გადაწყვეტილება №18537/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.03.2023
№ დოკუმენტი 18537/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18537/2/2022

09.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ-------------- )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ის 27.12.2022 წელს და 23.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18537/2/2022 და 18953/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №CB1402555 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №CB1402560 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30923 ბრძანება;

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №CB1338741 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

5. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1554 ბრძანება.

 

დაკისრებული სანქცია: 22 191,01 ლარი და გაფრთხილება.

მათ შორის:

გაფრთხილება - 14.06.2022 წლის №CB1338741 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ;

19 255,1 ლარი - 7.10.2022 წლის №CB1402555 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2 935,91 ლარი - 7.10.2022 წლის №CB1402560 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და 17.10.2022 წლის №26220 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 14.06.2022 წლის №14941 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისსა და ასევე აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №CB1402555 და №CB1402560 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.

ორივე სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30923 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 27.12.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რის შესახებაც მომჩივანს ეცნობა 30.12.2022 წლის №03/119203 წერილით. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ 9.01.2023 წლის №830/01 (რეგ. 6.01.2023 წ. №326278) საჩივარში/განცხადებაში მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ ასაჩივრებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №763728 საკონტროლო შესყიდვის შესახებ ოქმს და №CB1338741 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომლითაც მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით გათვალიწინებული გაფრთხილება.

აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საჩივარი კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1554 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც ასევე გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №CB1402555 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 38 510,2 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები რაზეც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით 19 255,1 ლარის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №CB1402560 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 21 991,85 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით 2 199,19 ლარის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №26220 ბრძანებით გასწორდა ამავე დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №CB1402560 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა: საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მე-4 გრაფაში „საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ღირებულება, ნაცვლად 21 991,85 ლარისა, მიეთითა 29 359,12 ლარი, შესაბამისად მე-6 გრაფაში „შეფარდებული სანქცია“ - ნაცვლად 2 199,85 ლარისა განისაზღვრა 2 935,91 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30923 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებზე.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს არ მიუწოდებია დოკუმენტაცია, რასაც ითხოვს შედარების სახით, ამიტომ დაზუსტებულ საჩივარს წარმოადგენს მოგვიანებით.

ინვენტარიზაციის ჩატარებას წინ უძღვოდა ეგრეთწოდებული საკონტროლო შესყიდვა, რომლის დროსაც ყველა პროცედურა დაცული იყო გამყიდველის მხრიდან. კერძოდ, მოხდა კომპიუტერის „მაუსის“ მიწოდება (სარეალიზაციო ღირებულება 24 ლარი). აღნიშნული თანხა მიღებული იქნა სალაროში. შესაბამისად, ამოიბეჭდა მაიდენტიფიცირებელი სსა-ის ჩეკი, ნომერი №000132, თანხა 24 ლარი. ამის მიუხედავად ოქმში ვკითხულობთ: ამონარიდი ოქმიდან - „საკონტროლო შესყიდვის დროს დაირღვა სსკ-ის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლოსალარო აპარატის გამოუყენებლობა), რისთვისაც სსკ-ის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება სსკ-ის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით. მაიდენტიფიცირებელი სსა-ის ჩეკის ნომერი №000132.

ოქმის შინაარსი წინააღმდეგობრივი და ერთმანეთთან დაპირისპირებული აზრებითაა გაჯერებული. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების აბსურდული ჩვენებით აღმოჩენილი იქნა „კანონდარღვევა“ ჩეკის ამოუბეჭდაობის გამო და იქვე უთითებენ მაიდენტიფიცირებელი სსა-ის ჩეკის ნომერს - №000132. ჩნდება კითხვა: რა სამართალდარღვევაზეა საუბარი?!

შემდეგი ამონარიდი ოქმიდან: „მეწარმეს მიეცა გაფრთხილება“. მეწარმე მოქმედებდა კანონთან სრული შესაბამისობის ფარგლებში. გამყიდველმა მყისიერად მოახდინა ჩეკის ამობეჭდვა და ადგილი არ ჰქონია მეწარმის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას. ჩნდება კითხვა: რომელ დარღვევასთან დაკავშირებით მიეცა მეწარმეს გაფრთხილება?!

