ბრძანება N 8578
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8578
20.04.2023
შპს „--“-ის (ს/ნ ---)
(მის.:---)2022 წლის 11, 18 და 22 აგვისტოს საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლისა და 23 მარტის სხდომებზე (ოქმი №17 და №30) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2022 წლის 11 აგვისტოს №CA0041227064632, №CA0041227064935, 18 აგვისტოს №CA0041227064935/05 და 22 აგვისტოს №CA0041227064935/09 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №094-61 და 2 აგვისტოს №094-71 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №094-61 და 2 აგვისტოს №094-71 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ დარიცხვები არის უკანონო, დაუსაბუთებელი და კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით წარმოდგენილი. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე და აცხადებს, რომ ხსენებული აქტების გამოცემისა და გადამხდელისთვის მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადები გასულია. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისის №094-61 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ 2007-2013 წლების პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შესაბამისად დარიცხული თანხები დააკორექტირა 2022 წლის 16 ივნისს, საფუძვლად კი 2016 წლის უზენაესი სასამართლოს განჩინება დაუდო. შესაბამისად, დაირღვა ხანდაზმულობის ვადები. ამასთანავე, 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით მოვალის მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი და შემოსავლების სამსახურს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები უნდა წარედგინა არა მოვალისთვის, არამედ გაკოტრების მმართველისთვის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში. ასევე, აცხადებს, რომ ვინაიდან 2021 წლის 29 ივლისიდან მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, როგორც კანონი, ისე სასამართლო განჩინება ცალსახად ადგენს მორატორიუმის ღონისძიების გამოყენებას, რომელიც პირდაპირ აჩერებს გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების სასამართლოში, არბიტრაჟში ან ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვას და კრძალავს ახალი დავების დაწყებას. ამდენად, გადამხდელი განმარტავს, რომ დარღვეულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილის უგულებელყოფით დაარიცხა გადამხდელს საურავი. აღნიშნულ დარიცხვებთან დაკავშირებით, მომჩივანი დამატებით განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დღემდე მიმდინარეობს სასამართლო დავა მოვალესა და საგადასახადო ორგანოებს შორის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე ახალი დარიცხვა წარმოედგინათ გადასახადის გადამხდელისათვის.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №094-61 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის №ბს-315-313 (3კ-16) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და შპს „---“-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის №3ბ/1654-15 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „---“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 3 ოქტომბრის №48941 ბრძანება დღგ-ის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 3 ოქტომბრის №562 საგადასახადო მოთხოვნა დღგ-ის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 31 დეკემბრის №69501 ბრძანება დღგ-ის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 11 მარტის №13987 ბრძანება დღგ-ის ნაწილში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
გადაწყვეტილების თანახმად:
„სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო ოპერაცია არ წარმოადგენს ბარტერულ (გაცვლით) ოპერაციას, მაგრამ საქმის მასალებით ვერ დგინდება, აღნიშნული ოპერაცია რა სახის საგადასახადო ოპერაციას წარმოადგენს და იგი უნდა დაიბეგროს თუ არა დღგ-ით საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე აპელანტების წარმომადგენლებმა მიუთითეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. აპელანტების წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ოპერაცია რომც არ ჩაითვალოს ბარტერულ (გაცვლით) საგადასახადო ოპერაციად, იგი ყველა შემთხვევაში წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. აპელანტების წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ოპერაცია საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად შესაძლებელია დაბეგრილიყო ბევრად უფრო მეტი თანხის დღგ-ით, ვიდრე დაიბეგრა, როგორც ბარტერული ოპერაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და შეფასების დროს, შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, სადავო ოპერაცია ანუ შპს „---“-ის მიერ განხორციელებული მომსახურების, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის, როგორც ამხანაგობის წევრის შენატანის სახით შეტანა, რის საფუძველზეც განისაზღვრა საწარმოს მიერ მომავალში წილის პროპორციულად მისაღები ფართების ოდენობა, ზოგადად რა სახის საგადასახადო ოპერაციას წარმოადგენს და ექვემდებარება თუ არა დღგ-ით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების საფუძველზე.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის №--- განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის №--- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 16 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლითაც შპს „---“-ს (ს/ნ ---) შეუმცირდა სულ 331 575 ლარი, მათ შორის გადასახადი 85 783 ლარი, ჯარიმა 245 792 ლარი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლითა და მე-3 მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე და 932-ე მუხლებით. