით, 2023 წლის 27 ივლისის მდგომარეობით დაუფიქსირდა 2425 ლარის სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღწერის მონაცემები შეტანილი იქნა შერჩევით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში. გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ბუღალტრული ნაშთი ორი სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, აღწერილი სმფ-ები ჩაითვალა, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 4 აგვისტოს შედგენილ იქნა NCB1495276 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა 1212,5 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1), 8(22), 70(1"ა"), 72(1), 269(1), 270(1), 286(4).