სინამდვილეში, აღნიშნული სამწუხარო ფაქტი არის მეწარმის მიზანმიმართული შევიწროება და მისი უმწეო მდგომარეობაში ჩაყენება, დაშინება. განზრახ მიმართული ქმედება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდან. ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით ცალსახად და ობიექტურად ჩანს ოფიცრების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება მეწარმესთან მიმართებაში. ასეთი თანამშრომლების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება აზარალებს საერთო საქმეს და მტრად წარმოგვიჩენს შემოსავლების სამსახურს. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად შემოსავლების სამსახურსა და მეწარმეს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა იყოს. ეს დამოკიდებულება კი პირიქით, ნდობას უკარგავს მეწარმეს შემოსავლების სამსახურის მიმართ და განაწყობს მას უარყოფითად.

ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ჩაბარებულია მისი გამოცემის დღეს და იმავე დღეს ჩამორთმეულია ხელწერილი, სადაც მითითებული იყო სამეწარმეო საქმიანობის დაწყების თარიღი 14.03.2022 წელი. ხელწერილში მიეთითა, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან გასული იყო 4 თვე და ამ დროის მონაკვეთში ინვენტარიზაცია ჩატარებული არ იყო, რადგან კანონის თანახმად ინვენტარიზაციის ჩატარება მხოლოდ წლის ბოლოს ევალებოდა.

ამის შემდეგ შეიქმნა ინვენტარიზაციის კომისია. კომისიის წევრები იყვნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები. ასევე მეწარმის წარმომადგენელი. კომისიამ შეადგინა სმფ-ის ინვენტარიზაციის ოქმის პროექტი, რომელსაც მაშინვე არ დაეთანხმა რიგი მიზეზების გამო. კერძოდ, შეძენილ საქონელზე სრულად არ იყო სასაქონლო ზედნადებების ნომრები, რაც იწვევდა ერთი შეხედვით აღურიცხავი საქონლის არსებობის სურათს. აღნიშნულის გამო მოითხოვა 5 სამუშაო დღე, რათა შეემოწმებინა ყველა შეძენილი საქონელი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით.

დათქმულ დროში მიაწოდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ყველა დოკუმენტაცია. წარმოდგენილია კომუნიკატორს სქრინი (დანართი მეწარმის მიერ შენატანი სმფ და „კაპიტალი“). ამის შემდეგ დამცინავი ტონით დაუკავშირდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი. დაცინვით უთხრა, რომ მეწარმის შენატანი „კაპიტალის“ სახით მხოლოდ იურიდიულ პირებს ეკუთვნისო. მას როგორც ჩანს, მხედველობიდან გამორჩა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი, „შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება, რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში“. მათი განმარტებით, მხოლოდ ფულადი შენატანი განიხილება მეწარმის შენატანად.

აღნიშნული არასწორია, თუკი ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, რატომ არ შეიძლება მეწარმის საკუთრებაში არსებული სმფ იქნეს განხილული შენატანად, რისი დოკუმენტაციაც გაგზავნილი იყო საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებისთვის და სრულად აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირობას.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მისი ოჯახი შედგება 15 პირისგან. წლების განმავლობაში საჩუქრად მიღებული და ოჯახში დაგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთები აღრიცხა და გადაწყვიტა რეალიზაცია. აღრიცხული ნივთები შეიტანა მის მაღაზიაში გასაყიდად. არის თუ არა დანაშაული მის ქმედებაში (წარმოადგენს დანართებს - ცნობას ოჯახის წევრების შესახებ, მეწარმის შენატანი „კაპიტალის სახით“ სმფ-ის სახით), რადგან თანდართული დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, საქონლის დანაკლისი გამოიყვანეს 29 359 ლარი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ჯარიმა დანაკლისზე 2 935,91 ლარი, ხოლო ზედმეტობა, საბაზრო ღირებულებით - 38 510,2 ლარი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით ჯარიმა - 19 255,1 ლარი. შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №1402555 და №1402560.