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგინდა, რომ ამხანაგობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და მას არ გააჩნია კაპიტალი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ჩანაწერით გამოდის, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 აგვისტომდე არსებულ რედაქციაში აქტივის მიწოდება შენატანის სახით საწარმოს კაპიტალში არ გულისხმობდა ამხანაგობაში განხორციელებულ შენატანს. აქედან გამომდინარე, 2010 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებული რედაქციით მოხდა აღნიშნულ ნორმაში ამხანაგობის ჩამატება და შესაბამისად, განხორციელებული შენატანის ჩათვლა არადასაბეგრ ოპერაციად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ ამხანაგობა „---“-ში შპს ,,--“-ის მიერ განხორცილებული მომსახურების, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის, როგორც ამხანაგობის წევრის შენატანის სახით შეტანა, რომელიც ხორციელდება დროთა განმავლობაში, საგადასახადო მიზნებისთვის იბეგრება განსხვავებულად პერიოდების მიხედვით. კერძოდ, პირველი შენატანის ოდენობა 2010 წლის მარტის მდგომარეობით წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას, კერძოდ, შპს „---“-სთვის ვერ დადგებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები (დასაბეგრ ოპერაციად არ ითვლება აქტივების მიწოდება შენატანის სახით სხვა საწარმოს საწესდებო კაპიტალში). შესაბამისად, ამხანაგობაში შენატანი თავის მხრივ წარმოადგენს შპს „---“-სთვის დასაბეგრ ოპერაციას და არ თავისუფლდება დღგ-სგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის ჩანაწერით. 2010 წლის პირველი აგვისტოს შემდგომ პერიოდებში განხორციელებული შენატანი არ წარმოდგენს დასაბეგრ ოპერაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 247-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ასეთ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოყენებულ საქონელზე/მომსახურებაზე, ჩათვლილი დღგ არ ექვემდებარებოდა გაუქმებას. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში თავისუფლდება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი ბარტერის ნაწილში და გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვა 2010 წლის მარტის საანგარიშო პერიოდისთვის, კერძოდ, შენატანის განხორციელების მომენტში. ამასთან, შენატანის განხორციელება დასტურდება კომპანიის მიერ შესყიდული სამშენებლო მომსახურების შეძენის ფაქტით, რომელზეც მიღებულია საგადასახადო ანგარიშ-ფატურა და რომელიც ჩათვლილია ამავე პერიოდში. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დღგ 85 782 ლარის ოდენობით და ჯარიმა 245 792 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №094-71 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №21137 ბრძანების საფუძველზე შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №21137 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს 2016 წლის 28 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 2 აგვისტოს №094-71 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმებამ შეისწავლა სადავო საკითხი (საკითხი შეეხებოდა უსასყიდლოდ გადაცემული ფართების საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას). კერძოდ, როგორც გადასახადის გადამხდელი არაერთხელ აღნიშნავდა საჩივრებში, კომპანია აღარ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას (შეჩერებული იყო) 2012 წლიდან. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თემებთან დაკავშირებით კი მოთხოვნის ნამდვილობა დასტურდებოდა წინა პერიოდებზე გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტის დანართებით (2013 წლის 27 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი). კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დებიტორ/კრედიტორების შესახებ ცნობებში, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იყო გადამხდელის წარმომადგენლის მიერ, ფიზიკურ პირ --- და ---ნამდვილად ჰქონდათ ვალდებულება საწარმოს მიმართ (დაბეგრილი თანხის ოდენობით) და აღნიშნული მოთხოვნის ანაზღაურება არ მომხდარა არც მიმდინარე საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში. აქედან გამომდინარე, გადამხდელის განცხადება, რომ აღნიშნული თანხები ანაზღაურებული იყო ფართების გადაცემის მომენტში უსაფუძვლოა, ვინაიდან ფაქტი არ დასტურდება არცერთი შემოწმების მასალებით, ბუღალტრული მონაცემებით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშებითა და საბანკო ამონაწერებით და არც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ცნობით.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არ მოუხდენია არანაირი რეაგირება მოთხოვნის ამოსაღებად, ასევე, შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა და არ დასტურდებოდა თანხის მიღების ან ჩამოწერის ფაქტი, საგადასახადო შემოწმების აქტით მოხდა აღნიშნული ოპერაციის უსასყიდლოდ ქონების გადაცემად დაკვალიფიცირება და თანხები დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. რაც შეეხება დივიდენდის განაწილების საკითხს და გაუნაწილებელი მოგების არსებობას, შემოწმებით მოცული პერიოდების გათვალისწინებით, კომპანიას გააჩნდა გაუნაწილებელი მოგება (მათ შორის თავისივე დეკლარირებული მონაცემებითაც), რომელიც არ განაწილებულა არცერთ პერიოდში. ასევე, გადამხდელს დამატებით დოკუმენტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია არცერთ საკითხთან მიმართებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე აღნიშნული რეჟიმების დაწყებამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავის დარიცხვა წყდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად: საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №094-61 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
(თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით), შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შესწავლილ იქნა შპს „---“-ის მიერ განხორციელებული მომსახურება რა სახის ოპერაციას წარმოადგენდა და ექვემდებარებოდა თუ არა დღგ-ით დაბეგვრას. კერძოდ, შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ განხორციელებული პირველი შენატანის ოდენობა 2010 წლის მარტის მდგომარეობით წარმოადგენდა დასაბეგრ ოპერაციას შესაბამის პერიოდში მოქმედი 225-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნორმის შინაარსის გათვალისწინებით. 2010 წლის პირველი აგვისტოს შემდგომ პერიოდებში განხორციელებული შენატანი კი არ წარმოდგენდა დასაბეგრ ოპერაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 247-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ასეთ ოპერაციებთან დაკავშირებით გამოყენებულ საქონელზე/მომსახურებაზე, ჩათვლილი დღგ არ ექვემდებარებოდა გაუქმებას. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, 2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში თავისუფლდებოდა დღგ-საგან ჩათვლის უფლებით. ამასთანავე, ითვლებოდა, რომ აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა.
