ბრძანება N 16088
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16088
16 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ --------------)
(მის.: -------------------------------)
2025 წლის 27 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისის და 3 ივლისის სხდომაზე (ოქმები: №48 და №52) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) 2025 წლის 27 მაისის №95912/1/2025 და №95915/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 აპრილის №083-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება ნიგვზის გადამუშავებულ პროდუქტად განხილვას და მისი რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უმეტესწილად შეძენილი აქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტი კაკალი. მიუთითებს, რომ ვინაიდან კაკალი შეძენილია ფიზიკური პირებისგან, მოთხოვნის შემთხვევაში, შეძლებენ შესაბამისი აქტების წარმოდგენას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება რეალიზებული პროდუქციის ნაწილის დღგ-ით დაბეგვრას და განმარტავს, რომ მათ მიერ უახლოეს მომოვალში წარდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი არაელექტრონული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომელიც რეალურად შემაცირებს დარიცხვას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შეუძლიათ უფრო მეტი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. ასევე, მიუთითებს, რომ გონივრული ვადის მიცემის შემთხვევაში, ბუღალტრულ პროგრამაში ასახავენ სამეურნეო ოპერაციებს, რაც საშუალებას მისცემთ უფრო ნათელი სურათი წარმოადგინონ მათი არგუმენტების განსამტკიცებლად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №2627 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 3 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 24 აპრილის №7505 ბრძანება და ამავე თარიღის №083-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 451 487 ლარი, მათ შორის გადასახადი 266 738 ლარი, ჯარიმა 133 369 ლარი და საურავი 51 380 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის და კვების სხვადასხვა პროდუქტების შეძენა/რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ნიგოზის რეალიზაცია, რომელსაც გადამხდელი არ ბეგრავს დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და მე-8 მუხლის 62 ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, აგრეთვე, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის მიხედვით და ვინაიდან, ნიგოზი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ნიგოზი შემოწმების მიერ დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით უფიქსირდება 2 065 336 ლარის დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა სასაქონლო ზედნადებებით მხოლოდ 49 316 ლარის პროდუქციის შესყიდვა ფიქსირდება. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი არაელექტრონული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ელექტრონული ცხრილი სადაც ფიქსირდებოდა შეძენილი პროდუქციის შესყიდვის თარიღი, გამყიდველის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, საქონლის დასახელება, წონის ერთეული, შესყიდული საქონლის დასახელება და ერთეულის ღირებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ დღგისაგან გათავისუფლებული პროდუქციის ნაწილი დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას, კერძოდ საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის 28% (აღნიშნული პროცენტი აღებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით) წარმოადგენდა იმპორტირებულ საქონელს, რომელზეც არ ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათი. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
3. გადამხდელმა მის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა გადამხდელის შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, კერძოდ, შემოსული ფულადი სახსრების გაანგარიშება განხორციელდა შემდეგნაირად, შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციის თანხას (3 889 350 ლარი) გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი (207 781 ლარი), შესაბამისად, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჰქონდა 3 681 569 ლარი. ასევე, გასული ფულადი სახსრების გაანგარიშება განხორციელდა შემდეგნაირად, შესამოწმებელ პერიოდში გაწეულ ხარჯებს (პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიო, საწესდებო კაპიტალის დაფარვა, N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად შემოწმებით დადგენილი ხარჯები) გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდისთვის არსებული კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი. შემოწმებით დადგენილ ფულის შემოსვლასა და გასვლას შორის სხვაობას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, რის მიხედვითაც მიღებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. ვინაიდან გადამხდელი წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით აღნიშნავდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი, შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 12 ივნისს -:- სთზე ჩაინიშნა საჩივრის განხილვა მომჩივნის მონაწილეობით, რომელიც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 3 ივლისს 13:20 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 62 ნაწილის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:
უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11– 0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ნიგოზის რეალიზაცია, რომელსაც გადამხდელი არ ბეგრავს დამატებული ღირებულების გადასახადით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ნიგოზი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით უფიქსირდება 2 065 336 ლარის დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა სასაქონლო ზედნადებებით მხოლოდ 49 316 ლარის პროდუქციის შესყიდვა ფიქსირდება. ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი არაელექტრონული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის 28% (აღნიშნული პროცენტი აღებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით) წარმოადგენდა იმპორტირებულ საქონელს, რომელზეც არ ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათი. შედეგად, დღგ-ისაგან გათავისუფლებული პროდუქციის ნაწილი დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას.
ამასთან, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა კომპანიაში შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი, ასევე, კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებს გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდისთვის არსებული კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი. შემოწმებით დადგენილ ფულის შემოსვლასა და გასვლას შორის სხვაობას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, რის მიხედვითაც მიღებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. ვინაიდან, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით გადამხდელი აღნიშნავდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ნიგვზის გადამუშავებულ პროდუქტად განხილვას და მისი რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას,რეალიზებული პროდუქციის ნაწილის დღგ-ით დაბეგვრა და სალაროში არსებული ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2627 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7505 ბრძანება და №083-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 451 487 ლარი, მათ შორის გადასახადი 266 738 ლარი, ჯარიმა 133 369 ლარი და საურავი 51 380 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ირკვევა რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდება ნიგოზის რეალიზაცია, რომელსაც გადამხდელი არ ბეგრავს დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და მე-8 მუხლის 62 ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, აგრეთვე, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის მიხედვით და ვინაიდან, ნიგოზი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ნიგოზი შემოწმების მიერ დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით უფიქსირდება 2 065 336 ლარის დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა სასაქონლო ზედნადებებით მხოლოდ 49 316 ლარის პროდუქციის შესყიდვა ფიქსირდება. ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი არაელექტრონული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის 28% (აღნიშნული პროცენტი აღებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით) წარმოადგენდა იმპორტირებულ საქონელს, რომელზეც არ ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა კომპანიაში შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი, ასევე, კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებს გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდისთვის არსებული კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი. შემოწმებით დადგენილ ფულის შემოსვლასა და გასვლას შორის სხვაობას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, რის მიხედვითაც მიღებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. ვინაიდან, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით გადამხდელი აღნიშნავდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ ); 163(1 და მე-2); 164(1); 169(3); 172(4 „უ“ და „ფ“);