ითხოვდა აქტში მოხსენიებულ სმფ-ის ზედმეტობისა და დანაკლისის იდენტიფიცირებას, დოკუმენტურად დასაბუთებულ ანალიზს. მათ შორის, ფასნამატისაც. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს არ სურთ წერილის მიწერა. სატელეფონო საუბრებმა კი შედეგი არ გამოიღო. 4.12.2022 წელს კომუნიკატორის მეშვეობით კვლავ მოითხოვა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისგან დოკუმენტის სახით წარმოადგინონ მტკიცებულებები (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია №CB1402555 (7.10.2022 წ)) გამოვლენილ სმფ-ის 38 510,2 ლარის ზედმეტობაზე, ასევე სმფ-ის 29 359,12 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე (ბრძანება №26220 17.10.2022 წ);

ამავდროულად, გასაჩივრდა ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევის ოქმები შემოსავლების სამსახურში, საქმის ნომერი 75985/1/2022, 4.11.2022 წელი. საჩივარში კატეგორიულად არ ეთანხმებოდა საქმის მასალებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი კი შეგნებულად აჭიანურებდა მასალების გადაცემას, რომ გასაჩივრების ვადები დარღვეულად ჩათვლილიყო.

შემოსავლების სამსახურიდან მიღებულია სრულიად სამართლიანი და ლოგიკური პასუხი საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, რადგან ვერ იქნა წარდგენილი დროულად ის დოკუმენტაცია, რაც საჩივრდებოდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მიზეზი კი ისევდაისევ ის გახლდათ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა არ გადასცა დროულად ის დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა მათ მიერ გამოვლენილ სმფ-ის ზედმეტობას თუ დანაკლისს და ასევე, ფასნამატის დაუსაბუთებლობას.

დაგვიანებით მიღებულია პასუხი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოსგანაც (სხდომის ოქმი №15, 23.08.2022 წ). ოქმის წაკითხვისთანავე ცხადი გახდა, რომ არ მომხდარა საქმის ინდივიდუალური განხილვა, რასაც ითხოვდა. პირიქით, დაუკოპირებიათ ვინმე ი/მ ---------ის საქმე. ამონარიდი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომის ოქმი №15 განსახილველი საკითხის მე-2 აბზაცი: შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 აპრილის №10363 ბრძანების საფუძველზე ი/მ ---------ის (ს/ნ ----------) ობიექტში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ხსენებული ბრძანების მიხედვით შექმნილი იქნა საინვენტარიზაციო კომისია, რომელმაც მათ შორის დაადგინა სმფ-ების თანხობრივი სააღრიცხვო (ბუღალტრული) ნაშთი - ამას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ტექნიკურ პრობლემად ჩაითვლის, როგორც ეს გაკეთდა აქტების დაწერის დროს.

განზრახ, წინასწარ დაგეგმილი სქემის მიხედვით ცდილობენ დანაშაულებრივად წარმოაჩინონ სამეწარმეო საქმიანობა და გამოიყვანონ კანონის დამრღვევად. მათ მიერვე შედგენილი არაერთი დოკუმენტი ცხადყოფს მისი საქმიანობის კანონთან სრულ შესაბამისობას და კეთილსინდისიერებას.

უნდა გაუქმდეს უსაფუძვლოდ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №15 ოქმი.

„დადგენილი“ ფასნამატი 33,8% - შეიცვალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან და დაადგინეს 33,5%, ესეც შესაცვლელია. ყველაზე კარგ მტკიცებულებად ის გამოგვადგება, რომ ძირითადი რეალიზაცია უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკის მეშვეობით ხორციელდება მიწოდებული საქონლის ფასნამატი შეადგენს 23%-ს, რაც დოკუმენტურად დასტურდება.

უნდა გაუქმდეს უსაფუძვლოდ შედგენილი ზემოთ აღნიშნული საკონტროლო შესყიდვის ოქმი №763728, სამართალდარღვევის ოქმები №1402555 და №1402560. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №15 ოქმი, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმე დაუბრუნდეს ხელახალ განხილვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების თანახმად:

11. დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.03.2023 წლის №------21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მეწარმეს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სმფ-ები აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ასევე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ ჩაუტარებია სმფ-ების ინვენტარიზაცია, შესაბამისად არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღწერა სწორედ, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს ღებულობს შესანახად თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ. საშუალო შეწონილი ფასნამატი (33,8%) მიღებული იქნა ფაქტობრივად აღწერილი (დანართი №16) და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული (დანართი №21) სმფ–ების სრული მონაცემებიდან (ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფ-ების ერთეულის რაოდენობის და პირვანდელი ღირებულების ნამრავლი ჯამისა და ფაქტიურად დაფიქსირებული/აღრიცხული სმფების ერთეულის რაოდენობის და საბაზრო ღირებულების (გადამხდელის მიერ გამოცხადებული/განმარტებული სარეალიზაციო ფასი) ნამრავლი ჯამის თანაფარდობა) გამომდინარე. დანაკლისად მიჩნეულ სმფ-ებზე საბაზრო ფასი განსაზღვრული იქნა შემდეგი პრინციპით: თვითღირებულებას დამატებული ფასნამატი, ვინაიდან მომჩივანი სმფ-ების მოძრაობას (შეძენარეალიზაციას) არ აღრიცხავდა სასაქონლო ნომენკლატურის (დასახელებების) მიხედვით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების თანხობრივმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 67 265,97 ლარი, ხოლო სმფ-ების ფაქტიურმა ნაშთმა 40 282,54 ლარი თვითღირებულებით, რაზედაც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. საინვენტარიზაციო კომისიამ შეადარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტობრივი მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 26 983,43 ლარის ოდენობით და აღურიცხველი სმფ-ები საბაზრო ფასებით 46 741,2 ლარის ოდენობით, რაზეც არ იქნა წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სმფ-ების ინვენტარიზაციის ოქმის პროექტს. აღნიშნა, რომ მათ მიერ ვერ განხორციელდა ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა და მოითხოვა დამატებითი ვადა დოკუმენტაციის სრულყოფილად წარსადგენად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 20.08.2022 წლის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა 5 სამუშაო დღე რათა წარედგინა მისი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელთა განხილვის და გათვალისწინების შედეგად შემცირდა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხები, ასევე შეიცვალა საშუალო შეწონილი ფასნამატი, ნაცვლად 33,8%-ისა დადგინდა 33,5%.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას და ასევე, მედიაციის საბჭოს ფორმატში საჩივრის განხილვისას მომჩივნის მიერ წარდგენილი არ იქნა მის მიერ მითითებული მეწარმისთვის ჩუქებით გადაცემული საქონლის აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდა საშუალო შეწონილი ფასნამატის და ოქმის პროექტით გათვალისწინებული სანქციის ოდენობის კორექტირება.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №CB1338741 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული სანქციის ნაცვლად, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით გათვალიწინებული გაფრთხილება. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1554 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე4 და მე-10 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადამხდელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო 14.06.2022 წელს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 9.01.2023 წელს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელ მიზეზთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს საჩივარი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

23.02.2023 წელს წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1554 ბრძანება გაუგებარია, ან არ კითხულობენ საჩივრის შინაარს ან შეგნებულად ცდილობენ დამალონ თავიანთი თანამშრომლების სადამსჯელო ღონისძიებები, რომელიც განახორციელეს, 3 თვის გახსნილ მაღაზიაში რა უნდა გაკეთებულიყო ისეთი, რომ ასეთი დანაკლისი და ზედმეტობა ყოფილიყო, მართლაც გაუგებარია. უფლებების დასაცავად და სამართლიანი შედეგის დადგომისთვის კვლავ გააგრძელებს „ბრძოლას“.

უნდა გაუქმდეს უსაფუძვლოდ შედგენილი საკონტროლო შესყიდვის ოქმი №763728, სამართალდარღვევის ოქმები №1402555 და №1402560. ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმი №15, შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1554 ბრძანება, მხედველობაში იყოს მიღებული წარდგენილი მტკიცებულებები და საქმე დაუბრუნდეს ხელახალ განხილვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №17274-21-12 წერილის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №CB1338741 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო ოქმის შედგენის დღეს 14.06.2022 წელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.06.2022 წლის №CB1338741 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 14.07.2022 წელს. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება მომჩივანმა მოითხოვა საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილი (რეგ. 6.01.2023 წ. №326278) 9.01.2023 წლის №830/01 საჩივრით/განცხადებით.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1554 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოება

1,ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სმფ-ების ინვენტარიზაციის ოქმის პროექტს. გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელთა განხილვის და გათვალისწინების შედეგად შემცირდა ოქმის პროექტით დასარიცხი თანხები, ასევე შეიცვალა საშუალო შეწონილი ფასნამატი.

2.საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელ მიზეზთან დაკავშირებით,გადაწყვეტილება

1.გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდა საშუალო შეწონილი ფასნამატის და ოქმის პროექტით გათვალისწინებული სანქციის ოდენობის კორექტირება.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8 (11) (22); 44 (1) (3) (9); 270 (1) (2); 281 (3); 286 (4) (9); 299 (4) (10); 301 (ე).