ბრაძანება N 3165
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრაძანება N 3165
21.02.2023
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(ფაქტ. მის.: „--------“;
იურ. მის.: „--------“)
2022 წლის 10 ნოემბრის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 და 16 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №11 და №14) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2022 წლის 10 ნოემბრის №204738/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ოქტომბრის №006-465 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემული სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს, რომ 2012-2015 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გრაფა 27-ში, ასახული აქვს არარეზიდენტ კომპანიაზე სესხის პროცენტი განაცემების სახით. განმარტავს, რომ აღნიშნული არარეზიდენტი პირი არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეზიდენტი იურიდიული პირი, ვისთანაც მოქმედებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულება. მიუთითებს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგინა არარეზიდენტი პირისგან მოწოდებული რეზიდენტობის ცნობა (ფორმა №1) და ასევე ცნობა პროცენტის გერმანიაში დაბეგვრის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი განმარტავს, რომ არ ეკუთვნოდა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადის არც დარიცხვა და არც გადახდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 მაისის №11235 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შეთანხმების პირობების მიხედვით, არარეზიდენტ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაკავების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს, საკანონმდებლო ცვლილებების (2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილება) გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით დარიცხული საურავის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 მაისის №11235 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 13 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 21 ოქტომბრის №006-465 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს დამატებით ინფრომაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა კორექტირებას/გადაანგარიშებას. ამასთან საურავის გაანგარიშებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საურავის გადაანგარიშება და შემცირება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროგრამულად და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება შესაბამისი კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციის ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმების გამოყენება და საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით, კერძოდ: საქართველოს რეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №1 „საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“ და ფორმა №4 „რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა“.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფრომა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს ფორმა №1-ის შევსების წესს.
“საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ” შეთანხმების მე-11 მუხლის (პროცენტი) პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.
აღნიშნული შეთანხების ოქმის მე-3 პუნქტის თანახმად, შეთანხმების მე-10 და მე-11 მუხლების დებულებების მიუხედავად, დივიდენდი და პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიშვენ, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ისინი:
ა) ეყრდნობიან უფლებებს ან სავალე მოთხოვნებს, რომლებიც ითვალისწინებენ მოგებაში მონაწილეობას, ცრუმაგიერი მონაწილის შემოსავლის ჩათვლით, რომელსაც იგი იღებს თავისი წილობრივი მონაწილეობიდან ცრუმაგიერი მონაწილის სტატუსით, შემოსალებს კრედიტებიდან (სესხებიდან), რომელთაც გააჩნიათ მოგებაში მონაწილეობის უფლებამოსილება, ასევე მოგებაში მონაწილეობის უფლების მქონე ობლიგაციებიდან გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგადასახადო კანონმდებლობის გაგებით და
ბ) ექვემდებარებიან გადამხდელის მოგების გაანგარიშების დროს დივიდენდის ან პროცენტის თანხების გამოქვითვას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების ოქმის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს ზოგადი წესისგან, რომლის მიხედვითაც პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიშვენ, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, პროცენტი შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, თუ იგი საქართველოშია წარმოშობილი და საგადასახადო შემოწმებისას დადგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია ხსენებული შეთანხების ოქმის მე-3 პუნქტით გათვალისიწინებული ორივე პირობა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ სრულდება აღნიშნული ოქმის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ორივე პირობა და აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემული სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არამართლზომიერია
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.