შესაბამისად, აღნიშნული ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით ბარტერის ნაწილში დარიცხული გადასახადი და გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვა 2010 წლის მარტის საანგარიშო პერიოდისთვის, კერძოდ შენატანის განხორციელების მომენტში. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №094-71 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის არგუმენტები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად:
„საბჭო მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ მომჩივნის მიერ აღნიშნული მოთხოვნები ჩამოწერილია მაშინ ადგილი აქვს ვალის პატიებას, შესაბამისად, შესწავლას საჭიროებს საკითხი ფიზიკური პირისთვის ვალის პატიება წარმოადგენს თუ არა გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ობიექტს, ამასთან, რაც შეეხება დამფუძნებლის მიერ მიღებულ დივიდენდად განხილვას, შესწავლას საჭიროებს საზოგადოებას ჰქონდა თუ არა გაუნაწილებელი მოგება, შესაფასებელია საზოგადოებას რამდენად ჰქონდა დივიდენდის გაცემის ვალდებულება.“
კერძოდ, გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით დადგინდა, რომ მოთხოვნის ნამდვილობა დასტურდებოდა წინა პერიოდებზე გამოცემული საგადასახადო შემოწმების აქტის დანართებითაც. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დებიტორ/კრედიტორების შესახებ ცნობებში, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმული იყო გადამხდელის წარმომადგენლის მიერ, ფიზიკურ პირებს, --- და ---- უფიქსირდებოდათ ვალდებულება საწარმოს მიმართ (დაბეგრილი თანხის ოდენობით). ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის ანაზღაურება არ მომხდარა არც მიმდინარე შემოწმებით მოცულ პერიოდში. ამდენად, გადამხდელის არგუმენტი რომ ფართების გადაცემის მომენტში მოხდა თანხების ანაზღაურება ვერ დადასტურდა ვერც შემოწმების მასალებით, ბუღალტრული მონაცემებით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშებით, საბანკო ამონაწერებით და არც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცნობით. ვინაიდან გადამხდელს თანხის ამოსაღებად არანაირი რეაგირება არ მოუხდენია, ასევე, შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა და ვერ დადასტურდა თანხის მიღების ან ჩამოწერის ფაქტი, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული ოპერაციის კვალიფიკაცია (უსასყიდლოდ ქონების გადაცემა) დარჩა უცვლელი. ასევე, შემოსავლების ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმებამ შეისწავლა დივიდენდის განაწილებისა და გაუნაწილებელი მოგების არსებობის საკითხი და დაადგინა, რომ კომპანიას გააჩნდა გაუნაწილებელი მოგება (მ.შ. დეკლარირებული მონაცემებითაც), რომელიც არ განაწილებულა არცერთ პერიოდში.
გადამხდელის არგუმენტი წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.
რაც შეეხება გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნებით განსაზღვრულ საურავთან დაკავშირებით, გადამხდელის არგუმენტს, რომ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები და საწარმოს საურავი ერიცხება გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემდგომაც, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „--“-ის (ს/ნ ---) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ 2021 წლის 29 ივლისის №--- განჩინების გამოქვეყნების თარიღისთვის, 2021 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 1 373 544 ლარს, რაც გადატანილი იქნა საურავის არდარიცხვის რეჟიმში და დღეისთვის ასახულია შედარების აქტის გადავადებული აღიარებული ვალდებულებების გრაფაში. ამდენად, შპს „--“-ის (ს/ნ ---) შემთხვევაში გაკოტრების რეჟიმის დაწყებამდე არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე შეწყვეტილია საურავის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნებისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----“-ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №094-61 და 2 აგვისტოს №094-71 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ივნისის №094-61 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის №ბს-315-313 (3კ-16) განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და მომჩივნის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის № 3ბ/1654-15 გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №094-71 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს №21137 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს 2016 წლის 28 დეკემბრის შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 2 აგვისტოს №094-71 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21); 272 (3); 4 (11).
2021 წლამდე მოქმედი 168 (9).